იაკო ცუხიშვილი სამი შვილის დედაა. საკმაოდ წარმატებული გრიმიორია, არაერთგზის სერთიფიცირებული ვიზაჟისტი, ტრენერი, მათ შორის - პარიზული გამოცდილებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი მეორე პროფესიაა და არც ისე დიდი ხანია ამ სფეროშია, მისი ლაივები და ვიდეოგაკვეთილები, იქნება ეს სახის მასაჟზე, მაკიაჟზე თუ გრიმზე, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში და ბევრი მიმართავს რჩევისთვის. იაკო ჩვენს მკითხველსაც უზიარებს რჩევებს, საკუთარ გამოცდილებას ამ სფეროში და ასევე იმას, თუ როგორ ახერხებს ყველაფრის შეთავსებას.
- რამდენად რთულია მრავალშვილიანი დედობა და თან დატვირთული სამუშაო დღე, როგორ ანაწილებთ დროს?
- დიახ, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს. არაა მარტივი, აკეთო საკუთარი საქმე, მიხედო ოჯახს და იყო სულ ფორმაში, მაგრამ ეს უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას. ვიცინი კიდეც, მიქსერივით ვარ-მეთქი. მთავარია არ მოდუნდე, მე ასე უფრო დავიღლებოდი. არასოდეს მყოლია ძიძა, გადარეული დედა ვარ. გარედან თითქოს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი შრომა დევს ჩემს ცხოვრებაში, რაც ყველაზე მეტად მახარებს.
ძალიან რთულია,მაგრამ ამავდრიულად საინტერსო, აზარტული. სულ ტონუსში ხარ. არასოდეს მივცემ საკუთარ თავს უფლებას, მივეცე სასოწარკვეთას. ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავთან. რამდენჯერ ღამე გამითენებია, რომ მეორე დღეს ჩემს შვილებს არ მოჰკლებოდათ ჩემი ხელი. ყოფილა პერიოდი, ღამის სამ საათზე ვდგებოდი და მივდიოდი გადაღებაზე და იქ ვიყავი საღამოს შვიდამდე. ამ დროს მეუღლე მიწყობდა ხელს, მაგრამ მოვდიოდი და საოჯახი საქმე უამრავი მხვდებოდა, არ მეზარებოდა. მამას ვგავარ, ისიც დაუღალავია ჩემსავით და მადლობა მას, რომ ასეთი ენერგიითა და შრომისუნარიანობით დამასაჩუქრა...
- რა არის ის აუცილებელი რუტინა, რაც ყველა ქალს მოეთხოვება, იმისათვის, რომ კარგადაც გამოიყურებოდეს და ჯანმრთელადაც ჰქონდეს კანი?
- ყველაზე აუცილებელია ჯანსაღი კვება და ბევრი წყალი. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, არასოდეს არ უნდა დაწვეთ მაკიაჟით, იმ მტვრით, რაც მთელი დღე ედება სახის კანს, აუცილებლად უნდა დაიბანოთ და წაისვათ ღამის მკვებავი და დილით კრემი spf-ით... და არ დაგეზაროთ სახის მასაჟის გაკეთება საკუთარი ხელით...
- რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კოსმეტიკის შერჩევის, ნიღბებისა და კრემების წასმისა და მაკიაჟის გაკეთების დროს?
- ეს ყველაზე რთული საკითხია, რომელსაც ბევრი ქალი ვერ ირჩევს სწორად. ამიტომაა, რომ ხარჯავენ უამრავ თანხას იმის ძიებაში, რა არის მათთვის საუკეთესო... გქონდეს ბევრი, ეს არ ნიშნავს, რომ იდეალური სახის კანი გექნება. მთავარია გქონდეს ორი პროდუქტი და იყოს სწორად შერჩეული. არასოდეს შეიძინოთ სახის და თმის მოვლის საშუალებები, თუ თქვენ სერიოზული პრობლემა გაქვთ - ვგულისხმობ აკნეს, თმის ცვენას, - სპეციალისტის გარეშე. ამ დროს ჯობია, გაიგოთ მიზეზი და შემდეგ თქვენი დერმატოლოგი შეგირჩევთ სწორ მკურნალობას. ასეთ დროს მეტ თანხებს დაზოგავთ, ვიდრე ეძებოთ სხვადასხვა და კანსაც ავნოთ. აუცილებლად გამოიყენეთ საცხები ასაკის მიხედვით... რაც შეეხება მაკიაჟს, ამაზე შემიძლია სულ ვისაუბრო, რადგან უამრავ შეცდომას უშვებენ. პირველი ის, რომ ყიდულობენ გაურკვეველი წარმომავლობის დეკორატიულ კოსმეტიკას, რაც იწვევს ბევრ პრობლემას. ყოველთვის ვამბობ, თუ არ აქვთ საშუალება იყიდონ მაღალი ხარისხის ბრენდი, არსებობს დაბალბიუჯეტური ალტერნატივა, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არაა ჩინური ან დუბაის პატენტი და დაცულები ხართ ზედმეტი დერმატოლოგიური პრობლემებისაგან. საკმაო სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ.
- ლაივჩართვებში ასახელებთ ხოლმე უბნებს, რომლებსაც არ უნდა შეეხონ სახის მასაჟის თუ კრემის წასმის დროს...
- როგორც ტანს, ასევე სახეს საოცრად უხდება მასაჟი. ეს უნდა შესრულდეს ზეთებით, რომელიც არ უნდა დაიტოვოთ სახეზე - მასაჟის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით. ვინაიდან კეთდება ძლიერი თითის დაწოლით, არ ვეხებით ისეთ უბნებს, სადაცაა საფეთქლები და ლიმფური ჯირკვლები, რომ არ მოხდეს მათი გაღიზიანება.
- ყველაზე იაფი და მარტივი საშუალება ყინულის კუბებია, რომლებზეც თქვენც საუბრობთ ხოლმე. საინტერესოა ყინულის დამზადების და წასმის მეთოდი და ისიც, თუ ვისთვის არ შეიძლება?
- ყინულის კუბიკებს ვამზადებ გვირილით, ესაა ერთადერთი პროდუქტი, რომელიც არ აღიზიანებს კანს, პირიქით, გვირილას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. მას ვიყენებ შხაპის მიღების შემდეგ, ცხელი და ცივის თანხვედრა სტიმულატორია კანის. არ ვაჩერებთ ერთ ადგილზე, ვატრიალებთ მასაჟის მიმართულებით. არ ვიყენებთ მას, თუ გვაქვს ჰაიმორიტი, ეროზია, აკნე, როზაცეა.
Video გრიმის ვიდეოგაკვეთილი იაკო ცუხიშვილისგან
- ახლა მოდურია ფილერები და ბოტოქსი. ამაზეც იქნებ თქვათ რამდენიმე სიტყვა.
- ყველაზე მეტად მეშინია. ვერასოდეს გავიკეთებ, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. იცით რა ხდება? ეს ის მომენტია, რომ შემდეგ სულ უნდა იკეთო, ამ დროს ითიშება კუნთი და ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, ბუნებრივად იმუშაოს. გაიკეთეთ ბიორევიტალიზაცია, პილინგი, წმენდა... ძალიან ბევრი საშუალებაა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სახეზე ქირურგიული ჩარევების, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავენ და თითქოს ყველა ერთმანეთს ემსგავსება. მიყვარს ინდივიდუალიზმი.
- სახის ნიღბის რომელიმე მარტივი რეცეპტი გაუზიარეთ ჩვენს მკითხველს და მიეცით რამდენიმე რჩევა ქალებს, რომლებიც ვერ იცლიან საკუთარი თავის მოვლისთვის.
- ქალმა ყოველთვის უნდა მოიცალოს საკუთარი თავისთვის, ეს უნდა იქცეს მათ დევიზად. დაუთმეთ ნახევარი საათი დღეში თქვენს თავს. რამდენჯერ გადაღლილი ვყოფილვარ, ვერ ვდგებოდი ფეხზე, მაგრამ როდესაც ბავშვები დამიძინებია, თავს ძალა დამიტანებია და მითქვამს: იაკო, არ დანებდე!
სახის ნიღბები ინდივიდუალურია, ძალიან მიყვარს თაფლი, ოღონდ არ ინდა იყოთ ალერგიული. თაფლს ვურევ ზეითუნის ან ყურძნის წიპწის ზეთს და ვიმასაჟებ სახეს. თაფლი ესაა ანტიოქსიდანტი, ასტიმულირებს სახეს,ხელს უწყობს სახის კუნთების მუშაობას.
წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონებს და შემართებას, რომ არასოდეს მოდუნდნენ საკუთარ თავთან.