რა უნდა იცოდეთ გინეკოლოგიურ პრობლემებზე და საშვილოსნოს ყელის ეროზიაზე
რა უნდა იცოდეთ გინეკოლოგიურ პრობლემებზე და საშვილოსნოს ყელის ეროზიაზე
რომელი ასაკიდან უნდა დაიწყონ ქალებმა გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, კონკრეტულად რომელი გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო - ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, „საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების“ თავმჯდომარე, თამარ ალიბეგაშვილი გვესაუბრება.

- რომელი ასაკიდან უნდა დაიწყონ ქალებმა გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება?
- როდესაც ქალი სქესობრივ ცხოვრებას იწყებს, მას უკვე უნდა ჰყავდეს თავისი პირადი გინეკოლოგი, რომელიც მას მიაწვდის ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების თავისებურების, ჰიგიენის, კონტრაცეფციის და სხვა აუცილებელი თემების შესახებ. ზოგადად კი იმისთვის,
რომ თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები და კერძოდ საშვილოსნოს ყელის კიბო, არაუგვიანეს 25 წლიდან ქალმა უნდა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები.

- კონკრეტულად რომელი გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი?
- საშვილოსნოს ყელის სრულფასოვანი კვლევისთვის საჭიროა ყელის ლორწოვანის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა, ანუ პაპ-ტესტი, და ყელის მიკროსკოპიული დათვალიერება - კოლპოსკოპია. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოსყელისკიბოსწინა მდგომარეობისადრეულიაღმოჩენა, ხოლოგამოვლენილი პათოლოგიის სწორი მართვა და დროული მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში აგვაცილებს თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.
როდესაც პაციენტს აღენიშნება სისხლიანი გამონადენი სქესობრივი აქტის შემდეგ, ან ტკივილი და სხვა ჩივილი, აქ საქმე გვაქვს უკვე შორს წასულ პროცესთან. გაცილებით ეფექტურია პროფილაქტიკური კვლევის
ჩატარება, სანამ ქალი ჯანმრთელად თვლის საკუთარ თავს და არ აქვს ჩივილები.

- რამდენად მიეკუთვნება გამონადენი პათოლოგიას?
- გამონადენი საშოდან შესაძლებელია იყოს ფიზიოლოგიურიც და პათოლოგიურიც. სანამ საკვერცხე ფუნქციონირებს, ქალს მუდმივად აქვს გარკვეული რაოდენობის გამონადენი. ეს გამონადენი არის ე.წ. ჰორმონ დამოკიდებული, გამოწვეული არის ცერვიკალური ლორწოს სეკრეციით. მენსტრუაციული ციკლის პირველ ფაზაში და ციკლის შუა პერიოდში განსაკუთრებით უხვად გრძნობენ ამ გამონადენს, მეორე ფაზაში კი - უფრო ნაკლებად. ეს ჩივილი განსაკუთრებით იმ პაციენტებს აღენიშნებათ, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს ყელის ექტოპია, რასაც კლინიცისტები ხშირად „ეროზიას ან წყლულს“ უწოდებენ. ამ დროს ყელზე ჭარბად არის წარმოდგენილი ლორწოს წარმომქმნელი უჯრედები. ექტოპიის კერა გაცილებით უფრო დიდია, როდესაც ქალს აქვს ჰორმონალური დისბალანსი, მაგალითად ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია. ასეთ შემთხვევაშიც ქალებს ხშირად აღენიშნებათ ჭარბი ლორწოვანი გამონადენი.
გამონადენი შესაძლოა იყოს ინფექციური წარმომავლობის. ამ შემთხვევაში ის იცვლის ფერს, სუნს და წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ერთ-ერთ პირველ სიმპტომს.
ჭარბი გამონადენის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, და კვლევის საფუძველზე იმის დადგენა, გამონადენი პათოლოგიურია თუ ფიზიოლოგიური.
mshoblebi
- რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია და რამდენად საშიშია ის ქალისთვის?
- ტერმინი "საშვილოსნოს ყელის ეროზია", გარკვეულ შიშს ჰგვრის ქალებს. საშვილოსნოს ყელის ეროზია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიცვალა ტერმინით "ფსევდოეროზია", ხოლო შემდგომში – "ექტოპია", სინამდვილეში მიეკუთვნება ქალის ასაკობრივ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და ძირითადად ის გვხვდება ახალგაზრდა ასაკის ქალებში. ადრე ექტოპია ითვლებოდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფონურ დაავადებად. დღეისათვის მეცნიერულად დადასტურებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს პაპილომა ვირუსული ინფიცირების გენეზი, რაც ნიშნავს იმას, რომ რაოდენ დიდი ექტოპიის (საშვილოსნოს ყელის ეროზიის) უბანი არ უნდა გქონდეს, თუ არ არსებობს მაღალი რისკის პაპილომავირუსით ხანგრძლივი დროით ინფიცირება, საშვილოსნოს ყელის კიბო არ განვითარდება.

- საჭიროა თუ არა საშვილოსნოს ყელის ექტოპიის მკურნალობა?
- ეს უნდა გადაწყდეს ქალის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ფასდება საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიით და პაპ-ტესტით. უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო აუცილებლობა მკურნალობის არ არსებობს. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია ექტოპიის მექანიკური მოშორება აბლაციური (კრიოდესტრუქცია, ელექტროკოაგულაცია) ანექსციზიური (კონიზაცია) მკურნალობის მეთოდით.
გავრცელებული მოსაზრებით ექტოპიის მექანიკური მოშორების შემდეგ გაძნებეულია დაორსულების პროცესი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
თუ ქალს იმდენად ჭარბად აქვს ლორწოვანი გამონადენი, რომ სიმპტომურად ძალიან შეწუხებულია, ან თუ ქსოვილი ადვილად ტრავმირებადია და სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ქალს აღენიშნება სისხლიანი გამონადენი, ამ დროს აუცილებელი ხდება ჩარევა. საშვილოსნოს ყელზე ჩატარებულმა ნებისმიერმა მანიპულაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულება. ერთ-ერთ ასეთ გართულებას წარმოადგენს გარეთა პირის სტენოზი (დავიწროება) და/ან შეხორცება. ამ დროს იქმნება სპერმის გამავლობის მექანიკური წინაღობა. გარდა ამისა, საშვილოსნოს ყელის კონიზაციის შემთხვევაში არსებობს რისკი ორსულობის დროს ყელის უკმარისობის განვითარების, რაც იწვევს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას. ამიტომ თუ მანიპულაციური ჩარევა აუცილებლობას არ წარმოადგენს, არ არის საჭირო, რომ საშვილოსნოს ყელს ზედმეტად შევეხოთ.

- როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის დაავადებები?
- ყველაზე მთავარი პათოლოგია არის საშვილოსნოს ყელის კიბო. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია ექიმთან დროული ვიზიტით. მისი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა და მკურალობა დიდ შედეგს გვაძლევს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია, ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება. ის მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, მაგრამ მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ. პაპილომავირუსული ინფექციის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება არის ვაქცინაცია. საბედნიეროდ, მსოფლიოში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა არსებობს, „ცერვარიქსი“ და „გარდასილი“. სასურველია გოგონას აცრა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. ეს არ არის 100%-იანი დაცვა, ვაქცინაცია გვიცავს 70%-ით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილია აცრა პაპილომავირუსის საწინააღმდეგოდ. რადგან ვირუსი ორივე სქესის წარმომადგენლებს აზიანებს, დიდი წარმატებით იცრებიან მამაკაცებიც.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დავიცვათ თავი ისეთი რისკ-ფაქტორებისგან, რომელიც ზრდის პაპილომავირუსით დაინფიცირების ალბათობას. ეს არის:
• სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში და მრავალი პარტნიორი;
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტები;
• მწეველობა - მწეველებში ადგილობრივი იმუნიტეტი ძალიან დაცემულია და ქალი ადვილად ითვისებს ამ ინფექციას;
• ჰორმონალური კონტრაცეპციის 5 წელზე დიდხანს მოხმარება;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

ექიმთან დროული ვიზიტი და სწორი დიაგნოსტიკა ბევრ გართულებას აგაცილებთ თავიდან! იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!
სალომე გორგოშიძე

14935
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
Zeynab gulıyevı
0
Gამარჯობათ როგორ ხდება სასვıლოსნოს ყელıს გამტარıანობა ტუ Qალı არ ორსულდება
00:19 / 23-02-2018
ელენე
0
მოგესალმებით,ვარ 30წლის,საშვილოსნო მაქ ამოგებული,ყელი და საკვერცხეები ნორმაშია.არის თუ არა საშიშროება გარე ორსულობისა და როგორ მოუარო თავს,რას მირჩევთ.
16:53 / 10-01-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?