დე, არ წახვიდე, დე, მაპატიე, დე გთხოვ... მკოცნის, მეფერება წლების წინ შვილმა გამაბრაზა და გავბრაზდი (ხომ ლოგიკურია) დავიწყე წიოკი...
ჩემს არც ერთ შვილს ხმისთვის არ აუწევია ჩემთან კამათისას და ამ შემთხვევაშიც, თავს იმართლებდა, მაგრამ მაინც თავის აზრზე რჩებოდა და არ მეპუებოდა...
ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ ცეცხლს ვაფრქვევდი.
„მარტომ გაგზარდეთ, წვალებით და ჩემი ცხოვრება თქვენ შეგალიეთ, მაგრამ უმადურები ხართ“ - ამის მსგავსი სავალდებულო ტექსტები მოვილიე (გეცნოთ ალბათ ბევრს) და მაინც ვერ დავწყნარდი, მეცოტავა...
- ახლა მე წავალ სახლიდან, გავთხოვდები, ჩემს ცხოვრებას მივხედავ, დაგყრით უპატრონოდ და ჩემს ფასს მერე გაიგებთ, - ახალი აზრი მომივიდა და დავემუქრე, რომ ძალიან ენანა.
წარმოიდგინეთ ახლა, მე რომ ბედნიერად გავთხოვდებოდი, ფუფუნებაში ვიცხოვრებდი და ჩემი შვილები 1 კვირის ნაყიდ პურის ქერქს დაღრღნიდნენ და მიხვდებოდნენ, რა დაკარგეს.
მოკლედ, გამოვიძახე ტაქსი (მანქანა რატომ არ მიმყავდა მზითევში, არ მახსოვს) და დავიწყე მზადება...- პირველივე შემხვედრს გავყვები, - დავაზუსტე ალბათ იმის მერე, როცა საქმროების რეალურ „არსენალს“ თვალი გადავავლე და არც ერთი არ დამესახა მომავალ ქმრად.
ქუჩაში რომ გახვალ და პირველივე შემხვედრს გააჩერებ, - ცოლად უნდა გამოგყვეო, - ხომ წარმოგიდგენიათ.
სანამ მე დავდივარ უაზროდ ოთახში, ტაქსის მოლოდინში, ეს ჩემი შვილი დამყვება და - დე, არ წახვიდე, დე, მაპატიე, დე გთხოვ... მკოცნის, მეფერება...
- უნდა წავიდე, ვთხოვდები! - ძალიან დამაჯერებლად ვეუბნები, კი არ ვეუბნები, ვკივი.
მოვიდა ტაქსი და გადამიდგა შვილი წინ, - არ გაგიშვებო... ხელებზე მკოცნის, მაწყნარებს.
- ნუ, დროებით დავრჩები, კიდევ მაქვს შენთვის სათქმელი-მეთქი.
ჩავიდა, ტაქსს გამოძახების ფული გადაუხადა და გაუშვა.
მობრუნდა და გავაგრძელე ჩხუბი... ისევ ავპილპილდი ნელნელა, თან ვტირი რა თქმა უნდა, თვალები დასიებული, ტუჩები დასიებული, თმა - ყალყზე. ასე მივდიოდი გასათხოვრად.
და ისევ გადამეკეტა...
- მივდივარ, ვთხოვდები! - გამოვაცხადე და ტასი გამოვიძახე ხელახლა...
ტირილისგან ხმა მაქვს ჩახლეჩილი, ჩავაწერინე მისამართი...
- სად მიდიხართ, ქალბატონო? - ოპერატორი მეკითხება.
- ვთხოვდები-მეთქი, ვუპასუხე - ეს მეტ დამაჯერებლობას სძენდა ჩემს მანამდე გაჟღერებულ გეგმას.
მოკლედ, მეორედაც დამიყოლია დარჩენაზე, ისევ გადაუხადა გამოძახების ფული და ასე განმეორდა მესამედაც და მეოთხედაც რომ გამოვიძახე ტაქსი და ჩახლეჩილი ხმით მისამართი ვუთხარი, ოპერატორმა უარი მითხრა მომსახურებაზე...
- თქვენ მთვრალი ხართ ქალბატონო და ვერ არკვევთ, გათხოვება გინდათ თუ არა და დაიღალნენ მძღოლები თქვენთან სიარულითო.
მთვრალიოოო?! არ მოგემსახურებიო?!
გადამეკეტა. ოფისის მისამართი გამოვართვი, ფეხზე ჩავიცვი და მივადექი (რაც მთავარია - ჩემი მანქანით)
დაცვა არ მიშვებდა, მაგრამ ძალიან მტკიცედ ვუთხარი, რომ სანამ არ დავამტკიცებდი, რომ მთვრალი არ ვიყავი, მანამდე არსად წავიდოდი.
ეს იმ წუთში ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად გადამექცა და მზად ვიყავი, სისხლი დამეღვარა, ოღონდ ჩემი გამეტანა.
ალბათ შვილთან რომ ვერ გამქონდა, სადაც სუსტი რგოლი ვნახე, იქ ვეძგერე.
ნუ... „ვიდი“ ისეთი მქონდა, ცოტა ძნელი დასაჯერებელი იყო ჩემი სიფხიზლე, მაგრამ შევხვდი იმ ოპერატორ გოგოს, „დავუმტკიცე“, რომ ფხიზელი ვიყავი, დავანამუსე, რომ შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენებინა, მამიდაშვილის ტოლი ქალისთვის და წამოვედი...
დავწყნარდი, დავმშვიდდი ამის მერე და გათხოვებაც გადავიფიქრე.
იმის მერე (არც მანამდე) მასე არ გავბრაზებულვარ და იმედია, აღარც გავბრაზდები.
მარი ჯაფარიძე