ეს განცდა განსაკუთრებულად იმ ქალებს სდევთ თან, რომლებსაც ბევრი საქმის კეთება ერთდროულად უწევთ - ბავშვებსაც უნდა მიხედონ, სამსახურის საქმეებიც აკეთონ...
ასეთი მდგომარეობა ყველაზე ხშირად ემოციური გადატვირთვის შედეგია. თუ დაისვენებთ, წესრიგში მოიყვანთ თქვენს საქმესა და სულიერ მდგომარეობას, ყველაფერი გაივლის. მაგრამ, თუ ასეთი ქცევა აკვიატებული ხდება, შიში ხშირად გეუფლებათ, სახლში რამდენჯერმე ბრუნდებით ან კიდევ უარესი, მშვენივრად გახსოვთ, რომ გამორთეთ, ჩააქრეთ, დახურეთ, მაგრამ მაინც მოუსვენრად ხართ, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ და გამონახოთ გზა, რომელიც დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
ეს განცდა ალბათ განსაკუთრებულად იმ ქალებს სდევთ თან, რომლებსაც ბევრი საქმის კეთება ერთდროულად უწევთ - ბავშვებსაც უნდა მიხედონ, ქმარსაც, სახლსაც, სამსახურის საქმეებიც აკეთონ და მომავალზეც იფიქრონ, რომ ოჯახური პერსპექტივები უზრუნველყონ. დღევანდელ გიჟურ ტემპებში თითქმის ყოველ მეორე ქალს აქვს ეს პრობლემა - ან დაბნეულია და ყველაფერი ავიწყდება, ან არ ავიწყდება, მაგრამ ჰგონია, რომ დაავიწყდა და სულ ღელავს. ეს ყველაფერი გადაღლილობის ბრალია - გონებრივი, ემოციური და ფიზიკური გადაღლილობის.
შიში, წუხილი, მღელვარება ანუ შინაგანი განგაში, ყველაზე გავრცელებული უარყოფითი ემოციაა. ვლინდება შინაგანი დაძაბულობით, გაურკვეველი, მტანჯველი წინათგრძნობით, უბედურების მოლოდინით. ადამიანი ადგილს ვერ პოულობს, არც ყურადღების კონცენტრაცია შეუძლია. თუ ჰკითხავ, სახელდობრ რისი ეშინია, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ.
ამ გრძნობასთან გასამკლავებლად ყველას საკუთარი მეთოდი აქვს. ზოგი შინ ბრუნდება, რომ შეამოწმოს, ყველაფერი წესრიგშია თუ არა; ზოგიც რიტუალებს იგონებს ("თუ დავინახავ ხუთ მანქანას ბედნიერი ნომრით - ყველაფერი კეთილად დამთავრდება'), მაგრამ ყველაფერ ამას ხანმოკლე ეფექტი აქვს. რამდენიმე ხნის შემდეგ შინაგანი განგაში კვლავ ახალი ძალით გეუფლებათ.
როცა ყველაფერი რიგზეა, მშვიდად ვცხოვრობთ. არც წარსულს განვიცდით და არც მომავლის გვეშინია. ბევრ რამეს დაუფიქრებლად, ავტომატურად ვაკეთებთ, მაგრამ ცნობიერება აფიქსირებს: უთო ჩაირთო-გამოირთო. მაგრამ, თუ ადამიანი მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ცხოვრობს, თავი კი შავი ფიქრებით აქვს დამძიმებული, ცნობიერება უარს აცხადებს დაიხსომოს ისეთი წვრილმანი, როგორიცაა უთო ან სახლის კარი. ასეთ დროს საკმარისია ერთი გაფიქრება, რომ მაშინვე განგაში მოგვიცავს, გულის ცემა გვიჩქარდება, ცახცახი გვიპყრობს, სუნთქვა გვეკვრის და სასწრაფოდ შინ ვბრუნდებით. როცა დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა, თითქოს ვმშვიდდებით, მაგრამ იმ საგნისადმი მგრძნობელობა მატულობს, რომელმაც ეს ღელვა გამოიწვია. თუ ისე მოხდა, რომ შინ დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, შიში ასჯერ უფრო მწვავე, მტანჯველი ხდება და გულის შეტევამდე თითქმის ერთი ნაბიჯია.
როგორ დავძლიოთ განგაში?
ეცადეთ, მეტად ყურადღებიანი იყოთ იმ მოქმედებების მიმართ, რომლებსაც ავტომატურად აკეთებთ.
არსებობს ასეთი მეთოდი: სადენის შტეფსელიდან გამორთვისას ან საკეტში გასაღების გადატრიალებისას, ხმამაღლა წარმოთქვით: "უთო გამოვრთე", "კარი დავკეტე". როგორც კი ეჭვი ღრღნას დაგიწყებთ, მაშინვე გაიხსენებთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ.
ზოგჯერ გულდაჯერებულობა, რომ სახლში ყველაფერი რიგზეა, შიშისა და ღელვის შეგრძნებას მაინც ვერ გიხსნით. ამ შემთხვევაში რელაქსაციის მეთოდს მიმართეთ, მიიღეთ ვალერიანის წვეთები ან მედიტაცია გააკეთეთ.
რაიმე კარგზე იფიქრეთ. ასევე ეფექტურია ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მეთოდი, ეს ადამიანს ხშირად ამშვიდებს.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შინ დაბრუნება და ყველაფრის შემოწმება აუტანლად გსურთ? ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ამბობენ: "უმჯობესია შინ დავბრუნდე, ვიდრე მთელი დღე ვიტანჯო". თუ დაბრუნება ჩვევად გექცათ, შეეცადეთ, ასეთი ქმედებისგან თავი შეიკავოთ და სასწრაფოდ სხვა საქმეზე გადაერთოთ.
ყველაფერი უნდა მოსინჯოთ, რათა განგაშის შეგრძნებას მოერიოთ. რა თქმა უნდა, ცხოვრება ხშირად გვაიძულებს დაძაბული ვიყოთ. მაგრამ შეიძლება ზოგ რამეზე შეგნებულად უარი ვთქვათ. მაგალითად, არ უყუროთ დაძაბულ ფილმებს, გადაცემებს, მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ და თქვენი სიკეთით ბოროტად სარგებლობენ.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მაქსიმალურად ეცადოთ დამშვიდებას და ცოტა დაწყნარებას. ყოველდღე დასახეთ პრიორიტეტები - რა უფრო მნიშვნელოვანია, რისი გადადება დებს სხვა დროისთვის და რის გაკეთება ჯობს დღეს. იქნებ მოახერხოთ და რაღაცები ოჯახის სხვა წევრებს, სამსახურში კოლეგებს გადაუნაწილოთ. ერთხელ და ორჯერ არ გამოუვათ და იფიქრებთ, ისევ ჯობდა მე გამეკეთებინაო, მაგრამ მერე მიეჩვევიან და გააკეთებენ. ყველა ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დედა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. ასეთ გიჟურ რიტმში კი ვერც ჯანმრთელი იქნებით, ვერც ბედნიერი და თქვენი დაძაბულობა და ისტერიკები სხვებსაც გადაედებათ. არ ღირს ასეთი თავგანწირვა, ამას მხოლოდ ცუდი შედეგები მოაქვს, პირველ რიგში თქვენთვის.
ასევე იხილეთ: უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?
5 რამ, რაზეც ახალგაზრდა დედამ უარი არ უნდა თქვას