დედების სალონითავის მოვლა
რა იწვევს ძუძუს კიბოს და როგორ უნდა გაისინჯოთ თავად მკერდი - მამოლოგის საჭირო რჩევები
რა იწვევს ძუძუს კიბოს და როგორ უნდა გაისინჯოთ თავად მკერდი - მამოლოგის საჭირო რჩევები
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკის ქვეშ იმყოფება. ძუძუს კიბოს ადრეულ ნიშნებზე, თვითგასინჯვის წესებზე და საყურადღებო სიმპტომებზე ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მამოლოგი ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება.

- ძუძუს კვანძოვანი წარმონაქმნების 77% არის კეთილთვისებიანი, რომელთაგან უმეტესი საჭიროებს დროულ და სწორ მკურნალობას, რათა არ მოხდეს მათი შემდგომი გადაგვარება ავთვისებიანად.

  • სიმსივნეთა 75% გვხვდება 50 წლის შემდეგ;
  • 23% - 23-დან 50 წლამდე;
  • 2% - 30 წლამდე.

-
რა მეთოდებით ხდება პრობლემის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- დიაგნოსტიკა ეფუძნება:

  • ანამნეზურ გამოკითხვა-გამოკვლევას (ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ემოციური ფონი, ხშირი ნერვულ-სტრესული სიტუაციები, არასწორი ცხოვრების რიტმი, გადაღლილობა და კვების რეჟიმი, პროფესიული და/ან სხვა გარემო მავნე ფაქტორები, აბორტები და ა.შ.);
  • პალპატორულ, ხელით ბილატერალურ კვლევას, როგორც ჯირკვლების, ასევე შესაძლო რეგიონალური ლიმფური კვანძების მეტასტაზირების ზონების;
  • კლინიკურ კვლევებს - ექომამოგრაფია, ჩვეულებრივი და სტერეოტაქსიული რენტგენომამოგრაფია, აღნიშნული კვლევების საფუძველზე მიღებული მონაცემების მიხედვით მამოლოგმა შეიძლება დაგეგმოს ბიოფსია, რომელიც თავის მხრივ იყოფა: ასპირაციულ ბიოფსიად, როდესაც მიიღება სითხოვანი ასპირატი ციტომორფოლოგიური კვლევისთვის, ან ტრეპან-კორბიოფსია - ქსოვილოვანი სტრუქტურის ჰისტოპათომორფოლოგიის ან/და იმუნოჰისტოქიმიური თავისებურებების შსასწავლად. საჭიროების შემთხვევაში მეტასტაზირების პროცესის დასადგენად მივმართავთ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, ან ჩონჩხის რადიოაქტიურ სცინტიგრაფიას.
  • ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ
    წინასაოპერაციო სტადირება TNM სისტემით, რომლითაც ისაზღვრება - ჰისტოტიპი, დიფერენცირების ხარისხი, ესტროგენ-პროჟესტერონ რეცეპტორული (ER, PgR) და HER2 სტატუსი, გავრცელების არეალი და ა.შ.
  • მხოლოდ ყოველივე ამის შემდეგ იგეგმება მკურნალობის ტაქტიკა - ოპერაციის მასშტაბი და ქიმიო, ჰორმონო, იმუნოთერაპიის კომბინირებულად გამოყენების საჭიროება.

- რა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს ესა თუ ის წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში?

- ძუძუში წარმონაქმნები შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული მიზეზით:

  • მასტიტი;
  • მასტოპათია: ფიბროზულ-კისტოზური, პროლიფერაციულ კვანძოვანი და სადინარშიდა პაპილარული;
  • ჰემართრომა(პროგონობლასტომა) - ემბრიონალური განვითარების დარღევის შედეგად ჩნდება და ძალზე იშვიათად გარდაიქმნება ავთვისებიანად;
  • დაზიანებების და ტრავმის შედეგად განვითარებული სხვადასხვა სახის კვანძები;
  • ინტრადუქტური პაპილომა - სადინარშიდა, არაავთვისებიანი "მეჭეჭი";
  • ინკაფსულირებული ცხიმგროვა - ლიპომა;
  • კიბო.

- რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს ქალმა მამოლოგს? გარეგნული ცვლილება რამდენად არის საგანგაშო.

- იმ შემთხვევაში, თუ ქალმა შენიშნა, რომ აქვს რაიმე წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში ან იღლიაში, ლიმონის ქერქის მსგავსი კანი, ხელების ზემოთ აწევისას ჩაღრმავებები, ჩაბრუნებული დვრილი, სიწითლე, დეფორმაცია, ნებისმიერი სახის გამონადენი დვრილიდან და ა.შ.


mshoblebi

მოკლედ და უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ ნებისმიერი ვიზუალური ცვლილება, რასაც ქალი სარკის წინ დაინახავს, ყურადსაღებია.
ხილულ სიმპტომებთან დაკავშირებით, ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი დაადგინეს ხელოვნებათმხოდნეებმა და ონკოლოგებმა ერთობლივი კვლევით, ცნობილია, რომ რემბრანდტის ცოლი, სასკია ვან ეილენბურგი მხატვრის ყველაზე დიდი მუზა და ამავე დროს მოდელი იყო, რემბრანდტმა ფოტოგრაფიული სიზუსტით, რამდენიმე ტილოზე ასახა სასკიას ძუძუს კიბოს განვითარების დინამიკა.

mshoblebi

ანალოგიურად არის დაფიქსირებული რუბენსის ცნობილ, ბიბლიური სიუჟეტის ამსახველ ტილოზე - სამსონი და დალილა, დალილას მარჯვენა ძუძუს კიბო.


- მოვლითი ტკივილი რამდენად არის საგანგაშო სიგნალი და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის?

- სარძევე ჯირკვლის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია, განსაკუთრებით - ახალგაზრდა, ფერტილური ასაკის ქალთა შორის. გვხვდება უფრო დიდი ასაკის ქალებშიც, თუმცა ნაკლებად. მართალია, ტკივილი შემაწუხებელია და აშინებს პაციენტს, მაგრამ მხოლოდ ტკივილი იშვიათადაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გამოვლინება. სარძევე ჯირკვლის ტკივილის მქონე ქალთა 2/3-ს აქვს პრობლემა, რომელსაც მედიცინაში ციკლური მასტალგია ეწოდება. ეს არის სარძევე ჯირკვლების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში, მცირდება და ქრება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას. არაციკლური მასტალგია - ეს არის სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ის უფრო იშვიათია, ვიდრე ციკლური მასტალგია და ჩვეულებრივ, გვხვდება 40 წლიდან. ზოგჯერ ტკივილის ეს ტიპი ფიბროზული მასების არსებობასთან - ფიბროადენომასთან ან ცისტასთან - არის დაკავშირებული.


სარძევე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს:

  • სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-ცისტურმა დაავადებამ;
  • მენსტრუაციამდელმა სინდრომმა, ციკლურმა მასტალგიამ;
  • ჰორმონების დონის ნორმალურმა ცვლილებამ;
  • სქესობრივმა მომწიფებამ ან მენოპაუზამ;
  • ორსულობამ;
  • ძუძუთი კვებამ;
  • ესტროგენებით მკურნალობამ;
  • ნეკნების ტკივილმა;
  • სარძევე ჯორკვლის დაზიანებამ (ტრავმამ, გადატანილმა ოპერაციამ);
  • შემომსარტყლავმა ჰერპესმა;
  • ზოგიერთმა მედიკამენტმა - დიგოქსინმა, დოპეგიტმა, ვეროშპირონმა, ანაბოლურმა სტეროიდებმა და სხვა;
  • სარძევე ჯირკვლის ინფექციამ - აბსცესმა, მასტიტმა;
  • სარძევე ჯირკვლის კიბომ.
mshoblebi

- სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად რა იწვევს ძუძუს სიმსივნეებს?

- შეიძლება ჩამოვთვალოთ რამოენიმე მიზეზი, რომლებიც ხელს უწყობენ ძუძუს კიბოს განვითარებას, ესენია:

  • ადრეული მენსტრუაცია (12 წლამდე);
  • გვიანი მენოპაუზა;
  • გვიანი მშობიარობა, 35 წელი და ზევით;
  • ქალები, რომლებსაც საერთოდ არ უმშობიარიათ;
  • მასტოპათია, ძუძუს კეთილთვისებიანი კვანძები და წარმონაქმნები;
  • ჭარბცხიმიანობა, სიმსუქნე;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერტონული დაავადება;
  • დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო;
  • სტრესი;
  • თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება.

- რას გვეტყვით თვითგასინჯვაზე, რა მეთოდები არსებობს ამისთვის?

- თვითგასინჯვა არის კეთილთვისებიანი და/ან ავთისებიანი სიმსივნეების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის იდეალური საშულება და შესაბამისად სრული განკურნების შესაძლებლობა. ამ მეთოდის ზედმიწევნით კარგად გამოყენებამ და შესრულებამ, საშუალება მისცა სკანდინავიის ქვეყნების და იაპონიის ქალ მოსახლეობას, მინიმუმამდე დაეყვანათ ძუძუს კიბოთი გამოწვეული ლეტალობა.
ყველა ქალმა!! მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მე-3-5 დღეს, შხაპის მიღების წინ წესად უნდა შემოიღოს თვითგასინჯვა ისე, როგორც ეს ამ სქემაზეა აღნიშნული.

mshoblebi

- პროფილაქტიკის მიზნით რამდენ ხანში ერთხელ და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა მამოლოგთან ვიზიტი?

- ითვლება, რომ თუ გენეტიკური წინასწარ განწყობა არ არის, ასაკობრივ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები 40-დან 70 წლის ჩათვლით.

ზოგიერთი ქვეყნის გაიდლაინის მიხედვით, თვითგამოკვლევის პარალელურად, 18 წლის ასაკიდან ქალები უნდა გადიოდნენ პროფილაქტიკურ გასინჯვას ყოველწლიურად, როგორც გინეკოლოგებთან ასევე მამოლოგებთან.

სალომე გორგოშიძე

ბეჭდვა
```