ბავშვის დაბადების პლუსები, ანუ ის, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულხართ ბავშვის დაბადების პლუსები, ანუ ის, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულხართ და რის გაგებაც ალბათ, გაგახარებთ და კიდევ მეტ სტიმულს მოგცემთ:
1. არ უჩივი უძილობას – როგორც კი დედა სადმე იპოვის თავის მისადებს, მაშინვე ეძინება. უფრო მეტიც, გამოცდილ დედებს ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლიათ ძილი.
2. მატულობს სიფხიზლე – ბევრ დედას შეუძლია, ერთდროულად ბავშვს ეთამაშოს, თან აჭამოს და თან ქმრისთვის კერძის მომზადება დაასრულოს.
3. ყველა საქმე უფრო სწრაფად კეთდება – ბავშვი გასწავლის, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად და გულმოდგინედ უნდა აკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მოასწრებ. ამიტომაც, იოლად გადადიხარ ერთწუთიან სადილობაზე, ერთწუთიან ტუალეტზე, ხუთწუთიან ბანაობაზე და ამდენივე დროში სახლის დალაგებაზე. დანარჩენი დრო მთლიანად ბავშვს სჭირდება.
4. ფიზიკური ვარჯიში – სატრენაჟორო დარბაზი სულაც არ არის საჭირო. ხელები კარგად ვარჯიშდება, როცა ბავშვს ხელით დაატარებ, პრესი – როცა დღეში ასჯერ (ან მეტჯერ) იხრები ძირს დაგდებული სათამაშოებისთვის, ძალა – როცა ეტლს დაატარებ.
5. ვითარდება ექსტრასენსორული შესაძლებლობები – ასეთი უნარების გარეშე ნამდვილად რთული იქნებოდა იმის გაგება, თუ რა სურს ბავშვს და როგორ უნდა დააკმაყოფილო იგი. ეგ კი არა, დროთა განმავლობაში დედა ბავშვის ტირილის ტონალობითაც კი ხვდება, რა სურს მის შვილს.
6. მშობლები უფრო მარტივად უყურებენ მატერიალურ საკითხებს – ისე აღარ განიცდიან უნიტაზში ჩამხრჩვალი ტელეფონის თუ მოხატული შპალიერის გამო. მთავარია, რომ ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელია. თანაც, სწავლობენ ფულის დაზოგვას და მცირედით დაკმაყოფილებას – ბავშვს ხომ იმდენი რამ სჭირდება.
7. სამუშაოს სიყვარული – ახალგაზრდა მშობლებისთვის სამსახურის გადაფასება ხდება და მას უკვე აღიქვამენ არა როგორც კატორღას, არამედ დასასვენებელ ადგილს.
8. კარიერული წინსვლის სტიმული – დედას ან მამას, რომელიც ოჯახის მარჩენალია, მეტი მოტივაცია უჩნდება, რომ კარიერაში წინ წაიწიოს და მეტად პერსპექტიული სამსახური იშოვოს.
9. საუბრის ახალი თემები – ახლა მშობლებს ყოველთვის აქვთ თემა თანამოაზრეებთან თუ უბრალო შემხვედრებთან სასაუბროდ, გამუდმებით აბამენ ახალ ნაცნობობებს პარკებსა და სკვერებში, პოლიკლინიკებში, ბაღსა თუ სკოლაში.
10. ახალი ემოციები – ძალიან დაღლილ მშობელსაც კი უდარდელად გაეცინება უკბილო ბავშვის გამოხტომებზე და გული სიხარულით აევსება მის თუნდაც პაწაწინა წარმატებებზე.