შორენა ჯიქია ვიზაჟისტი და სტილისტია. ოფიციალურად, 10-წლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა ამბობს, რომ საქმით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა. მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა ანდო თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე. შორენა ამბობს, რომ ბედნიერი ადამიანების ნახვა მისთვის სასწაულია და შედეგი არასდროს მეორდება. ის საკუთარ საქმიანობაზე გვიყვება და ბევრ პრაქტიკულ რჩევას გვიზიარებს:
- მინდა გითხრათ, რომ მაკიაჟი ვერასდროს იქნება სრულყოფილი და მდგრადი, თუ ის არ არის ხარისხიანი კოსმეტიკით გაკეთებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. როგორც თქვენ უნდა დაიცვათ ჰიგიენა, როდესაც თავად იკეთებთ მაკიაჟს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჰიგიენის ყველა წესი დაიცვას ვიზაჟისტმა. არ არის რეკომენდებული ერთი ფუნჯის გამოყენება, როგორც სახის მოდელირებისთვის, ისე დავუშვათ თვალის მაკიაჟის დროს, ასევე აუცილებელია ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი, ინდივიდუალური ღრუბელი, ფუნჩები, რადგან მისმა გამოყენებამ სხვა ადამიანზე შესაძლოა სხვადასხვა სოკოვანი თუ დერმატოლოგიური დაავადება გადაიტანოს. აქიდან გამომდინარე, ვიზაჟში ხარისხიან კოსმეტიკასა და მის ჰიგიენურად გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ქალები ძირითადად თავის მოვლისას?
- ყველაზე გავრცელებული, რაც გვხვდება, ეს არის მაკიაჟით დაძინება. ხშირად, როცა ქალბატონები დაღლილები მოდიან სამსახურიდან თუ ამა თუ იმ ღონისძიებიდან, "ეზარებათ" მაკიაჟის მოშორება, რაც სასტიკად არ შეიძლება. ეს იწვევს კანში ჭუჭყის დაგროვებას, ფორების გაფართოებას, ნაადრევ დაბერებას, შავი წერტილების გამრავლებას და ასე შემდეგ... საიდანაც არ უნდა მოდიოდეთ, საღამოს კანის ძირფესვიანად გასუფთავება და დატენიანება ყველა ქალის რუტინის შემადგენელი უმთავრესი ნაწილი უნდა გახდეს.
- როგორ უნდა მოვიშოროთ მაკიაჟი სწორად?
- მაკიაჟის მოშორების საუკეთესო ვარიანტი, კორეული, 10-საფეხურიანი სახის წმენდის რუტინაა: 1.ზეთით გაწმენდა 2. ქაფით გაწმენდა 3. სკრაბით გაწმენდა 4. ტონიკით გაწმენდა 5. ესენციით გაწმენდა 6. შრატი 7. ნიღაბი 8. თვალის კრემი 9. სახის კრემი 10. მზისგან დამცავი. თუმცა, მინდა გითხრათ ,რომ ეს 10-საფეხურიანი პროცედურა ძალიან დამღლელია და ზოგს მისი ყოველდღიურად გაკეთება შეუძლებლადაც კი მიაჩნიაა, ამიტომ თუ 10-ივე საფეხურს, არა მე-2, მე-4 ,მე-6, მე-8, მე-9 საფეხურები ეცადეთ, დაიცვათ, რათა ჩვენვე არ შევუწყოთ ხელი ნაადრევ დაბერებას.
- ხშირად ახალბედა დედებს დრო აღარ რჩებათ ხოლმე საკუთარი თავისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალი იყოს ფორმაში?
- ჩემი აზრით, ქალები თავიანთ ცხოვრებას ამ მხრივ 2 ეტაპად ყოფენ: 1. როცა საკუთარ თავს ასე თუ ისე კარგად უვლი 2. როცა ქმნი ოჯახს და გგონია, რომ შენი მოვალეობა მხოლოდ რეცხვა, ხეხვა და ბავშვების მოვლაა. არა, მეგობრებო, ეს მხოლოდ მიზეზიაა. თუ ქალს სურს, საკუთარ თავს მოუაროს, ამას ქმარ-შვილიანიც მოახერხებს და ბევრ საქმესთან ერთადაც, შედარებით რთულად, მაგრამ მოახერხებს. განა ჩვენს შვილებსა და ქმარს მოვწონვართ მოუვლელი? აუცილებელია, რომ ყველამ კარგად გაითავისოს - ქალებს ნებისმიერ ასაკში სჭირდებათ მოვლა და ქმარი, შვილები და კიდევ უამრავი საზრუნავი მხოლოდ საბაბია. თუ ქალს უნდა საკუთარი თავის მოვლა, ამას აუცილებლად მოახერხებს.
- რამდენად გამართლებულია მოზარდი გოგონებისთვის მძიმე მაკიაჟის გამოყენება და ასევე, რა შეგიძლიათ გვითხრათ საბავშვო კოსმეტიკაზე, რამდენად რეკომენდებულია მათი მოხმარება?
- ზოგადად, ბავშვებს მძიმე მაკიაჟის გაკეთებისკენ არასდროს მოვუწოდებ, ეს არც მათი კანისთვისაა კარგი და მგონია, რომ არც უხდებათ. რაც შეეხება ასაკს, თუ როდის დაიწყოს მაკიაჟის გაკეთება, 12-13 წლის ასაკიდან მინიმალური შტრიხები, როგორიცაა ტუში, ტუჩის ბალზამი სრულებით შესაძლებელია. საბავშვო კოსმეტიკა არის ის თემა, რომელსაც დიდი ხანია ტაბუ დავადე, მათი 99% ისეთი ნივთიერებებისგანაა დამზადებული, რომ არათუ არ შეიძლება, არამედ აკრძალულია გამოყენება, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვებს და მათ სათუთ კანს ეხება.
- თავად რამდენი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული, როგორ ახერხებთ თავის მოვლას და რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი, რომ ყოველთვის ენერგიული და პოზიტიური იყოთ - სწორედ ასე ყვებიან თქვენზე ის ქალბატონები, რომლებსაც თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ალამაზებთ ხოლმე..
- 36 წლის ვარ. მყავს უსაყვარლესი მეუღლე, 13 წელია, რაც დაოჯახებულები ვართ. შვილი არ გვყავს და მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩემი მეორე ნახევარი არის ჩემი ცხოვრების მოტივატორი. ადამიანი, რომელიც ყველაფერში მხარს მიჭერს, რა გადაწყვეტილებებსაც ვიღებ. ხშირად მეუბნება, შორენა, ნუ გეშინია, ევროპაში 40 წლამე არ აჩენენ შვილსო. ამ წლების მანძილზე არც ერთი წამით არ მიგრძნია მისგან წყენა და ეს კიდევ უფრო მეტად მამხნევებს და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ წინ წავიდე. ჩემი საქმე ბავშვობიდან მიყვარს. ჰობი იყო. მე-8 კლასში გავაკეთე პირველი ვარცხნილობა. თავად ვილამაზებდი საკუთარ თავს, ვარცხნილობასაც მე ვარჩევდი და მაკიაჟსაც. 20 წელი არაოფიციალურად ვარ ვიზაჟისტი, მაგრამ ზუსტად 10 წლის წინ იყო ერთ-ერთი ჩემი ახლობლის სკოლის ბანკეტი და მითხრა, რომ არ ჰქონდა სალონში წასვლის საშუალება და მთხოვა, მე გამეკეთებინა. ეს იყო ჩემი პირველი საპასუხისმგებლო საქმე და საკუთარი თავის გამოცდა. მთელი ღამე არ მეძინა. ინტერნეტში ვეძებდი განსხვავებულ ვარცხნილობას, რაც ჩემთვის მარტივი იქნებოდა. არც თმის უთო მქონდა და არც სხვა ბევრი საჭირო რამ. ისეთი ვარცხნილობა გავუკეთე, იმდენად დიდი ენერგია, სული, გული და სიყვარული ჩავდე, რომ ყველა ეკითხებოდა, რომელ სალონში გაიკეთეო. ამ ყველაფერს რომ მიყვებოდა, ვტიროდი. ამის შემდეგ, სპეციალური კურსები იყო ხელმისაწვდომ ფასად და თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა ვისწავლე. თუმცა, ესეც არ კმაროდა იმისათვის, რომ სალონში მემუშავა. მახსოვს, ერთ-ერთ სალონში, რომლის მომხმარებელი ჩემი მეუღლე იყო, მივედი და ვუთხარი, რომ არ მქონდა თანხა. ვთხოვე, ვიმუშავებდი დამლაგებლად სრულიად უსასყიდლოდ და თან ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ. ძალიან გაუკვირდათ ჩემი მონდომება და გადაწყვიტეს, დამხმარებოდნენ და ჩემთვის უფასოდ ესწავლებინათ. ახმეტელის მეტროსთან იყო ის სალონი, ქუჩაში გავდიოდი და ყველას ვიწვევდი, რომ უფასოდ შემეჭრა, დამევარცხნა და შემეღება და პრაქტიკაში დამეხვეწა. დილიდან საღამომდე რიგი მედგა, ისე ვიღლებოდი შრომისგან. მადლობა ღმერთს, რომ დამიფასდა შრომა. ასე ნელ-ნელა მოვიპოვე პოპულარობა და დამიგროვდა კმაყოფილი მომხმარებლები, ყოველგვარი რეკლამის გარეშე. ვფიქრობ, მე გამომარჩევს სხვებისგან ის, რომ ამ ყველაფერში იმხელა სიყვარულსა და შრომას ვდებ, ეს სიყვარული მიფასდება. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ადამიანს, რომელიც საქმეს აკეთებს გულითა და სიყვარულით, ყველაფერი დაუფასდება. ძალიან ხშირად მომხმარებელთან როცა მივდივარ და ვპრანჭავ, ვხედავ, რომ მაგალითად, მისი და, მული ან ახლობელი სარკესთან თავად ისწორებს თმას. თან, შენი ნამუშევრით ტკბება, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში თანხა არ აქვს, რომ გადაგიხადოს და თავადაც გალამაზდეს. როცა ამას ვხედავ, ყოველთვის ვეუბნები, რომ უსასყიდლოდ გავუკეთებ ყველაფერს. დამისვამს, გამიპრანჭვს და მის თვალებში ბედნიერად ანთებულ ცეცხლს რომ ვხედავ ხოლმე, ეს ასმაგად მახარებს და მაბედნიერებს.
- თქვენი საქმიანობის განმავლობაში უამრავ ადამიანს შეხვდით და გაუკეთეთ მაკიაჟი და თმა. რა განცდა აქვთ ხოლმე ამ დროს, როდესაც სარკეში შედეგს ხედავენ, რა იცვლება მათში?
- ძალიან ბევრჯერ მიტირია იმიტომ, რომ ეს არის სასწაული. ადამიანს არ დაუკარგო სახე, მაგრამ გამოკვეთო მისი ლამაზი ნაკვთები. როცა მე მას შევხედავ, ვრჩებით მარტო და თითქოს ხელები თავისით აკეთებს ყველაფერს. შეგრძნებებს ვერ დამალავ. მეც მიხარია დადებითი შეფასება, თვალები ცრემლებით მევსება და უფალს მადლობას ვუხდი ხოლმე, რომ ამ ნიჭის მფლობელი გამხადა. მათთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო დღეს ყველას ისე ვუყურებ, რომ უნდა იყვნენ იმ საღამოს დედოფლები. ჩემი გაპრანჭული ადამიანი უნდა ანათებდეს. ჩემთვის ყველა ერთია, ფულს ვიღებ, უფასოდ ვაკეთებ თუ საჩუქრად, ყველასთვის ვდებ ერთ შრომას.
თამარ იაკობაშვილი