წყლის სმისაგან თავს ნუ შეიზღუდავთ წყალი ყველაზე საჭირო და აუცილებელი კომპონენტია ჩვენი უჯრედების მუშაობისათვის. კანი ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს თავს, როცა საკმარისადაა დატენიანებული. ტენი სახეს კვებავს, ამკვრივებს და აცოცხლებს. სამწუხაროდ, შთანთქმული წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო და პირიქით, ჩაისა და ყავის ჭარბი სმისაგან, ასევე ოფისებში კონდიციონერის მიერ გამომშრალი ჰაერისაგან, ჩვენი კანი მუდამ გაუწყლოებულ მდგომარეობაშია. ამის გამოსასწორებლად ყველა ქალმა უნდა იზრუნოს. ეს ყველაზე ადვილი ზაფხულის თვეებშია.
წყლის სმისაგან თავს ნუ შეიზღუდავთ. ამა თუ იმ დიეტაზე მყოფი ბევრი ადამიანი ცდილობს ბევრი წყალი არ დალიოს. ფიქრობს, რომ წყალი ორგანიზმში გროვდება და წონას მოუმატებს. პირიქით, წყალი მადას აქვეითებს, ცხიმებს აქუცმაცებს და მათ დალექვას ხელს უშლის. როცა ადამიანი წყურვილს გრძნობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი ორგანიზმი მთლიანად არ ითვისებს წყალს და თუ მას ტენით არ აავსებ, ეცდება წყლის ყოველი წვეთი შეაკავოს. შედეგია შეშუპებული ხელ-ფეხი. თუ ორგანიზმი მთლიანად მიიღებს მისთვის საჭირო ტენს, ის ზედმეტი სითხის, მასთან ერთად ტოქსინებისა და ნალექების გამოყოფას იწყებს. წყალი სისხლძარღვებსა და შინაგან ორგანოებს ასუფთავებს (მისი წყალობით კუნთები კარგ ტონუსს ინარჩუნებს), ტემპერატურას არეგულირებს და ნათელი გონების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია წყლის "მარაგში" გადანახვა და როცა ის შემოაკლდება, იწყება თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლა და უქეიფობა. საჭიროა მხოლოდ სუფთა წყლის დალევა და არა მისი წარმოებულების სუპის, ჩაის, კომპოტის თუ ლიმონათის.
ბევრი ცნობილი ადამიანი ამბობს (მაგალითად, სოფი ლორენი), რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას წყლის მეშვეობით ახერხებენ _ დღეში არანაკლებ ლიტრ-ნახევარ წყალს სვამენ. ეს ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია და სილამაზისთვისაც.