რა დღეში არიან ამ დროს დედები? შვილები კვირაში 7 დღე თავისუფლები და მოცლილები სხედან სახლშ ზაფხულის არდადეგები ყველა ბავშვისთვის სანუკვარი ხანაა. თავისუფლება, საინტერესო თავგადასავლები, ახალი მეგობრები, არავითარი სწავლა და გაკვეთილის მოყოლა. არდადეგები ხომ ბავშვების საბედნიეროდ მოიგონეს. სამაგიეროდ, რა დღეში არიან ამ დროს დედები? შვილები კვირაში 7 დღე თავისუფლები და მოცლილები სხედან სახლში, ოთახებში დაძრწიან და არ იციან, ენერგია და ფანტაზია რაში დახარჯონ. როგორც წესი, მალე კურორტზე წაიყვანენ და დედა მთელი დღის განმავლობაში მათ განკარგულებაში იქნება.
დედების უმრავლესობისთვის სასტუმროები ხელმისაწვდომი არაა და ამიტომ უცხო გარემოში ბავშვების დევნა და მოვლა თავად უწევთ. ერთმა დედამ ასეთ არდადეგებს ირონიითა და იუმორით სავსე წერილი მიუძღვნა. ამ წერილში ის თავის შვილებს მიმართავს. მისი განწყობა ნამდვილად ნაცნობი იქნება თქვენთვის.
"საყვარელო შვილებო!
როგორც იქნა, გეღირსათ საზაფხულო არდადეგები. ჰოდა აბა თქვენ იცით, არ დამზოგოთ: რაც ხელში მოგხვდებათ, ყველაფერი აურ-დაურიეთ. აქ არ ვარ? მივალაგებ. ცალი წინდა გდია ოთხში? მეორე ალბათ ეზოშია. თქვენ არ შეწუხდეთ, გავალ და მოვძებნი. ნიჟარა ჭუჭყიანი ჭურჭლითაა სავსე? რა პრობლემაა. ვის გაუგია, ბავშვები დედის საქმეს აკეთებდნენ. მე დავრეცხავ, მეტს რას ვაკეთებ.
შემოსასვლელ კარზე მინდოდა მეთქვა... რად უნდა დაკეტვა. მთელი დღე ღია იყოს. შემოვიდეს ვისაც უნდა და აიღოს, რაც უნდა. ეს ხომ ბუნებრივია ჩვენი ოჯახისთვის.
როცა მოგშივდებათ, არ მოგერიდოთ. შემოცვივდით და რამდენი ბავშვიც გინდათ, იმდენი შემოიყოლეთ ეზოდან. სამზარეულო ღიაა ყველასთვის კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. რეჟიმი და წესიერი კვება რა სახსენებელია - ჭამეთ რაც გინდათ და როცა გინდათ. ნაჭამი თეფაშების ალაგება? არა, შვილო, კიდევ კარგი აზრად არ მოგდით, თქვენი დასვრილი რომ მიალაგოთ, ხომ ჩამოხმა დედათქვენი უსაქმურობით. რძე და კარაქი მაცივრის გარეთ დაგრჩათ? გაფუჭდეს, ყიდვა გაგვიჭირდება თუ რა? ფულის საჭრელი მანქანა ახლახან არ შევიძინეთ?
როცა რამის დალევა მოგინდებათ, სუფთა ჭიქა აიღეთ - თქვენს ხელში მაგათ რა გამოლევს. რაც შეიძლება ხშირად მოიყვანეთ ეზოში ახალგაცნობილი ბავშვები და დაე წასვლა ნურც გაახსენდებათ - მანქანა ხომ მყავს, მე დავარიგებ სახლებში. კინოს, პოპკორნის და ნაყინის ფულიც, რა თქმა უნდა, ყოველდღე მზად მაქვს (კიდევ კარგი, ყოჩარად მუშაობს ჩვენი ფულის საჭრელი მანქანა).
ეცადეთ, მაშინ მოგინდეთ ტირილი, როცა ქუჩაში ან მაღაზიაში ვართ. ისტერიკა მოაწყვეთ, ძირს გაგორდით... თავისუფლად გამოხატეთ ემოციები, იყავით ისინი, რაც ხართ.
მზის ქუდს ვერ პოულობთ? რა პრობლემაა, მე ხომ ყოველთვის უნდა ვიცოდე, სად რას მიაგდებთ. დაკარგული ქუდიც ჩემი პრობლემაა.
ყოველდღიურად ბანაობა რა საჭიროა. თქვენ უკეთ არ იცით, რა გჭირდებათ და როდის რა გააკეთოთ? საზაფხულო დავალებები? მოგცლიათ და ეგ არის, ჩემო ჭკუის კოლოფებო. კიდევ ერთი დეტალი... რაც შეიძლება ხშირად გაიკეთეთ ყურსასმენები და მუსიკას ბოლომდე აუწიეთ. ვგიჟდები ისე მომწონს, როცა ბოლო ხმაზე გიყვირით და ვერაფერს გაგებინებთ. ჩემი ყელისა და იოგებისთვის უკეთესი ვარჯიში არ არსებობს. ეს იცოდით?
შვილებო, თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, გპირდებით, ზაფხული დაუვიწყარი იქნება.
იმედი მაქვს, სწორად გამიგეთ.
მიყვარხართ, ჩემო გვრიტებო!
თქვენი დედიკო".