ქართველი წყვილების რეალური ისტორიები "ქმარი ყოველ თვეში ციკლის მოსვლის დროს აკონტროლებდა, რომ გადამიცდა, თვითონ მოიტანა ტესტი და თავზე დამადგა - ტესტის დადებითი პასუხი დღესაც მაქვს შენახული“ - წყვილის ურთიერთობაში ყველაზე განსაკუთრებული მომენტი ალბათ მაშინ დგება, როცა ბავშვის მუცლად ყოფნის შესახებ იგებენ ამბავს. ვისაც ეს გამოუცდია, დაგვეთანხმება, რომ ყველაზე ბედნიერი წუთების ათვლა ცხოვრებაში სწორედ ამ მომენტიდან იწყება.
Mshoblebi.ge -ს მკითხველებმა სწორედ ასეთი ბედნიერი წუთები გაიხსენეს და გაგვიზიარეს, თუ როგორ უთხრეს მეუღლეებს ორსულობის შესახებ? როგორი იყო მათი რეაქციები?
"ხუთწლიანი უამრავი ცრემლის და იმედგაცრუების შემდეგ, უკვე რომ აღარც ვფიქრობდი დადებით პასუხზე, ძლივს გამოჩნდა პატარა ვარდისფერი მეორე ხაზი. ტირილით გამოვედი და ისევ მიუწექი გვერდით. არა უშავს, ცხოვრება, ნუ ტირი მე მაინც ყველაზე მეტად მიყვარხარო. ორსულად ვარ და იმიტომ ვტირი-მეთქი, მერე ორივე ვტიროდით.
"ორი წელი არ გვყავდა შვილი. მერე მოულოდნელად დავრჩი. ქმარს რომ ვუთხარი, თვალები დახარა და მითხრა, ვგრძნობდიო. ორ კვირაში მუცელი მომეშალა. გამოკვლევაზე ექიმმა პირდაპირ მითხრა, ასეთი საკვერცხეები ცუდად მუშაოებენ. ასე შენ ვერ დაორსულდები, სანამ არ იმკურნალებო. ვერ ვიმკურნალე. საშუალება იმ მომენტში არ გვქონდა. ზუსტად 15 თვეში მუცლის მოშლიდან, ტესტი გავიკეთე. სულ არეული მქონდა ციკლი, მაგრამ მაინც გავიკეთე ტესტი. დადებითი აჩვენა. ისე ავღელდი. მეორე დღეს კიდევ გავიკეთე ტესტი. მესამე დღეს ისევ სხვა ტესტი... დადებითი პასუხი, რომ აჩვენა, ვიჯექი აბაზანაში და ვტიროდი, რომ ღმერთმა ეს საჩუქარი გამომიგზავნა, მკურნალობის გარეშე. კარგად რომ ვიტირე, გამოვედი აბაზანიდან და გაოცებული სახით ტესტი მივაწოდე - დადებითია-თქო. მისი გაკვირვებული სახე არ დამავიწყდება. ვერ გადმოვცემ ეს რა იყო, რადგან იმდენად მოულოდნელი იყო იმ ექიმის დასკვნის შემდეგ, რომ ველაფერს მოველოდით, ამ ამბის გარდა. "
"სამსახურში წასვლის წინ გავიკეთე ტესტი. პასუხი დადებითი იყო. ვერ ვიჯერებდი. წავედი სამსახურში ისე, რომ არაფერი მითქვამს. როგორ ვიმუშავე იმ დღეს არ მახსოვს. სახლის გზაზე სამი ტესტი შევიძინე კიდევ და ერთიმეორის მიყოლებით ყველა ტესტი გამოვცადე. ხელის გულზე ჩამწკრივებული 4 ტესტით გამოვდივარ აბაზანიდან და ცრემლები ჩამომდის ღაპაღუპით. სამზარეულოში დედამთილი ზის და შემომხედა გაოცებულმა. - რა გატირებს? ცუდად ხომ არ ხარო... ტესტები გავუწოდე. დადებითია-მეთქი და გაოგნებულმა ჩაიჩურჩულა - მართლაო? - და ისიც ამყვა ტირილში.
ამ დროს ჩვენს ხმაურზე მეუღლე გამოდის ოთახიდან. რა ხდება? რა დღეში ხართო? - გავუწოდე ტესტები - დადებითია-თქო.
- მეღადავებითო და შებრუნდა ოთახში. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოდის და მეკითხება, მართლაო? ზუსტად იციო? - 4 ტესტი გავიკეთე, ოთხივე დადებითია-თქო. წავალ, კიდევ მოვიტანო და სამი ტესტი მოიტანა. კიდევ ყველა გამოვიყენე და ყველა დადებითი იყო. იმ საღამოს ყველას დაურეკა, ვინც კი ძვირფასი იყო მისთვის.
"მე და ჩემი მეუღლე 2 წელი ველოდებოდით შვილს და კარგად მახსოვს, შობას, 7 იანვარს დედასთან ვიყავი და ჩუმად გავიკეთე ტესტი. დადებითი მიჩვენა და დავურეკე ჩემს მეუღლეს. თბილისიდან ხაშურში ჩამოფრინდა სიხარულით. ძალიან ბედნიერი წუთები იყო და სულ მახსოვს."
"ნაჩხუბრები ვიყავით, სანამ გავიგებდი ორსულობის შესახებ, დედაჩემთან ვიყავი, მაგის ზარებს არ ვპასუხობდი საერთოდ, გავიფიქრე, რა ძალიან აგრესიული გავხდი-თქო. ორსულობის ტესტი ვიყიდე, გაწითლდა. 4 წელი არ გვყავდა ბავშვი. ავიღე ტელეფონი, დავურეკე. ჯერ გაუხარდა, რომ დავურეკე და მერე ეგ ამბავი რომ ვუთხარი, იტირა".
"პირველად ექოზე რომ წავედით ექიმთან, ძლივს გამოვიდა სამსახურიდან, რომ გამომყოლოდა. სიხარულით გავფრინდით და ექიმმა გვითხრა, შანსი არ გაქვთო. დავბრუნდით მოწყენილები. მე მაინც ეჭვი მეპარებოდა და სხვისი რჩევით მეორე დღეს სხვა ექიმს მივმართე. ჩუმად წავედი. არ მითქვამს და უკვე 7 კვირის ორსული ვიყავი... დასკვნა მოვიტანე და დავუდე საწოლზე. რომ დაიწყო კითხვა, ჯერ ვერ გაერკვა რა ხდებოდა. ბოლოს ცრემლები მოადგა სუხარულისგან და ორივე ემოციებით ვტიროდით".
"დილით ადრე გავიკეთე ტესტი და საწოლთან დავუდე. მე უნივერსიტეტში წავედი და სანამ ლექციები დამიმთავრდა, ყოველ 10 წუთში მირეკავდა".
"ზუსტად 7 აპრილს (ხარებას) შუადღით გავიკეთე ტესტი. ამ დროს მეუღლე მორიგე იყო სამსახურში. არაფერი არ ვუთხარი, წავედი, ვიყიდე პატრა ბაჭიები, ქუდი და რაღაცები და ლამაზ კოლოფში ჩავდე წერილთან ერთად. დილით მოვიდა და ეგრევე დავსვი კოლოფთან. მე ტელეფონი ავიღე ვიდეოს გადასაღებად. რა მიყიდე, ეს რა არისო. საჩუქარია. ნელა გახსენი-მეთქი. თან ხსნიდა და თან მიყურებდა, რომ გახსნა და ნახა, მერე მეც ვერაფერი ვნახე გარდა იმისა, რომ ტიროდა".
"უმუშევარი იყო და სახლში შემოვიდა გაბრწყინებული სახით, სამსახური დავიწყეო. მე გავიქეცი, ერთი, ორი და სამი - ორსულად ვარ-თქო და მივახტი. სრული შოკი ჰქონდა..."
"ჩემს დედულეთში ვიყავი, რომ გავიგე ორსულობის შესახებ. დავურეკე და ტელეფონით ვახარე. ძალიან მშვიდად და წყნარად შეხვდა. და ზუსტად 3 საათში ეზოში შემოაგრიალა მანქანა და ყველა პატარას ვინც მეზობლად ცხოვრობდა, საჩუქრები დაურიგა. საღამოს კი დიდი წვეულება გამართა ახლად გაცნობილი მომავალი ოჯახის წევრის სახელზე".
რუსკა კილასონია