31 დეკემბერს ყველა იმედოვნებდა, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ პირველ იანვარს ძველის გაგრძელების თავიც არა აქვს უმეტესობას 31 დეკემბერს ყველა იმედოვნებდა, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ პირველ იანვარს ძველის გაგრძელების თავიც არა აქვს უმეტესობას.
პირველი იანვარი ყველაზე მოკლე დღეა - საღამოს 4-5 საათზე იწყება
ძველით ახალი წელი ადამიანებმა იმისთვის მოიგონეს, რომ ახალი წლისთვის გაკეთებული კერძები ბოლომდე შეიჭამოს
ვისაც "საბჭოთა" სკოლაში უსწავლია, ყველას ექნება ჩაბარებული ნორმატივი, რომელსაც მშთ ერქვა. ვისთვისაც ეს გაუგებარია, ავხსნი: "მშთ" იშიფრება ასე - "მზად ვარ შრომისა და თავდაცვისათვის" და ამ ნორმატივის ჩაბარება ფიზკულტურის გაკვეთილზე ხდებოდა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში (მაგალითად, 100 მეტრზე სირბილი, 500 მეტრზე სირბილი, სიგრძეზე ხტომა, სიმაღლეზე ჭოკით ხტომა და სხვ.) გამოცდა უნდა ჩაგებარებინა. თუ დაძლევდი, ნიშანსაც მიიღებდი და მშთ ნორმატივიც ჩაბარებულად ჩაგეთვლებოდა. თუ არა და - "საშემოდგომო" გამოგყვებოდა.
წინასაახალწლო მზადების დროს ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველანი ნორმატივს ვაბარებთ, ოღონდ მშთ-ს კი არა - მქპ-ს (მზად ვარ ქეიფისა და "პახმელიისთვის") და მთელი მონდომებით ვემზადებით, რომ საშემოდგომო არ გამოგვყვეს.
ყველა ფაციფუცობს, ყველგან უამრავი ადამიანია, ქალაქში - საცობები, დიდ სუპერმარკეტებში გასავლელი ადგილიც აღარაა. იყიდება ყველაფერი - ხორცი, ყველი, ლიმონათი, ნაძვის ხეები, საჩუქრები, თოვლის ბაბუები, ნაძვის მოსართავი სათამაშოები, ნათურები და ბენგალიური შუშხუნები...
ყველანი ვფიქრობთ, რომ სწორედ აი, ამ ახალი წლიდან შეიცვლება ცხოვრება და ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნება... იმედიანად შევყურებთ ახალი წლის შემობრძანებას, სანუკვარ სურვილებს ვუთქვამთ... იმისათვის, რომ სურვილები ასრულდეს, სხვადასხვაგვარი "რიტუალიც" კი არსებობს. გასათხოვარი ქალბატონებისთვის ზუსტად 12 საათზე მაგიდის ქვეშ შეძრომაა "რეკომენდებული", რომ ბედი გაეხსნათ და მამაკაცთა ხროვას (ამ შემთხვევაში მგლის ხროვასთან ასოციაციას ვახდენ და არ უნდა ეწყინოს ძლიერ სქესს) "ჩამორჩენილი", თუნდაც "დასუსტებული" წევრის გულის მოგება შეძლონ.
ვისაც სიმდიდრე, კარიერული წინსვლა ან სხვა მნიშვნელოვანი სურვილი აქვს, სანამ საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, სურვილი ქაღალდზე უნდა დაწეროს, დაწვას, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყაროს და ჭიქის ბოლომდე გამოცლა მოასწროს.
თოვლის ბაბუასთვის წერილის მიწერა ხომ ძალიან დიდი ხნის ტრადიციაა... და როგორც ჩანს, ეს უფრო ჭრის, რადგან სურვილები ბავშვებს უფრო უსრულდებათ...
ახალი წლის წინა დღეებში ქალაქში რომ გავივლი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მთელი წელი სწორედ ამ დღისთვის ვცოცხლობდით...
გაგრძელება