როგორ ვებრძოლოთ დისკომფორტს სურდო დაავადების სიმპტომია და არა დაავადება. მას ძირითადად გაციება იწვევს.
ყოველ 60 წამში 16-18 ჩასუნთქვას ვაკეთებთ. ჰაერში კი უამრავი მტვერი, ალერგენი, ბაქტერია და ვირუსია. ამ საზიზღრობებისგან დაცვის პირველი ბარიერი ცხვირია. ჩვეულებრივ პირობებში ეს უკანასკნელი კარგად უმკლავდება ჰაერში შემავალ უამრავ საშიშროებას; მაგრამ საკმარისია დადგეს ცივი პერიოდი, რომ ცხვირის დამცველი მექანიზმი ვეღარ ებრძვის 200-ზე მეტი დასახელების რესპირატორული ვირუსის მასობრივ შემოტევას. ისინი კი მშვენივრად იბუდებენ ლორწოვან გარსში და იწყებენ გამრავლებას.
იმისათვის, რომ ლორწოვანი გარსი გათავისუფლდეს ვირუსებისაგან, იწყებს ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფას, რომელიც გამორეცხავს მავნე ალერგენებს. ამ სადრენაჟო სისტემამ უფრო ეფექტურად რომ იმუშაოს, ბუნებამ ცემინება გამოიგონა ლორწოსა და ვირუსების ფორსირებული გამოდენისათვის.
თუ სურდო მაინც შეგეყარათ
ნუ წახვალთ სამსახურში. სახლში დოლბანდაფარებულმა იარეთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და ყოველდღიურად თბილი შხაპი. წყალი კარგად ჩამორეცხავს ინტოქსიკაციის პროდუქტს, რომელიც ოფლთან ერთად გამოიყოფა. "შეიარაღდით" ერთჯერადი ცხვირსახოცებით. ნაჭრის, ძალიან ლამაზი ცხვირსახოციც კი, მომენტალურად ვირუსების ბუდე ხდება. ნუ შეჭამთ ბევრს, მოკრძალებული დიეტა (რძე და მცენარეული პროდუქტები) ზოგავს ენერგიას, რომელიც სურდოსთან საბრძოლველად გჭირდებათ. არ დაივიწყოთ სახლის განიავება, სუფთა ჰაერი ძალიან სასარგებლოა.
სურდოს ექსპრეს-მკურნალობა
ყველამ იცის, რომ სურდოს, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, ერთი კვირა უნდა "დაუთმოს". მიუხედავად ამისა, არსებობს ექსტრემალური მეთოდები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში მწყობრში ჩაგაყენებთ.
მენთოლი და პიტნა _ ამ ნივთიერებების შემცველი აბები დროებით მაინც გაგათავისუფლებთ სურდოსგან, იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი შეხვედრა გაქვთ.
აბაზანა _ 38-39-გრადუსიან წყალში გახსენით 4 კოლოფი სუფრის მარილი (მსხვილი) და ჩაწექით აბაზანაში 30-40 წუთით. მუდმივად ამატეთ ცხელი წყალი. ასეთი აბაზანა გაგათბობთ, ხელს უწყობს ნოტიო ჰაერის ინჰალაციას და ამცირებს სურდოს. ღამით საწოლში მეორე ბალიშიც დაიდეთ, რითაც შეამცირებთ ცხვირის "გაჭედვას" და გამონადენს.
დიეტა სურდოს დროს
. არ გაგიკვირდეთ! სურდოს სპეციალური კვება ესაჭიროება. საქმე ის გახლავთ, რომ სურდოს დროს ადამიანი 2,5 ლიტრამდე სითხეს კარგავს. დანაკარგს კი აქტიურად სჭირდება შევსება.
. გრეიპფრუტის, ფორთოხლის ან ბროწეულის წვენი (1 ჭიქა) გააზავეთ ანადუღარი წყლით (1:1) და დალიეთ.
. მოამზადეთ ვაშლის ლიმონათი ამერიკული რეცეპტით: 1 ჭიქა მდუღარეში შეურიეთ 1-2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ამდენივე თაფლი. დალიეთ ცხელი.
. ჩაი ჟოლოს მურაბით ან ლიმნით - რეკლამა ნამდვილად არ სჭირდება.
. არ დაივიწყოთ ქათმის ბულიონი. მასში შემავალი ამინომჟავა ამცირებს ცხვირიდან გამონადენს, ხოლო სასიამოვნო არომატი ანოტივებს ცხვირის ლორწოვან გარსს.
სურდომ რომ არ დაგძლიოთ
. რომ არ დაავადდეთ, მოამზადეთ შემდეგი ნაზავი: დააქუცმაცეთ ნივრის 8 კბილი და გაუფცქვნელი ნახევარი ლიმონი, დაასხით 0,5 ლ ანადუღარი გაციებული წყალი და გააჩერეთ 4 დღე ბნელ ადგილას. ზამთარში, აპრილის დადგომამდე, ყოველდღიურად, ჭამამდე 20 წუთით ადრე, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი.
. ადენოვირუსები - სურდოსა და გაციების ხშირი მიზეზი, ორგანიზმში არა მხოლოდ სასუნთქი გზებით, არამედ თვალის ლორწოვანი გარსითაც შეიძლება მოხვდნენ. ეს რომ არ მოხდეს, არასოდეს შეეხოთ სახეს და თვალებს ტრანსპორტსა და ქუჩაში. რაც მთავარია, სახლში ან სამსახურში მისვლისთანავე დაიბანეთ ხელები.
. გამოირეცხეთ ცხვირი განსაკუთრებით ქუჩაში, ტრანსპორტში, მტვრიან შენობებში ყოფნის შემდეგ. აიღეთ თბილი, გაზგასული მინერალური წყალი ან ერთი ლიტრი მარილიანი წყალი (1 ჩ.კ. მარილი ნახევარ ლიტრ ანადუღარ წყალში). სუფთა ოყნით (პატარა ზომის) შეისხით ცხვირში, შემდეგ დაიხარეთ და ხსნარი ცხვირიდან გამოდენეთ. პროცედურა 2-3-ჯერ გაიმეორეთ, თითოეულ ნესტოში. ასევე ეფექტურია ფიზიოლოგიური ხსნარი.
მუჭში ჩაბღუჯული ცხვირსახოცი, შესიებული გაწითლებული ცხვირი და თვალები, დაღლილი გამომეტყველება - თუ ასეთი ქუჩაში დაინახეთ, ერიდეთ, თუ სარკეში - დროა იმკურნალოთ.