მარტივი და ეფექტური საშუალებები მოუცლელი დედებისთვის ქალებს ყოველთვის სჭირდებათ თავის მოვლა. თუმცა სალონებში სიარული სახის გასაწმენდად თუ სხვა პროცედურებისთვის, სულ უფრო იშვიათი ხდება, რაც მეტად იტვირთება ქალი საოჯახო საქმეებით, ბავშვებით... სწორედ ამისთვის არსებობს შინაური საშუალებები, რომლების გაკეთებას არც ბევრი დრო უნდა და შედეგი კი შესანიშნავი აქვს. ქალსაც კვლავ ქალად აგრძნობინებს თავს და ახალგაზრდობასა და სილამაზეს შეუნარჩუნებს.
პიტნის ლოსიონი - 2 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20-30 წუთი და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ან ძმარი. გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს. უხდება გაღიზიანებულ, ცხიმიან და მშრალ კანს.
ალოეს წვენი: კვირაში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების ასაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები 10 წუთით. ალოეს წვენში არსებული ბიოსტიმულატორები აახალგაზრდავებენ სახის კანს.
ლიმონის წვენი გლიცერინით: ერთი ცალი ლიმონიდან გამოწურულ წვენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. სითხე კარგად წმენდს სახის კანს.
ასევე შინ შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღაბი, რომელიც იძლევა არაჩვეულებრივ ლიფტინგ-ეფექტს.
დაგჭირდებათ თითო ჩაის კოვზი ყავის ნალექი, თაფლი და არაჟანი და 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში, დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ყავის და თაფლის პილინგი:
1 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. დაიდეთ სახეზე წრიული მოძრაობებით 1 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მიმიკური ნაოჭებისგან დაგიცავთ ყავისა და ბანანის ნიღაბი:
გაჭყლიტეთ ნახევარი რბილი ბანანი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი. სახეზე გაიჩერეთ 20 წუთი.
პრობლემური კანისთვის გამოიყენეთ ასეთი სკრაბი:
1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი აურიეთ და წრიული მოძრაობებით დაიდეთ სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით სახეზე ბავშვის კრემი.