ამ დიეტის ავტორია ექიმი, კარდიოლოგი რობერტ ატკინსი, რომელმაც თავისი მეთოდი 1972 წელს გამოცემულ წიგნში „ექიმ ატკინსის დიეტური რევოლუცია“ აღწერა. მისი დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
დიეტის ძირითადი არსი რაციონში ნახშირწყლების მკვეთრი შემცირებაა. პირველ ეტაპზე (2 კვირა) დღეში მხოლოდ 20გრ. ნახშირწყლების მიღება ხდება (რაც 2 კოვზ შაქარს შეესაბამება). ცილების და ცხიმების რაოდენობა რაციონში არ იზღუდება. ამ პერიოდში იწყება ენერგიის წყაროდ ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმების გამოყენება. იმის გამო, ეს ფაქტი საჭმლის მომნელებელ პროცესში ცვლილებებს იწვევს, დიეტის პირველ დღეებში სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ჩნდება. მომავალ დღეებში, როგორც ატკინსი და მისი დიეტის მიმდევრები ირწმუნებიან, იგრძობთ ემოციურ და ენერგეტიკულ აღმავლობას, მოგემატებათ აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი.
ნახშირწყლების შემცირება რაციონში მთელი რიგი დამოკიდებულებებისგან ათავისუფლებს ადამიანს. ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ქალებს, გარკვეული პროდუქტების მიმართ სწრაფვა გააჩნიათ. უმეტესად ეს პროდუქტებია – ტკბილეული, ცომეული და სახამებლიანი (პური, კარტოფილი და სხვ.), ასევე კოფეინი და ალკოჰოლი. ყველაზე „საყვარელი“ კი ცხიმების და ნახშირწყლების კომბინაციაა – ტორტი, ნამცხვრები, შემწვარი კარტოფილი, ჩიპსები და ა.შ.). მსგავსი საკვები კი ფიგურის პირველი მტერია. დიეტა ეხმარება სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას, რომელიც რაფინირებული ტკბილეულის მოყვარულებში მუდმივად მერყეობს. ორგანიზმის უნარი სწრაფად აითვისოს ნახშირწყლების დიდი დოზები, ინდივიდუალურია. ადამიანების უმეტესობას მაღალნახშირწყლოვანი კვების შედეგად ინსულინის რეზისტენტულობა უვითარდება, რაც დროთა განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. ცილოვანი კვება ზრდის კვებით თერმოგენეზს, ანუ ენერგიის დანახარჯებს საჭმლის ათვისებაზე. აქედან 30%-მდე კალორიები, რომელიც მიეწოდება ცილოვან საკვებთან ერთად, მათ მონელებაზე იხარჯება. დაბალკალორიული მწვანე პროდუქტები, რომელთა წილი დიეტაში დიდია და უჯრედისის კარგ წყაროს წარმოადგენს, წონის დაკლებას უწყობს ხელს.
ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება:
შესავალი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.
პირველი ეტაპის განმავლობაში იწყება ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანიზმი ეჩვევა ენერგიის წყაროდ არა ნახშირწყლების, არამედ ცხიმების გამოყენებას. ხდება ფსიქოლოგიური მიჩვევა კვების და ცხოვრების ახალ წესთან. ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე წონის კლება მაქსიმალურად სწრაფად ხდება ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნის, ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვის და ცხოვრების წესის შეცვლის ხარჯზე.
მეორე ეტაპზე, იწყება რაციონში ახალი პროდუქტების დამატება და ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმის გაზრდა. ასევე ემატება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები და მენიუს შედგენა საყვარელი კერძებით ხდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე მოსინჯვის და შეცდომების საშუალებით შეიძლება ნახშირწყლების მოხმარების საკუთარი დოზის პოვნა, რომელიც შეიძლება ან 20 ან 100 გრამს შეადგენდეს ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით: ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე, ასაკი, ფიზიკური აქტიურობის დონე და სხვა ფაქტორები.
მესამე ეტაპზე, ხდება მიღწეული შედეგების დასტაბილურება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ცოტაოდენი კლებაც. თუ ნახშირწყლების ინდივიდუალური ნორმა ნაპოვნი არაა, გრძელდება სადღეღამისო მოხმარების რაოდენობის ზრდა და პროდუქტების დიაპაზონის გაფართოება. ფიზიკური აქტიურობის მომატება საშუალებას იძლევა გაიზარდოს რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა ფიგურისათვის ზიანის მიყენების რისკის გარეშე.
მეოთხე ეტაპი ეს დაბალნახშირწყლოვანი კვებაა მთელი ცხოვრება. ოპტიმალური წონის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია სამუდამოდ რაციონიდან გამოირიცხოს მაღალნახშირწყლოვანი პროდუქტები, ისეთი, როგორიცაა ნამცხვრები, ცომეული, ტკბილეული ან მათი მოხმარება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი (ნახშირწყლების ინდივიდუალური ნორმის ფარგლებში).
ატკინსის დიეტის პირველი ეტაპი:
პირველი ეტაპი 2 კვირა გრძელდება და ინდუქციის ფაზა ეწოდება. ამ პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა ახალი ტიპის კვებას, გადადის ლიპოლიზის რეჟიმში (ენერგიის წყაროდ ცხიმები გამოიყენება და არა ნახშირწყლები).
პირველი ეტაპის განმავლობაში ნახშირწყლების რაოდენობა მცირება დღეში 20 გრამამდე. ამ მიზნით, რაციონიდან ამოიღება ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს, მაგრამ ეს არ ეხება არასახამებლიან ბოსტნეულს. ასევე გამოირიცხება ალკოჰოლი და კოფეინი, რომელიც ასტიმულირებს მადას და ხელს უშლის წონაში კლებას. არ შეიძლება აკრძალული პროდუქტების გამოყენება მცირე რაოდენობითაც კი, რადგან მაგალითად 1 კოვზი შაქარი, უკვე 10 გრამი ნახშირწყლებია და დიეტის ამ ეტაპზე დაშვებული დღიური ნორმის 25%-ს შეადგენს.
დაშვებულია ნებისმიერი სახის ცილების და ცხიმების, ასევე მათი კომბინაციის მიღება. მზა პროდუქტების ან ნახევარფაბრიკატების გამოყენებისას აუცილებელია შეფუთვაზე მითითებული მათი შემადგენლობის შესწავლა. ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ნახშირწყლები. ასე მაგალითად, მზა სოუსები შეიცავს შაქარს და სახამებელს, ხორცის ნახევარფაბრიკატებში პრაქტიკულად ყოველთვისაა დამატებული ნახშირწყლოვანი კომპონენტი, ხოლო პროდუქტების უცხიმო ვარიანტები კი შეიძლება ნახშირწყლების მოჭარბებულ რაოდენობას შეიცავდეს მათ ჩვეულებრივ ანალოგებთან შედარებით. შეეცადეთ უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს მიანიჭოთ, ან როცა საშუალება გაქვთ თავად მოამზადოთ.
კვების რეჟიმი დიეტის პირველ ეტაპზე ჩვეულებრივი რჩება. შეგიძლიათ ჭამოთ დღეში სამჯერ, ან წაიხემსოთ შუალედებში. ჭამა ნებისმიერ დროს შეიძლება. პორციები ჩვეულებრივი რაოდენობის დარჩება, აუცილებელია დანაყრების გრძნობამდე ჭამა, ოღონდ არა ძღომამდე.
ატკინსის დიეტის პირველი ეტაპის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს წყლის საკმარისი რაოდენობით მოხმარებას. დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროს ეს მნიშვნელოვანია. საჭიროა დღეში არანაკლებ 2-3 ლიტრი წყლის დალევა. რადგან კვების კარდინალური ცვლილებები ორგანიზმისთვის სტრესს წარმოადგენს, აუცილებელია მულტივიტამინების კომპლექსის მიღება. ყაზბობის შემთხვევაში საჭიროა უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების მოხმარების რაოდენობის გაზრდა.
შეეცადეთ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, მოიძიოთ ახალი რეცეპტები. შეიძინეთ ახალი სახეობის ხორცი და თევზი, მრავალფეროვანი ბოსტნეულის ასორტიმენტი (წინასწარ გაარკვიეთ მათში ნახშირწყლების რაოდენობა). მოამზადე ბოსტნეულის სუპები და ნოყიერი სალათები, ბოსტნეულის პიურეები, რაგუ და ბოსტნეულის გარნირები. ყოველი ჭამის დროს მიიღეთ ხარისხიანი ცილა, წახემსება შეიძლება ყველით და კიტრით. რესტორანში ნებისმიერი ხორციანი კერძის (სახამებლიანი საწებელების და ამოსავლების გარეშე), თევზის, ზღვის პროდუქტების, ძეხვეულის, ასევე მწვანე ბოსტნეულის სალათების და ზეთისხილის მირთმევა შეგიძლიათ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი მენიუ, უფრო ადვილად გაართმევთ თავს ატკინსის დიეტას, განსაკუთრებით პირველ, ყველაზე რთულ ეტაპს.