მენსტრუალური პრობლემები, მუცლის ტკივილი, ციკლის დარღვევა, აკნე, თმიანობა, კისტა - ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემების მიზეზები რა გინეკოლოგიური პრობლემები გვხვდება ბავშვთა ასაკში? რომელ სიმპტომებზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება? როდესაც საქმე ეხება მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რა ჰორმონალურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე? როგორი უნდა იყოს გოგონების ჰიგიენა, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა გინეკოლოგი, ქირურგი ეთერ მარგალიტაძე.
- ადამიანის ორგანიზმი მთელი სიცოცხლის მანძილზე - დაბადებიდან განიცდის გარკვეულ ცვლილებებს. დიდი მნიშნელობა აქვს ბავშვის სქესობრივი/რეპროდუქციული განვითარების პერმანენეტულ მონიტორინგს, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენა და შემდგომ ეფექტური მკურნალობა, რაზეც დიდწილად დამოკიდებულია შემდგომ მოზარდი გოგონას რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
ყველაზე ხშირი მომართვიანობის მიზეზი გახლავთ - ადგილობრივი ანთებითი დაავადებები, საკვერცხის კისტა, ასევე არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, აციკლური სისხლდენა, აკნე, თმიანობა. ამ დავადებების განვითარება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში ხდება და აუცილებლად საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ისეთი დაავადებები, როგორიცაა საკვერცხის კისტური დაავადებები, დროულ მკურნალობას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პაციენტები გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას საჭიროებენ.
- ოპერაციული ჩარევა ხდება დიდი ზომის კისტის არსებობის შემთხვევაში, ასევე დიდი ზომის კისტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, რომლის დროსაც ვითარდება მწვავე მუცელი; ასევე დიდი ზომის საკვერცხის კისტის შემთხვევაში არის რისკი საკვერცხის ან დანამატის ანუ საკვერცხის და/ან კვერცხსავალი მილის შემოგრეხის, რაც იწვევს არსებული ქსოვილების ნეკროზს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და საჭიროა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. საკვერცხის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში საკვერცხის კისტის მოკვეთა, საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის შენარჩუნებით, ხოლო საკვერცხის შემოგრეხვის შემთხვევაში - თუ ორგანო არის დანეკროზებილი, ნეკროზული ორგანოს მოკვეთა. მოზარდ გოგონებში სამწუხაროდ, როცა არის მუცლის ტკივილი, ნაკლებად ფიქრობს მშობელი გინეკოლოგიურ პრობლემაზე და თავს იკავებს ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტზე, რაც იწვევს დაგვიანებულ მომართვიანობას და გადაუდებელი ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას.
- მშობელმა შვილის სქესობრივ განვითარებას ყურადღება უნდა მიაქციოს დაბადებიდანვე. ბავშვის განვითარება იყოფა ორ ნაწილად: პირველი - სქესობრივი მომწიფებამდე პერიოდი და მეორე - სქესობრივი მომწიფების შემდგომი პერიოდი. ახალშობილობის ასაკიდან (ანუ დაბადებიდან) ყველაზე ხშირი ჩივილი არის გამონადენი საშოდან - ინფექციური გენეზის, ადგილობრივი წვა, ქავილი, ტკივილი. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომართვიანობის მიზეზი გახლავთ გარეთა სასქესო ორგანოების მიხორცება, დაგვიანებული მომართვიანობის გამო შარდვის შეფერხების განვითარებაც. მისი მკურნალობა შესაძლებელია როგორც მედიკამენტოზური მეთოდით, ასევე ქირურგიული მეთოდითაც.
ასევე დიდი მნიშნნელობა აქვს ბავშვის სქესობრივი განვითარების სწორი შეფასებას - ხომ არ არის ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფების ნიშნები. ხოლო სქესობრივი მომწიფების შემდეგ - ანუ როცა მენსტრუალური ციკლი აქვს გოგონას - ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტი, თუ არის რაიმე ჩივილი ან არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მტკივნეული მენსტრუალური ციკლი, ციკლთა შორის პერიოდში სისხლიანი გამონადენი, ჭარბი ან/და ხანგრძლივი მენსტრუაცია. ასევე ჭარბთმიანობა, კანის გაცხიმოვნება-სებორეა, აკნე. ტკივილი წელისა და მცირე მენჯის არეში.
ასევე ეს პერიოდია გარდატეხის პერიოდად წოდებული საზოგადოებაში, ხოლო სამედიცინო ენაზე ეს არის პუბერტატული პერიოდი - ანუ პერიოდი, როცა გოგონას ეწყება მენსტრუალური ციკლი, მოზარდები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მენსტრუალური ციკლის შესახებ, ამ დროს სწორი ჰიგიენის აუცილებლობის შესახებ. მენსტრუალური ციკლის კალენდრის წარმოების აუცილებლობის შესახებ და ა.შ. რადგან ამ პერიოდში დგება გოგონებში თვითშესწავლი პერიოდი, რაც ბადებს ბევრ კითხვას.
- ეს არის ძირითადად მენსტრუალური ციკლის დარღვევით გამოვლენილი პრობლემები. მენსტრუაცია უნდა იყოს მინიმუმ 21 დღეში ერთხელ ან მაქსიმუმ 35 დღეში ერთხელ. თუ შუალედი უფრო მცირეა ან უფრო დიდი, ეს არის ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტის პირდაპირი ჩვენება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით სისხლს კარგავს მოზარდი მენტრუაციის დროს. 80 მლ მეტი არ არის ნორმა და ასევე მენტრუაციის ხანგრძლივობა 7 დღეზე მეტი არის ექიმთან მიმართვიანობის პირდაპირი ჩვენება. ასევე ციკლთა შორის პერიოდში სისხლიანი გამონადენიც. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოზარდების უმრავლესობას თავიდან ციკლი არ აქვთ რეგულარული, ამ პერიოდში საჭიროა ბავშვთა გინეკოლოგის მეთვალყურეობა, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს მედიკამენტოზური მკურნალობა. როგორც წესი, 2 წლის განმავლობაში ციკლი უნდა დარეგულირდეს და ჩამოყალიბდეს რეგულარულ მენსტრუალურ ციკლად.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებში ისეთი დაავადებების დროული მედიკამენტოზური მკურნალობა, როგორიც არის საკვერცხის კისტა, რათა თავიდან ავიცილოთ ოპერაცია. ასევე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება დ მკურნალობა ენდომეტრიოზის - ეს არის საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ქსოვილების გავრცელება საშვილოსნოს ტანის გარეთ. ამ დროს კლინიკურად ვითარდება ტკივილი და ა.შ... ასევე საყურადღებოა საკვერცხეების პოლიკისტური სინდრომი, ანუ კლინიკურად არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, კანის გაცხიმოვნება - სებორეა, თმიანობა, გამონაყარი კანზე - აკნე...
ეს ყველა დაავადება რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება დიაგნოსტირებული და შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული, მით უფრო უკეთესი შედეგი იქნება ამ პაციენტებში მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
- კლინიკური შეფასებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოზარდების ჰორმონალური მდგომარეობის შესწავლა, რომლის დროსაც ვიკვლევთ საკვერცხის ჰორმონებს, ასევე ფარისებრ ჯირკვალს, გამოვრიცხავთ თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებს, ასევე ხდება პროლაქტინის განსაზღვრა. გლუკოზის ტოლერანტობის განსაზღვრა. ანუ კვლევები ტარდება ჩვენების მიხედვით და რაიმე ნორმიდან ცდომილების შემთხვევაში ტარდება შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა.
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ჰიგიენას, სწორად შერჩეულ ჰიგიენურ საშუალებას, ჰიგიენის სიხშირეს, ასევე მნიშნელოვანია საცვლის სტრუქტურას - სასურველია ის იყოს კოტონის მასალისგან (ბამბის). მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან ყურადღების მიქცევა მათი შვილების ჰიგიენაზე, რადგან ბავშვობიდან სწორი ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკში რიგი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარების გარანტიაა. მშობლებს ვურჩევ, დღესვე დაიწყონ ზრუნვა მათი შვილების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ მომავალზე.
სალომე გორგოშიძე