მაგრამ მშობიარობის შემდეგ, როგორც კი ბავშვს დაინახავენ, ყველაფერი ავიწყდებათ ხოლმე საახალწლო დღეებში ყველა აფასებს განვლილ წელს, ძირითადად, კარგ ამბებს იხსენებენ. ექიმებსაც აქვთ თავიანთი სახალისო მოგონებები, განსაკუთრებით - მეან-გინეკოლოგებს, რომლებსაც წილად ერგოთ ბედნიერება, ახალი სიცოცხლის გაჩენის უშუალო მონაწილენი იყვნენ. სახალისო ამბებს ლიკა ლუაშვილი გვიამბობს:
- მოსაგონარი ბევრია, ერთ-ერთს გავიხსენებ. ერთ მშობიარეს გულშემატკივრები არ ახლდნენ და რომ იმშობიარა, გადავწყვიტეთ, მეუღლესთვის ტელეფონის საშუალებით მიგველოცა ბავშვის დაბადება. ღამის 4 საათი იყო. ავკრიფეთ ნომერი. ხანგრძლივი ზარის შემდეგ მძინარე და გაბრაზებული ტონით მპასუხობს მამაკაცი, რომელსაც აღფრთოვანებული ხმით ვულოცავ შვილის შეძენას. იქიდან კი გაოგნებული ადამიანის და მისი სასოწარკვეთილი მეუღლის კივილი ისმის „რა შვილი? რის შვილი? ვისგან?“ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მშობიარეს ციფრთა კომბინაცია შეეშალა და მეუღლის ნაცვლად უცხო ადამიანი გავხადეთ „მამა" (იცინის).
- რას ამბობენ ყველაზე ხშირად მშობიარე ქალები, რაზეც მერე ექიმებს ეცინებათ ხოლმე? გამიგონია, რომ არის შემთხვევები, ამ დროს ქმრებს სწყევლიან ან ამბობენ, მეტს აღარ გავაჩენთო...
- კი, ხდება ხოლმე. მშობიარეები ყველაზე ხშირად აპროტესტებენ ზოგადად გამრავლების ფუნქციას და ამბობენ, არასდროს გავაჩენ მეორე ბავშვსო. მაგრამ მშობიარობის შემდეგ, როგორც კი ბავშვს დაინახავენ, ყველაფერი ავიწყდებათ ხოლმე და საბედნიეროდ, რამდენიმე თვეში ისევ ორსულის ამპლუაში გვიბრუნდებიან.
- ახალი წლის ღამეს ან სადღესასწაულო დღეებში თუ გყოლიათ მშობიარეები და როგორ გაიხსენებთ გამორჩეულ საახალწლო მორიგეობას?
- თითქმის ყოველ წელს მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც მინდა, ჩემს ოჯახთან გავატარო ახალი წელი და არა სამშობიარო ბლოკში. მე მიმაჩნია, რომ პროფესიის და პაციენტის სიყვარული არანაკლებია ოჯახზე. ჩემი ოჯახის წევრები ყოველ წელს მემდურებიან, თუმცა გაგებით ეკიდებიან ჩემს საქმიანობას.
ახალი წლის ღამეს მორიგეობა უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე სხვა დროს. ახალი სიცოცხლე და ახალი წელი ხშირ შემთხვევაში ერთად იბადება ხოლმე. გასულ წელსაც საქართველოში პირველი ბავშვი 00 საათსა და 01 წუთზე დაიბადა. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტია.
სალომე გორგოშიძე