მსუქანი ქალი სრულიადაც არ ნიშნავს ულამაზოს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამები ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთი ქალი მალევე ახერხებს ფორმაში ჩადგომას, უმეტესობას კი ახალ, ფუმფულა სხეულთან შეგუება მოუწევს. ზოგიერთი ორსულობამდეც ასეთია - უბრალოდ პუტკუნაა და მორჩა. თუ ასეთთა შორის ხართ, ვინც აკრეფილ წონას ვეღარ უმკლავდება, ისღა დაგრჩენიათ, ამ პრობლემას სხვა მხრიდან შეხედოთ.
შეგახსენებთ, რომ მსუქანი ქალი სრულიადაც არ ნიშნავს ულამაზოს. თუ ვინმე თქვენს გადარწმუნებას შეეცდება, არ დაუჯეროთ! ასეთი ქალები მართლაც გამუდმებით ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს და ჰგონიათ, რომ თუ სანუკვარ პარამეტრებს - 90-60-90-ს მიუახლოვდებიან, ნამდვილად მომხიბვლელნი გახდებიან.
ეს სრული სისულელეა! უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მრავალი ქალი საკუთარ თავსაც და სხვებსაც მეტისმეტად მკაცრად აფასებს. მეორე - მამაკაცებს, რომელთა გამოც ქალები უარს ამბობენ საყვარელ კერძებზე და ოფლად იღვრებიან სპორტულ დარბაზებში, სრულიადაც არ უყვართ ძვალზე გადაკრული ტყავი. მესამე - მოდელებისა და მანეკენების ფოტოებით ტკბობა და მათი ახლოდან თვალიერება, მით უმეტეს - მაკიაჟის გარეშე, სხვადასხვა რამაა! მკაცრი, ულმობელი დიეტები, რომლებსაც ფანატიკურად იცავენ ქალები თუ ქალიშვილები, სინამდვილეში დამღუპველად მოქმედებს გარეგნობაზე. თმა ხუნდება, უსიცოცხლო ხდება, სუსტდება და ცვივა, ფრჩხილები მყიფდება, ხოლო კანს მიწისფერი ედება, შრება და სიმკვრივეს კარგავს. უსიამოვნო სურათია? არადა, ეს მხოლოდ მწვერვალია იმ აისბერგისა, რომელსაც ანორექსია ეწოდება. საკვებზე ხანგრძლივ და რეგულარულ უარს საბოლოოდ ნივთიერებათა ცვლის ფატალურ დარღვევებამდე მივყავართ. თუ ღვეზელსა და ნელ, მტანჯველ სიკვდილს შორის არჩევანზე მიდგა საქმე, უმჯობესია, ღვეზელი ვარჩიოთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, აქაც ზომიერებაა საჭირო - ერთი ღვეზელი და არა ათი! თუ ვერაფრით ურიგდებით სხეულის "არასრულფასოვნებასა" და "არასრულყოფილებას", ეცადეთ, "შეისწოროთ", მაგრამ მანამდე აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.
განაწყენებულ სახეს ნუ მიიღებთ. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მოეშვათ და საკუთარ თავზე ხელი ჩაიქნიოთ. ყველა ქალმა უნდა შეიგნოს, რომ სიგამხდრე არ არის მომხიბვლელობის აუცილებელი პირობა, ხოლო ჯანმრთელობა, საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერება და ოპტიმიზმი მართლაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუ თქვენი წონა პრობლემებს არ გიქმნით, არ გიჭირთ სუნთქვა, არ გაწუხებთ სიმძიმე და სხვა სიმპტომები არ გაქვთ, მაშ ზედმეტი წონა არც გქონიათ. მიიღეთ საკუთარი სხეული, როგორც ჩვეულებრივი სასწაული. ის მშვენიერია, ჰარმონიული და შესწევს უნარი, ახალი სიცოცხლე შვას. იზრუნეთ თქვენი სხეულის ჯანმრთელობაზე. როცა იკვებებით, მისდევთ სპორტს, იფიქრეთ არა იმაზე, რომ გახდეთ ან მოიმატოთ, არამედ იმაზე, რომ იყოთ ჯანმრთელი. სწორედ ეს პოზიცია დაგეხმარებათ, განდევნოთ "ჭარბი წონის" პრობლემა თქვენი ცხოვრებიდან და გადალახოთ სასწორთან მიახლოების შიში.
არ ღირს მკაცრი დიეტებით თავის გატანჯვა. "შეღავათიან" დიეტაზე დადექით. ანუ შეზღუდეთ მხოლოდ ძალიან კალორიული კერძები (ცომეული და ტკბილეული) და შუაღამისას ჭამა. საკვების მიღებამდე სვით წყალი და არა მის შემდეგ, ეცადეთ, 4 საათზე მეტხანს არ იშიმშილოთ.
და კიდევ, ბოლო დროს სულ უფრო შემოდის მოდაში ე.წ. პლუს-საიზ მოდელები, ანუ პუტკუნები, რომლებიც პოპულარული ჟურნალების გარეკანებზეც ჩნდებიან. მათზე მოთხოვნა თანდათან იზრდება და სპეციალისტებიც აღიარებენ, რომ აღარ არის მოდაში კატასტროფული სიგამხდრე.
მომზადებულია mkurnali.ge-ს მიხედვით.