ნამდვილი სკანდალი აგორდა – ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის ცოლის "ტვიტერიდან" გაგზავნილი მესიჯის გამო დედებისთვის ეს ნამდვილად არ არის ახალი თემა - ბავშვების მიერ გაშვებული ზარები, გაგზავნილი მესიჯები – მობილურიდან თუ სოციალური ქსელიდან, სრულიად გაუგებარი თუ სავსებით გასაგები ტექსტებით. ბევრს ეს უწყინარი ხუმრობა მწარედაც კი მობრუნებია – პირადად მომისმენია ამბავი, როგორ გაგზავნა არც ისე პატარა ბავშვმა დედის "ფეისბუქიდან" მესიჯები მის მეგობრებთან, უხამსი სიტყვებით, და სულ გადაჰკიდა მეგობრები. ვისთვის სასაცილოა ეს, ვისთვის – საგანგაშო.
მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებთ. ახლა ის უნდა გიამბოთ, რომ თურმე ამგვარი "ონავრობებისგან" ჩვეულებრივი დედიკოები კი არა, ცნობილი და გავლენიანი ადამიანებიც არ არიან დაცულნი. რამდენიმე წლის წინ ნამდვილი სკანდალი აგორდა – ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის ცოლის "ტვიტერიდან" გაგზავნილი მესიჯის გამო. დიდი ბრიტანეთის მთელი მთავრობა ფეხზე დადგა, გადაწყვიტეს, რომ სარა ბრაუნის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს.
თუმცა ნამდვილი ამბავი სულ სხვაგვარი აღმოჩნდა – სარა ბრაუნის ოთხი წლის ვაჟს არაფრის მთქმელი, თითების არეული მოძრაობებით აკრეფილი ტექსტი fvdfzsrsazxzzxcvbnmadgfhjjkqwrtyuuuiop მაშინ გაუგზავნია დედის გვერდიდან, როცა უფროსები სულ ცოტა ხნით გავიდნენ ოთახიდან. მოგვიანებით პრემიერმინისტრის ცოლს ბოდიშების მოხდაც მოუხდა ამ გაუგებრობის გამო.