საყურადღებო სიმპტომები, როდესაც აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი - გამოცდილი სპეციალისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
საყურადღებო სიმპტომები, როდესაც აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი - გამოცდილი სპეციალისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
რეპროდუქციული ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში. მისი შენარჩუნებისთვის აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაციებისა და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. რა სიხშირით უნდა ხორციელდებოდეს სათანადო ვიზიტები? როდის უნდა მიმართოს ორსულმა პირველად გინეკოლოგს? კონტრაცეფციის რა სახეობების გამოყენება შეუძლიათ ქალებს? რომელია მათგან უფრო სანდო და უსაფრთხო? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი ქ-ნი ხათუნა სოხაძე.

- როდის უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს, რა ტიპის ჩივილების დროს და რა ასაკში?როდისაა რეკომენდებული მოზარდის ვიზიტი გინეკოლოგთან?

- ქალმა 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გასინჯვა (შემოწმება) გეგმიურად,
რუტინულად. ეს არის სწორი მიდგომა. თუმცა დამეთანხმებით, რომ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენთან ამის განხორციელება ყველა ქალბატონისთვის არ არის მარტივი. ქალს, რომელიც ეწევა სქესობრივ ურთიერთობებს, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ფონური დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით, 12 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ე. წ. პაპ-ტესტი (ცერვიკალური ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა).
აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტის განხორციელება სხვადასხვა გინეკოლოგიური, ე.წ. ქალური ჩივილების დროს, როგორიცაა: ნებისმიერი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა მესამედში (მენსტრუალური თუ არამენსტრუალური); ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს; გენიტალური გზებიდან სხვადასხვა სახის გამონადენი: სისხლიანი, ჩირქოვანი, არასასიამოვნო სუნით და. ა.შ.; გარეთა სასქესო ორგამოების მიდამოში წვა, ქავილი, ხანგრძლივი დისკომფორტის არსებობა; მენსტრუაციის მოსვლამდე რამდენიმე დღის მანძილზე გამოხატული სხვადასხვა სახის ჩივილები,რასაც შეიძლება ჰქონდეს ყოველთვიური ხასიათი; მენსტრუალური ციკლის დარღვევები.
ძალიან
მნიშვნელოვანია მოზარდების სწორი ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხებში, რათა მოხდეს ისეთი პრობლემების თავიდან აცილება, როგორიცაა, ნაადრევად სქესობრივი აქტივობის დაწყება, სქესობრივად გადამდები ინფექციები.
ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს მაშინ, როცა კონტრაცეფციის გარეშე წყვილის სქესობრივი თანაცხოვრებისას, გადის ერთი წელი ან/და მეტი და სასურველი ორსულობა არ დგება.
40 წლის ასაკის შემდეგ ნელ-ნელა ქრება ქალის რეპროდუქციული ფუნქცია, ხასიათს იცვლის მენსტრუალური ციკლი, იწყება კლიმაქტერული პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს ფიზიოლოგიური ცვლილებებით არა მარტო სასქესო სისტემაში, არამედ მთელს ორგანიზმში; წყდება მენსტრუაცია; დგება მენოპაუზა. მართალია, ეს გახლავთ ბუნებრივი პერიოდი ქალის ცხოვრებაში, მაგრამ ვინაიდან ხშირად მას თან ახლავს სხვადასხვა სახის ჩივილი, რაც აუარესებს ქალის "ცხოვრების ხარისხს," საჭიროა გინეკოლოგისგან იმ რჩევა - რეკომენდაციების ან/და დანიშნულების მიღება, რაც ჰარმონიულობასა და სიმშვიდეს შესძენს შემდეგ წლებს ქალის ცხოვრებაში.

- როდის არის რეკომენდებული ორსულის პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან?

- სქესობრივი ცხოვრების არსებობის შემთხვევაში, როცა ქალს დროულად არ მოსდის მენსტრუაცია, იგი ხშირად სარგებლობს ორსულობის ექსპრეს-ტესტით, რომლის გამოყენება დამოუკიდებლად ძალიან მარტივია, მაგრამ დადასტურების შემთხვევაში, ეს არ არის საკმარისი. საჭიროა დარწმუნება იმაში, რომ ორსულობა ტიპიურად, საშვილოსნოს ღრუში მიმდინარეობს. ამისთვის, ქალმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოებით 10-14 დღეში და შესაბამისად ამ დროს განახორციელოს ვიზიტი გინეკოლოგთან სათანადო რჩევა - რეკომენდაციების, დანიშნულების მისაღებად, შემდეგი ვიზიტების დროულად დასაგეგმად, რაც აუცილებელია ორსულობის მიმდინარეობაზე სწორი ზედამხედველობისათვის.

- რას გვეტყოდით კონტრაცეფციაზე,რამდენად ხშირად იყენებენ საქართველოში ქალები კონტრაცეპტივს, კონტრაცეფციის რომელი მეთოდია უფრო "პოპულარული", სანდო და უსაფრთხო?

- მივმართოთ კონტრაცეფციას, გამოვიყენოთ კონტრაცეპტივი - ნიშნავს ვიზრუნოთ ოჯახის დაგეგმვაზე, შევინარჩუნოთ ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა. კონტრაცეფციის სხვადასხვა სახეობა თანამედროვე ქალს აძლევს საშუალებას, თავიდან აირიდოს არასასურველი ორსულობა და მაშასადამე, არასასურველი ორსულობის შეწყვეტით გამოწვეული მოსალოდნელი გართულებები.
კონტრაცეფციის მეთოდები მრავალფეროვანია. ესენია: ჰორმონალური დაარაჰორმონალური საშუალებები, საშვილოსნოშიდა კონტრაცეფცია, ბარიერული და ქიმიური საშუალებები, სტერილიზაციის მეთოდი და სხვ.
საქართველოში ქალბატონები მიმართავენ სხვადასხვა სახის კონტრაცეპტივს; ხშირად ცდილობენ გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ის საშუალება, რაც ხელმისაწვდომია მათთვის და გარკვეული ნაწილი ამას აკეთებს არასწორად. კონტრაცეფციის ამა თუ იმ სახეობის შერჩევა წყვილის მიერ უნდა ხდებოდეს გინეკოლოგთან კონსულტირებით, ვინაიდან საჭიროა, მიდგომა იყოს ინდივიდუალური, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ქალის ზოგადი და გინეკოლოგიური ჯანმრთელობა, რისი გამოყენება და როგორი სიხშირით ურჩევნია წყვილს, რამდენად უსაფრთხო, სანდო და ეფექტურია შერჩეული მეთოდი მათთვის. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტრაცეფციულ საშუალებას მოეთხოვება მისი მოხსნის შემდეგ ფერტილობის აღდგენა. იგი უნდა იყოს გამოსაყენებლად კომფორტული და ფასით - ხელმისაწვდომი.

- არასასურველი ორსულობების თავიდან ასაცილებლად იყენებენ ხოლმე ე.წ. მილების გადაკეტვას, რას იტყვით ამ მეთოდზე?

- არსებობს კონტრაცეფციის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ხალხში "მილების გადაკეტვით" იცნობენ. ეს გახლავთ ე.წ. სტერილიზაციის მეთოდი. იგი ტარდება ქირურგიულად საშვილოსნოს მილების დონეზე. კონტრაცეფციის ამ მეთოდის არჩევისას, სურვილის შემთხვევაში ქალი შემდეგში ბუნებრივად, რეპროდუქტოლოგების დახმარების გარეშე, ვერ შეძლებს ორსულობას. ეს წყვილმა აუცილებლად უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს.

- და ბოლოს, მიეცით რამდენიმე რჩევა ქალებს, რომლებიც გინეკოლოგთან ვიზიტზე უარს ამბობენ.

- საბედნიეროდ, დღეს ნაკლებად მეგულება ქალები, რომლებიც უარს ამბობენ გინეკოლოგთან ვიზიტზე, თუ რასაკვირველია, ეს არ არის დაკავშირებული მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან. და თუ არიან ისინი, ვისაც უბრალოდ არ უნდა გაესინჯოს გინეკოლოგს, ვეტყოდი, რომ ეს აუცილებლად საჭიროა, როგორც სათანადო ჩივილების არსებობის შემთხვევებში, ასევე ზოგადი, რუტინული გასინჯვისთვის, რათა მოხდეს შენარჩუნება ჯანმრთელი გინეკოლოგიური სტატუსის, რაც ნიშნავს ქალის, და მაშასადამე, ჩვენი მომავლის სიჯანსაღეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

თამარ იაკობაშვილი

8697
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
tamoo
1
chemi unikaluriii uwkvianesiii utbilesii xatoo
00:59 / 19-02-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი