ბავშვს ფრჩხილები კი არ უნდა დააჭრა, უნდა დააკვნიტო... აქ მხოლოდ ბებიები არ იგულისხმებიან – შეიძლება, მეზობელმა ან ნათესავმაც გირჩიოთ, როგორ არის თურმე უკეთესი შვილის გაზრდა და რა დროს როგორ უნდა მოიქცეთ. სინამდვილეში, ეს ხშირად ისეთი რჩევებია, რომელთა შეუსრულებლობა კი არა, შესრულებაა უფრო ცუდი. ვნახოთ ის აბსურდული რჩევები, რასაც "გამოცდილი" ქალბატონები აძლევენ ხოლმე "ახალბედა" დედებს და ხშირად, ვაღიაროთ, ნერვებსაც კი უშლიან ამით.
1. ბავშვს ფრჩხილები კი არ უნდა დააჭრა, უნდა დააკვნიტო.
2. ფეხები უნდა მაგრად შეუკრა, რომ სწორი ჰქონდეს.
3. თავი რომ კარგი ფორმის უნდა ჰქონდეს, ჩაჩი უნდა დაახურო.
4. პამპერსის ხმარება არ შეიძლება – ბავშვს ფეხები დაეგრიხება.
5. მასაჟის გაკეთება არ შეიძლება – ღვიძლი დაზიანდება.
6. ჩაჩი (ან სხვა ქუდი) ბავშვს იმისთვისაც სჭირდება, რომ ყურპარტყუნა არ გამოვიდეს.
7. თუ ბავშვს პირღია სძინავს, ქვედა ყბა უნდა დაუმაგრო (დიახ, ასეთ რამეებსაც ამბობენ ხოლმე).
8. ბავშვს ახალი სამოსი არ უნდა ჩააცვა, მხოლოდ გარეცხილი – ასე ქსოვილი უფრო რბილდება.
9. თუ ქუჩაში ბავშვი ვინმემ შეაქო ან თქვა, რა საყვარელიაო (ჩვილზეა ლაპარაკი), გულში უნდა თქვა: შენი თვალი მას არ მოხვდესო. ან რაღაც ამგვარი.
10. როცა ბავშვი ტირის, ხელში არ უნდა აიყვანო, თორემ მიეჩვევა ხელში ჭერას.
ასეთი კიდევ ბევრი რჩევა და აბსურდული რეკომენდაციაა. ველით თქვენს ვარიანტებს, რომლების მოსმენაც მოგიხდათ სხვებისგან.