რა გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ საზღვაო კურორტებიდან დაბრუნებულმა ქალებმა
რა გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ საზღვაო კურორტებიდან დაბრუნებულმა ქალებმა
რამდენად საჭიროა ზღვის სეზონის შემდეგ გინეკოლოგიური, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ზღვაზე სხვადასხვა ინფექციისგან და როგორი ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ საკითხზე გინეკოლოგი ხათუნა შაიშმელაშვილი გვესაუბრება.

- ხშირად ქალბატონები ჩივიან, რომ ზღვაზე, აუზზე დაავადდნენ სოკოვანი დაავადებითა და სხვა ინფექციებით...
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ზღვის წყლით არ გადადის. თუ საცურაო აუზზე ყველა სანიტარული ნორმა დაცულია, ასევე თუ წყალი ქლორირებულია ყველა წესის დაცვით, მცირეა ინფექციის გადაცემის რისკი. რისკი მატულობს იმ შემთხვევაში, თუ წყალი დაგუბებულია და იშვიათად იცვლება.
თბილი, დამდგარი წყალი ინფექციას ინახავს. ამიტომ, როდესაც აუზზე გადაწყვეტთ სიარულს, დარწმუნდით, რომ იქ ყველანაირი სანიტარული ნორმა დაცულია.

- რამდენად საჭიროა ზღვის სეზონის შემედეგ გინეკოლოგიური, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება?
- გინეკოლოგიური პროფილაქტიკური შემოწმება თითოეული ქალისთვის მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. თუ პროფილაქტიკურ კვლევებს ზღვის სეზონის შემდეგ ჩაიტარებთ, თუნდაც იმიტომ, რომ მშვიდად იყოთ, რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნება. სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა ექიმს მიმართავს უპირატესად მაშინ, როცა იწყება გარკვეული ჩივილები, დისკომფორტი და მტკივნეული შეგრძნებები. დაავადებათა დიდი ნაწილი შეიძლება ადვილად განიკურნოს, ან საერთოდ თავიდან იქნას აცილებული  დროული დიაგნოსტიკითა და პროფილაქტიკით. ქალის ჯანმრთელობის საუკეთესო რეცეპტი არის რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვა გინეკოლოგთან,
სულ მცირე 1-2-ჯერ წელიწადში.

- რა ჩივილის შემთხვევაში უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?
- თუ გაგიჩნდათ ჩივილები როგორიცაა: გამონადენი სასქესო ორგანოდან, წვის და ქავილის შეგრძნება, დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს, სისხლოვანი გამონადენი საშოდან და მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, ეს შედეგს ვერ მოგიტანთ, პროცესი კი წინ წავა და მკურნალობა შემდგომში უფრო გართულდება. თუ რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ, ამას თქვენი ექიმი, ჩივილების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, გეტყვით.

- როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ზღვაზე სხვადასხვა ინფექციისგან?
- აუცილებელია პირადი ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვა. ქალს დიდხანს არ უნდა ეცვას სველი საბანაო კოსტიუმი, რადგან თბილი, ტენიანი გარემო ხელს უწყობს სოკოვან-ბაქტერიული ანთებითი პროცესის განვითარებას. რა თქმა უნდა, არ უნდა ვისარგებლოთ საერთო პირსახოცით და ზღვის საერთო ფეხსაცმლით.
სალომე გორგოშიძე
7710
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?