ნინო ჯიქურაული: „ხანმოკლე და არათანმიმდევრული დიეტა შედეგს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იძლევა“
ნინო ჯიქურაული: „ხანმოკლე და არათანმიმდევრული დიეტა შედეგს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იძლევა“
ორსულობა რამდენადაც სასიამოვნო ეტაპია ქალის ცხოვრებაში, იმდენად რთულია მომატებული კილოგრამების დაკლება მშობიარობის შემდეგ ან ლაქტაციის პერიოდში. საინტერესოა, რა ტიპის დიეტას შეიძლება, მივმართოთ ამ დროს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ დავაზარალოთ ჩვილი. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ენდოკრინოლოგ ნინო ჯიქურაულს ვესაუბრეთ.

- რას ურჩევთ დედებს, როგორ მოახეხონ ზედმეტი კილოგრამების მოცილება ლაქტაციის ან უბრალოდ მშობიარობის შემდგომ? საინტერესოა, როგორია დიეტა მეძუძური ქალებისთვის...

- შევთანხმდეთ, რომ ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალის კვება ისეთივე ვერ იქნება, როგორიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ამ დროს ქალს შესაბამისი ენერგია სჭირდება,

რაც არ უნდა ჭარბი ჰქონდეს წონა. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეფასდეს კონსტიტუცია, პირობები, რისკები და ადამიანის ჩვევები.
პირველ რიგში სასურველია, მოხდეს მადის გონივრული მართვა, ადექვატური მიზანი უნდა იყოს დასახული, რომ ორგანიზმს დამატებით სტერესი არ მიადგეს. ჰორმონალური ცვლა, ლაქტაცია, ფიზიკური გადატვირთვა, უძილობა, ასევე ორსულობის დროს ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების ფომები და მადის მომატება, ისედაც ახდენს გავლენას.
დიეტა სამკურნალო კვებაა და უფრო სწორი იქნებოდა ექიმის მიერ ორსულისთვის პირველივე ვიზიტზე იყოს მითითებული წონის მომატების ზღვრული ფარგლები, რაც გენეტიკურ ფაქტორებს და რისკებსაც ითვალისწინებს. რაციონი ლაქტაციის დროს ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ უზრუნველყოს ყველა ვიტამინის და მინერალის მიღება. თანამედროვე
ნუტრიციოლოგია მთავარ აქცენტს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ენერგიის დანახარჯზე აკეთებს. მეორე აქცენტი მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს ეხება, ესენია: იოდი, რკინა, და კალციუმი. რიგ შემთხვევებში რაციონში მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება. საჭიროა მცენარეული და ცხოველური უცხიმო პროდუქტი. კონკრეტულად, რძის პროდუქტის, ხორცის, ბოსტნეულის, მარცვლეულის წილის გაზრდა. ხემსის დროს მცირე რაოდენობით ხილის მიღება და განსაკუთრებული მდგომარეობის დროს (სტრესი, გადაღლა, მოთხოვნილება) ნაყინის, ორცხობილის, თაფლის ჩართვა. თუმცა ეს ინდივიდუალურია.
ყურადღება უნდა გავამახვილო სითხის მიღებაზე, რაც განსაკუთრებით ლაქტაციის დროს. დასაშვებია წყალი, რძე, ხილის უშაქრო კომპოტი. თუმცა, მაღალ ენერგეტიკულია ხილის კონცენტრატზე დამზადებული წვენებიც. მათი მიღებით წონის კლების ეფექტი მცირდება. ვთქვათ ისიც, რომ კვების პროცესი უნდა მოხდეს მშვიდ გარემოში, დღეში რამდენჯერმე, კვებათა შორის დაბალკალორიული ხემსის ჩართვით. სწორად დასახული მიზანი გულისხმობს წონის რეგულარულ კონტროლსაც. კლებას კვირაში 300 გრ-700 გრ ოდენობით, ხოლო ფიზიკური აქტივობით ორსულობისას არასასურველი ფორმით დაგროვილი ცხიმის შემცირება.


- რამდენად შეგედიანია ფართოდ გავრცელებული ექსპრეს დიეტები? რა ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის და შესაძლებელია თუ არა ამ გზით დაკლებული წონის შენარჩუნება?

- შენარჩუნების პრობლემა იმდენად არ დგას როგორც გამოფიტვის, კანის ხარისხის შეცვლის და ეფექტის მიღების. რა თქმა უნდა, ორსულობისას მომატებული წონა დროულად უნდა იყოს მოწესრიგებული, 1 წლის მანძილზე ორგანიზმი უნდა ჩადგეს ჩვეულ რეჟიმში იმისათვის რომ არ გაუარესდეს ჯანმრთელობა, ან მოემზადოს შემდეგი ორსულობისთვის ან სულაც დაიბრუნოს ძველი ფორმები. მეტაბოლური დარღვევის მქონე ადამიანი ისედაც განიცდის წონის ასეთ ცვალებადობას ცხოვრებაში. ვერ უმკლავდება შიმშილის გრძნობას, შემდეგ დიდი ძალისხმევით შიმშილობს, რასაც ბუმერანგის პრინციპით კვლავ მადის და წონის მომატება მოსდევს. ასე რომ, ხანმოკლე და არათანმიმდევრული დიეტა შედეგს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იძლევა.


- იქნებ გვითხრათ, ყველაზე ნაკლებ საზიანო დიეტა რომელია? ქალებს უცებ რომ მოგვინდება 3-4 კილოგრამის დაკლება კონკრეტული თარიღისთვის, რომელს შეიძლება მივმართოთ, თან რომ ეფექტური იყოს და ორგანიზმიც არ „დავანგრიოთ“...

- ძალიან გავრცელებულია კეტოგენური დიეტის ფორმა. ცილოვანი შემცველობა ორსულობის შემდეგ მართლაც უნდა შეინარჩუნოთ. ამით არა მხოლოდ კანის ტონუსი ნარჩუნდება, არამედ მაგალითად რძის პროდუქტის მიღება აღადგენს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს როგორიცა - კალციუმი - მიკროელემენტი, ჯანმრთელი კბილების, თმისა და ძვლებისთვის. თუმცა, 3-4 კილოგრამი მხოლოდ ორგანიზმში დაგროვილი სითხეც შეიძლება იყოს. ყურადღება უნდა მიექცეს წყლის და მარილის მიღების ფორმას, ბოსტნეულს, ხილს რა რაოდნებოით მივირთმევთ. რამდენად ვეხმარებით ან ხელს ვუშლით ორგანიზმს თვითგაწმენდის პროცესში. ასეთ შემთხვევაში კარგია ეგრეთ წოდებული განტვირთვის დღეები, სადაც ხილის, ბოსტნეულის და წყლის მაღალი შემცველობაა.


- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ფართოდ გავრცელებულ „დუკანის დიეტაზე“, „სუხიშვილების დიეტაზე“ და ა.შ.

- როგორც გითხარით, კეტოგენური დიეტა დიდი ინტერესის საგანია დღეს. მას თავისი უკუჩვენებები და თანმხლები გვერდითი ეფექტები აქვს, რაც კარგად იციან მათ, ვინც გამოსცადა. ამაჟამად მეცნიერები ფიქრობენ, თუ რა გავლენას მოახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე და საბოლოოდ, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ მონო პროდუქტით შედგენილი კვების რაციონის. ვეთანხმები, რომ ცილოვანი კომპონენტი აუცილებელია და ეფექტურია, თუმცა ის არ უნდა იყოს რაციონის ძირითადი შემადგენელი. ბალანსირებული კვება გაცილებით უსაფრთხო და ჯანსაღია, ემსახურება ჩვევების გამომუშავებას და წონის ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამას დამატებული თუნდაც მცირედი ფიზიკური დატვირთვა ეფექტს მნიშვნელოვნად ზრდის.


- რომელია ფართოდ გავრცელებული შეცდომები თუ სტერეოტიპები, რომელსაც ვუშვებთ დიეტაზე ყოფნის დროს?

- რადგან თემა ორსულობას ეხება, შეცდომაა როცა ვამბობთ, რომ „ორსულმა ბევრი და რაც უნდა ის უნდა ჭამოს“. არა, უნდა მიირთვას მისი წონის, სიმაღლის, ჯანმრთელობის გათვალისწინებით.
„დიეტაზე ვარ, შვრიას ვჭამ და ვერ ვიკლებ“ - შვრია, წიწიბურა, მსგავსი მარცვლეული დიეტურია, თუმცა არ გასახდომი. მათ თავისი ადგილი აქვთ სამკურნალო კვებაში. დილიდან დიეტაზე ყოფნა ანუ „პრაქტიკულად არ მშია“, ხშირად ეს მათი ფრაზებია, რომლებსაც ნოყიერი გვიანი ვახშამი აქვთ. 17.00 საათი ის ზღვარია, რომლის შემდეგ ბუნებრივი მოთხოვნილება შიმშილი, რბილად რომ ვთქვათ - არაბუნებრივად ვლინდება.


- ოფისში მომუშავე ადამიანების ძირითადი პრობლემა არაჯანსაღად კვება და უმოძრაობაა. როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი და რაციონი ამ კატეგორიის ადამიანებისთვის და რა რჩევას მისცემთ მათ, როგორ ებრძოლონ ცხოვრების არასწორ წესს?

- ბევრს უჭირს დღის ორგანიზება, ისე როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესს შეეფერება. თუმცა როცა მოგვმართავენ, აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შეუძლებელი სულაც არ არის. საბედნიეროდ, სამუშაო საათებში შესვენება და სადილის დროის პრობლემა მეტწილად მოგვარებულია. ფიზიკური დატვირთვა ან უბრალოდ, ფეხით სიარული გაცილებით მეტად აკლიათ ასეთ ადამიანებს.


- ბავშვთა სიმსუქნე - წონის პრობლემები ძირითადად რა ასაკში იწყება და რა არის გამომწვევი მიზეზი?

- ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ზოგჯერ მშობელი თავიდანვე ამჩნევს ბავშვის კვებასთან დამოკიდებულებას. დარღვევებს ზოგჯერ ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს და კომპლექსური განხილვის თემაა სპეციალისტებისთვის. ასევე, ხშირია გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც ბოლო წლებში გაცილებით ადრეულ ასაკში ვლინდება. თუმცა გამოვკვეთავ კვების კულტურის საკითხებს, რომელსაც ბავშვებს უფროსები უყალიბებენ ოჯახში.


- იქნებ დაგვისახელოთ ბავშვისთვის სასარგებლო 10 პროდუქტი, რომელიც რაციონში მუდმივად უნდა იყოს და ასევე, 10 მავნე პროდუქტი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ?

- სასარგებლო პროდუქტები: ხაჭო, ხორცი, თევზი, კვერცხი, ხილი, ხილის უშაქრო კომპოტი, ბოსტნეული, მარცვლოვნები, პური.
სამწუხაროდ, აქტიურად ხვდება ბავშვის რაციონში შემდეგი არასასურველი პროდუქტები: ძეხვეული, საგემოვნო დანამატებით გამდიდრებული სხვა მზა საკვები (კრეკერები, ჩიფსები, სოუსები), სწრაფი კვების ობიექტების პროდუქცია, კოფეინის შემცველი სასმელი, მაღალ მინერალიზებული წყლები, შემწვარი კარტოფილი, გადაჭარბებული რაოდენობით არაჟანი, შოკოლადი (შოკოლადის კარაქი), შაქრის შემცვლელი დამატკბობლები, რომლის მოხმარება საჭიროების დროსაც კი შეზღუდულია. ასევე უნდა მოვერიდოთ ყოველდღიურად ჩვენში ხშირად მოხმარებადი თინუსის მიღებას.

ციცი ომანიძე

2104
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```