როცა ქალებს ასეთი "მძიმე" დროება უდგათ, დროული რჩევები სჭირდებათ როცა ქმარი ფეხბურთის ფანია, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ქალისთვის საკმაოდ რთული განსაცდელია, მით უმეტეს, თუ თავად არ უყვარს ფეხბურთი. მნიშვნელობა არა აქვს, მამაკაცი მშვიდია თუ ფეთქებადი - ჩემპიონატის დროს ყველა ქმარი აუტანლად იქცევა. მართალია, ბოლო დროს ქალებიც არანაკლები ქომაგები გახდნენ, მაგრამ ფეხბურთი დიასახლისების გატაცებად ნამდვილად ვერ იქცევა.
როცა ქალებს ასეთი "მძიმე" დროება უდგათ, ყველაზე მეტად სჭირდებათ დროული და სასარგებლო რჩევები.
ქმარი დროებით დაივიწყეთ
უნდა შეეგუოთ აზრს, რომ ერთი თვის განმავლობაში ქმარი აღარ გეყოლებათ, ან თქვენ აღარ ეყოლებით მას. თუნდაც მატჩი არ მიმდინარეობდეს, მეგომბრებთან მაინც ბოლო მატჩის ეპიზოდების განხილვით იქნება დაკავებული. სცადეთ მედიტაცია, იოგა, წყნარი მუსიკა, სურნელოვანი აბაზანა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ძალების მოკრებაში დაგეხმარებათ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას.
ისარგებლეთ ამ დღეებით და საკუთარ თავს ასიამოვნეთ. მოინახულეთ დაქალები, მოიარეთ სპა-სალონები, ჩაიტარეთ პროცედურები, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით.
განსაკუთრებით ხელსაყრელია სახის გაწმენდა - ამ პროცედურის შემდეგ დარჩენილ სიწითლესა და ლაქებს ქმარი ნამდვილად ვერ შეამჩნევს. სანამ ჩემპიონატი დასრულდება, თქვენ უკვე გალამაზებული იქნებით.
დიდი ფეხბურთი დიდი ფული ღირს
ამ პროცედურებს ფული სჭირდება, რომელიც ქმარს წინასწარ, მატჩის დაწყების წინ უნდა დასცინცლოთ. ამ დროს ყველაფერზე თანახმა იქნება. ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ ღირს.
"ფეხის წვერებზე" იარეთ
არ გაბედოთ და მატჩის მსვლელობისას ტელევიზორის წინ არ გაიაროთ. ეს დაძაბული თამაშია, სადაც ვითარება წამებში იცვლება, ამიტომ თუ ჩამოეფარებით, ოჯახს სკანდალი არ ასცდება.
ცოტა ხნით თქვენც ფანი გახდით
მერვედფინალის შემდეგ თამაშები უკვე საინტერესო ხდება ხოლმე. იქნებ თავადაც დაინტერესდეთ? ბოლო-ბოლო ქმრის ინტერესების გაზიარება ურთიერთდაახლოებისთვის კარგი საშუალებაა.
ნუ მოინდომებთ წესებში გარკვევას
მატჩის დროს ნუ მიაყრით შეკითხვებს. წესების ახსნის დრო ახლა არ არის, უბრალოდ თვალი ადევნეთ თამაშს და ქმრის აზარტი გაიზიარეთ.
თვალში არ შეეჩხიროთ
როცა მისი საყვარელი ნაკრები თამაშობს, ჯობია იმ დღეს თვალში არ შეეჩხიროთ. ამ დღეს კაცი განსაკუთრებით დაძაბული იქნება. თუ თამაში მისი გუნდის სასიკეთოდ წარიმართა, იმ ღამით ქმრისგან სიყვარულს ელოდეთ. მზრუნველობისა და ყურადღების გარდა ის მატერიალურ სახსარსაც უხვად გაიღებს. ასე რომ, ღირს, თავადაც უქომაგოთ მის გუნდს.
მაცივარში ლუდი არ უნდა გამოილიოს
თუ გინდათ, უსიამოვნო სცენებისა და სკანდალებისგან დაცული იყოთ, მაცივარი მუდამ სავსე უნდა იყოს ლუდით. სასურველია, თუ სხვადასხვა სახეობის იქნება. ზოგიერთი გურმანი იმ ქვეყნის ლუდს ანიჭებს უპირატესობას, ვისი ნაკრებიც იმ დღეს თამაშობს.
ყურები "დახუჭეთ"
ხომ გესმით, ფეხბურთი აზარტული თამაშია, ამიტომ ძალიან ბევრი ისეთი სიტყვის მოსმენა მოგიწევთ, რომელთა გაგონებას ყურებზე ხელების აფარება ნამდვილად ჯობია. კაცს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატშია ჩართული, სიტყვების შერჩევა-გაფილტვრას ვერ მოსთხოვთ, თუნდაც გვერდით ქალი ან ბავშვები ესხდნენ. ამიტომ ჯობს ბავშვები მამისგან მოშორებით დასვათ, თქვენ კი აირჩიეთ - ან ისმენთ გულის სიღრმიდან ამოხეთქილ მძაფრ ლექსიკონს, ან... უკეთესია, ამ დროს დაქალებთან განმარტოვდეთ, თუნდაც სოციალურ ქსელში.
თუ ეს 9 რჩევა საკმარისი არ არის
თუ მაინც გული გიგრძნობთ, რომ ამას ვერ გაუძლებთ, დროებით დედასთან გადაბარგდით. თვალისგან მოშორებით ყოფნა ხშირად მადლიანი საქმეა. ნაკლებ სავარაუდოა, ქმარს თქვენი უკან მობრუნება აზრად მოუვიდეს, მაგრამ ნუ გეწყინებათ. კიდევ კარგი, ეს სიგიჟე 4 წელიწადში ერთხელაა და თანაც მხოლოდ 1 თვის განმავლობაში გრძელდება.