ჟურნალისტი, რომელმაც უმარტივესი გზით 6 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო: "მე ეს შევძელი, მაგრამ გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ" - მშობლები

ჟურნალისტი, რომელმაც უმარტივესი გზით 6 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო: "მე ეს შევძელი, მაგრამ გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ"

2021-11-03 19:52:15+04:00

ჟურნალისტმა, bpn.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ელზა წიკლაურმა მოახერხა, რომ 6 თვეში 30 კილოგრამი დაეკლო ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის, ძვირადღირებული მწვრთნელების მომსახურებისა თუ საგანგებოდ შედგენილი დიეტების გარეშე. როგორ მიაღწია ამ საოცარ შედეგს ისე, რომ ყველაფერს თავად, სპეციალისტების გარეშე გაართვა თავი, ელზა თავად გვიამბობს:

- არასდროს ვყოფილვარ გამხდარი, მაგრამ არც არასდროს ვიყავი ისეთი ჭარბწონიანი, როგორიც ბოლო 6-7 წლის განმავლობაში. არ ვიცი, რატომ „გამექცა“ წონა, მაგრამ „გამექცა“ და წლების განმავლობაში მის „დაჭერას“ ვეღარ ვახერხებდი. იყო პერიოდი, როდესაც ვცდილობდი, რომ თავი ხელში ამეყვანა და დიეტა დამეწყო, მაგრამ ყველა ეს მცდელობა კრახით სრულდებოდა. სუსტი ნებისყოფის არ ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში სისუსტეს ვიჩენდი. დღეს ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე, იმ წლებზე, იმ პერიოდის ჩემს უნებისყოფობაზე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ დასახულ მიზანს ახლა მაინც მივაღწიე, ავიყვანე თავი ხელში და გავხდი ძველი ელზა. მე ეს შევძელი, მაგრამ გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ...

- რამდენი დრო დაგჭირდა ამ შედეგისთვის?

- ყველაფერი მაისში დაიწყო, თუმცა ფსიქოლოგიური მზადება - ცოტა ადრე...

2021 წლის 10 მაისიდან დავიწყე ვარჯიში, უფრო ზუსტად, სირბილი და ფეხით სიარული. პარალელურ რეჟიმში უბნებში განთავსებულ ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდი, მაგრამ ძალიან მცირე ხნით, დიდხანს ვარჯიშს ვერ ვახერხებდი, რადგან წონა დიდი მქონდა. დღის განმავლობაში ვიკვებებოდი ოთხჯერ, მცირე ულუფებით. ამოვიღე ცომეული და ძირითადად ვიღებდი მოხარშულ პროდუქტს.

2-თვიანმა ვარჯიშმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა თავის პირველი შედეგი გამოიღო, დავიკელი 10 კილოგრამი, ივნისის ბოლოდან კი არტერიული წნევის მარეგულირებელი მედიკამენტი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ყოველ დილით ვიღებდი, აღარ დამილევია.

თუნცა ამავე პერიოდში „გაიყინა“ წონა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესი არ შემიცვლია, არც კვების რაციონი, კლება აღარ მიმდინარეობდა და ერთი კვირის განმავლობაში სასწორზე ციფერბლატი თითქმის ერთიდაიგივე მაჩვენებელს აჩვენებდა.

- ეს პრობლემა ბევრისთვის ნაცნობია და როგორც წესი, ყველაზე მეტად ამ პრობლემის გადალახვა უჭირთ. შენ ამას პროფესიონალის დახმარების გარეშე გაუმკლავდი?

- „გაყინვასთან“ დაკავშირებით გავეცანი ინფორმაციას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წყაროებზე და ყველგან ეწერა, რომ ეს იყო ორგანიზმის ჩვეულებრივი რეაქცია. იყო რჩევებიც - ან სამი დღის განმავლობაში ჩემი კვების რაციონში მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი უნდა ჩამერთო, ან 3 დღის განმავლობაში ძველი კვების რეჟიმზე გადავსულიყავი, მეჭამა პური, შემწვარი და ა.შ. გადაწყვეტილება ამ უკანასკნელზე შევაჩერე, რადგან ერთი სახეობის პროდუქტს არათუ 3 დღე, არამედ ერთი სადილის დროსაც ვერ ვიღებ. 3 დღის განმავლობაში ჩემს კვების რაციონში დაბრუნდა პური, შემწვარი კარტოფილი, შემწვარი თევზი და ა.შ. რა თქმა უნდა, ვაგრძელებდი ვარჯიშსაც. 3-დღიანი „გადატვირთვის“ რეჟიმის შემდეგ, მე-4 დღიდან კვლავ ჯანსაღ კვებაზე გადავედი და მე-5 დღიდან წონაც „დაიძრა“. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ 3 დღის განმავლობაში წონაში მხოლოდ ერთი კილოგრამი მოვიმატე. მას შემდეგ, როდესაც წონა „მეყინება“, ორგანიზმი 3-დღიან “გადატვირთვის“ რეჟიმზე გადამყავს, ეს ჩემს შემთხვევაში კარგად მუშაობს.

mshoblebi

- შენი კვების რაციონი როგორია?

- რაც შეეხება კვების რაციონს - ის ყოველდღიურად განსხვავებულია, ძირითადად, მივირთმევ მოხარშულ პროდუქტს და როგორც უკვე აღვნიშნე, შემწვარს მხოლოდ „გადატვირთვისას“. არ ვამბობ უარს შავ შოკოლადზე, რომელსაც განსაკუთრებით გვიან საღამოს ვჭამ. და კიდევ, თუ თავიდან დღის განმავლობაში საკვებს 4-ჯერ ვიღებდი, უკვე 3 თვეზე მეტია 3-მდე შევამცირე.

დაკლებული წონის შემდეგ უკვე შევძელი სავარჯიშო სივრცეში განთავსებულ თითქმის ყველა ტრენაჟორზე მევარჯიშა, მანამდე ვერ ვახერხებდი. ყველაზე ეფექტური კი, ჩემს შემთხვევაში ე.წ. თხილამურები გამოდგა. უკვე 2 თვეა „თხილამურებზე“ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში ვდგავარ და 30 წუთის განმავლობაში 5 კილომეტრზე მეტს გავდივარ.

ასე ვაპირებ გაგრძელებას, ვიდრე მინიმუმ კიდევ 10 კილოგრამს არ „დავემშვიდობები“. საბოლოო ჯამში კი ამ 6-თვიანი ვარჯიშის და სწორის კვების შედეგად თითქმის 30 კილოგრამი დავიკელი.

- სხვა შენს ადგილას ალბათ სპორტდარბაზს მიაშურებდა და მწვრთნელს აიყვანდა.

- შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ავარჩიე უბანში განთავსებული ტრენაჟორები და რატომ არა სპორტდარბაზი? - ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი - ეპიდემიური მდგომარეობა, რაც მაბრკოლებს, რომ დარბაზში ვიარო და მეორე მთავარი მიზეზი - ეს არის სუფთა ჰაერზე ვარჯიში.

დაკლებულმა წონამ არა მხოლოდ ჩემი გარეგნობა შეცვალა, არამედ ფსიქოლოგიურადაც ძალიან დადებითად იმოქმედა. მიზანი, რომელიც დავისახე, თითქმის სისრულეში მოვიყვანე და ამით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ საკუთარი თავით, რომ არ დავნებდი, როგორც ძველ დროს, როდესაც შედეგის მიღწევა სასწაულად მოკლე დროში მსურდა.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული ტრენერის დაქირავება, ძვირად ღირებული პროცედურების ჩატარება, რომ კილოგრამები დაიკლო და მიაღწიო იმ შედეგს, რაც გსურს. სრულად შესაძლებელია, სუფთა ჰაერზე ირბინო, ივარჯიშო, იკვებო ჯანსაღად და გახდე ისეთი, როგორიც გინდა.

- რომელი პროდუქტებისგან შედგება შენი საუზმე, სადილი, ვახშამი?

- საუზმე 10:00 საათიდან 10:30 საათამდე - ამ დროს ძირითადა რძის პროდუქტებს მივირთმევ - ხაჭოს იოგურტთან ერთად; ან ჰაეროვან ხაჭოს, ან გაწურულ მაწონს „ფიტნესის“ ბატონთან ერთად

სადილი - 13:30-დან 14:00 საათამდე - მოხარშული კარტოფილი, მოხარშული კვერცი, ყველი, კიტრი/პომიდვრის სალათი, სალათის ფურცლები ზეთისხილით, მოხარშული თევზი, მოხარშული ფილე ან საქონლის ხორცი, მოხარშული ქათმის სოსისი. ასევე სხვადასხვა სალათები, მათ შორის, ჭარხლის, სტაფილოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს და ა.შ.

ვახშამი - 19:00-დან 19:30 საათამდე - თუ სადილზე მაქვს მოხარშული კარტოფილი, ვახშამზე უკვე მოხარშულ ფილეს ვჭამ, ან პირიქით. სადილისა და ვახშმის პროდუქტები ძირითადად ენაცვლება ერთმანეთს.

აუცილებლად ვსვამ დღეში 2 ფინჯან მწვანე ჩაის ლიმონით. და აუცილებლად ვვარჯიშობ სამუშაო დღეებში გვიან საღამოს (ვახშმის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ), შაბათ-კვირას კი დილით. თუ ძილის წინ მომშივდა, მაშინ ვჭამ შავ შოკოლადს მცირე რაოდენობით ან ერთ ცალ მოჭიქულ ხაჭოს.