რეპროდუქციული ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში. მისი შენარჩუნებისთვის აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაციებისა და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. რა სიხშირით უნდა ხორციელდებოდეს სათანადო ვიზიტები? როდის უნდა მიმართოს ორსულმა პირველად გინეკოლოგს? კონტრაცეფციის რა სახეობების გამოყენება შეუძლიათ ქალებს? რომელია მათგან უფრო სანდო და უსაფრთხო? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი ქ-ნი ხათუნა სოხაძე.
აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტის განხორციელება სხვადასხვა გინეკოლოგიური, ე.წ. ქალური ჩივილების დროს, როგორიცაა: ნებისმიერი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა მესამედში (მენსტრუალური თუ არამენსტრუალური); ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს; გენიტალური გზებიდან სხვადასხვა სახის გამონადენი: სისხლიანი, ჩირქოვანი, არასასიამოვნო სუნით და. ა.შ.; გარეთა სასქესო ორგამოების მიდამოში წვა, ქავილი, ხანგრძლივი დისკომფორტის არსებობა; მენსტრუაციის მოსვლამდე რამდენიმე დღის მანძილზე გამოხატული სხვადასხვა სახის ჩივილები,რასაც შეიძლება ჰქონდეს ყოველთვიური ხასიათი; მენსტრუალური ციკლის დარღვევები.
ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების სწორი ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხებში, რათა მოხდეს ისეთი პრობლემების თავიდან აცილება, როგორიცაა, ნაადრევად სქესობრივი აქტივობის დაწყება, სქესობრივად გადამდები ინფექციები.
ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს მაშინ, როცა კონტრაცეფციის გარეშე წყვილის სქესობრივი თანაცხოვრებისას, გადის ერთი წელი ან/და მეტი და სასურველი ორსულობა არ დგება.
40 წლის ასაკის შემდეგ ნელ-ნელა ქრება ქალის რეპროდუქციული ფუნქცია, ხასიათს იცვლის მენსტრუალური ციკლი, იწყება კლიმაქტერული პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს ფიზიოლოგიური ცვლილებებით არა მარტო სასქესო სისტემაში, არამედ მთელს ორგანიზმში; წყდება მენსტრუაცია; დგება მენოპაუზა. მართალია, ეს გახლავთ ბუნებრივი პერიოდი ქალის ცხოვრებაში, მაგრამ ვინაიდან ხშირად მას თან ახლავს სხვადასხვა სახის ჩივილი, რაც აუარესებს ქალის "ცხოვრების ხარისხს," საჭიროა გინეკოლოგისგან იმ რჩევა - რეკომენდაციების ან/და დანიშნულების მიღება, რაც ჰარმონიულობასა და სიმშვიდეს შესძენს შემდეგ წლებს ქალის ცხოვრებაში.
კონტრაცეფციის მეთოდები მრავალფეროვანია. ესენია: ჰორმონალური დაარაჰორმონალური საშუალებები, საშვილოსნოშიდა კონტრაცეფცია, ბარიერული და ქიმიური საშუალებები, სტერილიზაციის მეთოდი და სხვ.
საქართველოში ქალბატონები მიმართავენ სხვადასხვა სახის კონტრაცეპტივს; ხშირად ცდილობენ გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ის საშუალება, რაც ხელმისაწვდომია მათთვის და გარკვეული ნაწილი ამას აკეთებს არასწორად. კონტრაცეფციის ამა თუ იმ სახეობის შერჩევა წყვილის მიერ უნდა ხდებოდეს გინეკოლოგთან კონსულტირებით, ვინაიდან საჭიროა, მიდგომა იყოს ინდივიდუალური, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ქალის ზოგადი და გინეკოლოგიური ჯანმრთელობა, რისი გამოყენება და როგორი სიხშირით ურჩევნია წყვილს, რამდენად უსაფრთხო, სანდო და ეფექტურია შერჩეული მეთოდი მათთვის. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტრაცეფციულ საშუალებას მოეთხოვება მისი მოხსნის შემდეგ ფერტილობის აღდგენა. იგი უნდა იყოს გამოსაყენებლად კომფორტული და ფასით - ხელმისაწვდომი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თამარ იაკობაშვილი