რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?
რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?
დღეს, როცა ცხოვრება და მით უმეტეს შვილების გაზრდა, არცთუ ისე მარტივი საქმეა, ოჯახის დაგეგმვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არახელსაყრელ დროს არასასურველი ორსულობა, თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა სახის კონტრაცეფციას გვთავაზობს. მთავარია, შევარჩიოთ თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალი სპეციალისტი და მივყვეთ მის მითითებებს. ერთ-ერთი ასეთი მეან-გინეკოლოგი ნუნუკა გელაშვილი გახლავთ, რომელიც "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს. სწორედ ის გვესაუბრა ამომწურავად არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის გზებზე.

- არსებობს კონტრაცეფციის რამდენიმე სახე, ესაა ბარიერული კონტრაცეფცია - კონდომები როგორც მამაკაცის, ასევე ქალის, და სპერმიციდები - საშოს
ტაბლეტები, გელი ან სანთელი, რომელიც იწვევს სპერმატოზოიდის აქტიურობის დაქვეითებას, ან მათ დახოცვას, ან ხელს უშლის მის შეღწევას საშვილოსნოს ღრუში და ამით ხდება დაცვა.
mshoblebi
თავდაპირველად, განვიხილოთ ბარიერული კონტრაცეფცია. არსებობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის კონდომები, ქალებისთვის ასევე არსებობს დიაფრაგმა, რაც გამოსაყენებლად ცოტა უხერხულია და დიდად არ უყვართ ხოლმე ქალებს მისი მოხმარება. მამაკაცის კონდომი უფრო მარტივად გამოსაყენებელია. კონტრაცეფციის ეს მეთოდები ყველაზე უფრო უსაფრთხოა, იმდენად, რამდენა
დაც არ შეიცავს არანაირ მედიკამენტებს, ამასთან უპირატესობად ითვლება ის, რომ ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვაც. აღსანიშნავია, რომ იშვიათად, თუმცა იჩენს თავს ალერგია იმ საცხზე, რომელიც უშუალოდ კონდომს გააჩნია და ესაა უხერხულობა. კონდომითა და დაიფრაგმით დაცვა საკმაოდ მაღალ პროცენტიანია, ოღონდ უნდა მიექცეს ყურადღება რომ კონდომი დაბალი ხარისხის არ იყოს, ვადა არ ჰქონდეს გასული, რომ მოხმარების დროს არ დაზიანდეს.

რაც შეეხება სპერმიციდულ აბებსა და გელებს, ისინი თავსდება საშოში, უსაფრთხოა, რადგან არ იწოვება, თუმცა ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ამასაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ყურადსაღებია ის, რომ დაცვა არაა ისეთივე მაღალი, როგორც პერორალური ტაბლეტების დროს.

გარდა ზემოხსენებულისა, არსებობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა. უნდა დადგინდეს ოვულაციის პერიოდი (დრო, როცა მწიფდება კვერცხუჯრედი და შეიძლება მოხდეს სპერმასთან შეხვედრა) და ამ დროს უნდა მოხდეს თავის შეკავება სექსუალური კონტაქტისგან. ბუნებრივი მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან არანაირ მედიკამენტს არ ვეხებით, მაგრამ რომ გამოვითვალოთ ოვულაციის პერიოდი, უნდა მოხდეს დააახლოებით 6-თვიანი დაკვირვება ციკლზე. ეს თვითონ ქალმა უნდა გააკეთოს იმ მეთოდებით, რომელსაც ვასწავლით ხოლმე. პროცესი ხანგრძლივია და თავშეკავებაც ასევეა საჭირო. კონტრაცეფციის ამ გზით ორსულობისგან დაცვა იმაზე დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ვთქვათ, კონდომის გამოყენებისას, რადგან ზუსტად შეიძლება, მაინც არ მოხდეს გამოთვლა. 

ასევე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდი – ეს გახლავთ პროგესტენული აბები, რომელიც ქალბატონმა უნდა მიიღოს დაუცველი სექსიდან 72 საათის განმავლობაში, თუმცა არსებობს დაბალდოზიანიც, რომლის დალევაც 24 საათშიც დასაშვებია. ამ აბების ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს მაინც მაღალი დოზის ჰორმონია. თუ არ დაირღვა საათობრივი განრიგი, ანუ ის 72 საათი (ან დაბალდოზიანის შემთხვევაში - ის 24 საათი), მაშინ ეს კარგი დაცვაა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, კონდომი დაზიანდა, ან არ იყო თავის დაცვის საშუალება, დამყარდა სქესობრივი კონტაქტი და დაორსულოების შანსი არსებობს.

გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდად შეიძლება, გამოყენებულ იქნას საშვილოსნოს ღრუში სპირალის ჩადგმა დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან არაუგვიანეს 120 საათისა. მოგეხსენებათ, სპირალის ჩადგმა წინასწარ გამოკვლევევებს მოითხოვს, ამიტომ მისი გამოყენება გადაუდებელ კონტრაცეფციად მე კარგ მეთოდად არ მიმაჩნია.
არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებისათვის, ასევე არსებობს პროგესტაგენული იმპლანტები – ეს გახლავთ ჰორომონალური საშუალებები, რომელიც წარმოდგენილია კაფსულების სახით და მისი შეყვანა ხდება კანქვეშ, მხრის წინა ზედაპირზე შეგვყავს ხოლმე და აქვს გახანგრძილვებული 7 ან 5-წლიანი ეფექტი, ვადას თავად ქალი არჩევს. დაცვა აქაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ რადგანაც ესეც ჰორმონია, მეტნაკლებად იწვევს ცვლილებებს, ზოგჯერ - მენსტრუალური ციკლის შემცირებას, ზოგჯერ – მენსტრუალთა შორის სისხლიან გამონადენს და ა.შ. დასალევ ტაბლეტთან შედარებით მისი მოცილება, ამოღება უფრო ტრავმულია, ჩადგმა ძალიან ადვილია, მაგრამ თუ ქალბატონმა ვერ აიტანა, ამოღება უფრო რთულია - სამედიცინო პერსონალის ჩარევას მოითხოვს.

ამას გარდა, ხელმისწავდომია პროგესტაგენული საინიექციო საშუალებები, რომელიც ნესმის სახით კეთდება, ეს პრეპარატები ან სამ თვეში ერთხელ, ან თვეში ერთხელ კეთდება. კონტრაცეფციის ამ მეთოდით ხდება ძალიან კარგი დაცვა, მაგრამ რადგან ეს გახანგრძლივებული მოქმედების ჰორმონია,  მისი განეიტრალება ვერ ხერხდება. თუ ვთქვათ, ქალბატონის ორგანიზმმა ვერ მიიღო, გაუხანგრძლივდა თვიური, ან პირიქით შეუმცირდა, დაიწყო წონაში მატება, რაც ამ ინიექციისთვის დამახასიათებელია და ა.შ. ამ შემთხვევაში გასანეიტრალებელი ჩვენ არაფერი გვაქვს. ის წამალი შეშვებულია კუნთში და მისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვამდე მოქმედებს.

როდესაც პროგესტაგენულ საინიექციო საშუალებებსა და კაფსულებზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება და განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს თრომბოზისკენ მიდრეკილებას.

ორალური კონტრაცეფცია - როგორც იცით, არსებობს ორალური კონტრაცეფცია, რაც საკმაოდ დიდი ხნის პრაქტიკაა. მართალია, თავიდან არ იყო კარგი შედეგები, რადგან თვითონ ტაბლეტები არ იყო დახვეწილი, მაღალი დოზის ჰორმონს შეიცავდა, მაგრამ დღესდღეობით ეს ხარვეზი გასწორებულია და ამ გზით დაცვა საკმაოდ მაღალპროცენტიანია, თუ პაციენტმა მისი მიღება არ ჩააგდო. უნდა მოხდეს ამ ტაბლეტის ყოველდღიური დალევა სქემის მიხედვით, სასურველია ერთსა და იმავე დროს. ქალბატონებს, რომლებიც დაბნეულები არიან და ზოგჯერ ავიწყდებათ მიღება, შეიძლება, დისკომფორტი შეექმანთ, დაეწყოთ თვიური ან სისხლოვანი გამონადენი და ამასთან, შესაძლებელია, დაცვაც აღარ იყოს ეფექტიანი.

ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად, ასევე არსებობს ვაზექტომია – მამაკაცის სტერილიზაცია, ანუ სათესლე სადინარების გადაკეტვა. ადრე ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ხდებოდა, ახლა საინიექციო გზითაც შეიძლება, მაგრამ ეს გახლავთ შეუქცევადი პროცესი. მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მეტი შვილის ყოლას არ აპირებს.
იგივეა ქალის სტერილიზაციაც, ოპერაციის გზით გადაიკეტება მილები, რის შემდეგაც დაორსულება შეუძლებელია. თუ წყვილი გადაწყვეტს, რომ მეტი შვილი აღარ უნდათ, მაშინ შეუძლიათ ამ გზას მიმართონ. რასაკვირველია, ოპერაცია დიდ საფრთხეებთან არაა დაკავშირებული, მაგრამ სამედიცინო ჩარევა არის საჭირო და გადაწყვეტილებაც საკმაოდ კარდინალურია.

- რამდენად ეფექტურია კონტრაცეპტიული პლასტირები, რომელიც ქალმა ჭიპთან უნდა დაიკრას?
- ესეც იგივე პროგესტაგენია, ანუ ის, რაც საინექციო გზით შეგვყავს, ეფეტური არის, მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში შემოსული და დამკვიდრებული ჯერ არ გახლავთ. 

- იმისათვის, რომ სპირალი ჩაიდგას ქალმა, რა არის საჭირო? ეფქტურობას რამდენი ხანი ინარჩუნებს? ამბობენ, რომ თუ ვთქვათ, ჩაიდგამ 5-წლიან სპირალს, პირველი სამი წელი ასრულებს "მოვალეობას", დანარჩენი ორი წელი კი აღარაა შედეგიანი...
- დღესდღეობით ორნაირი სპირალები არსებობს, ერთი მათგანი სპილენძის შემცველია, რასაც ქალები ოქროს სპირალს ეძახიან, სინამდვილეში ეს ოქრო კი არა, პლასტმასია, რომელზედაც დახვეულია სპილენძი, ეს ლითონი ოქროსფერია და ამიტომ ეძახიან ოქროს სპირალს. მისი გამიყენებისას მოქმედებს თვითონ ის პლასტმასი, რაც საშვილოსნოში დევს და ასევე - სპილენძიც გამოყოფს გარკვეულ იონებს, რაც კონტრაცეფციის ეფექტურობას ზრდის. იყო ასე, რომ სპირალს გარკვეული ვადით იდგამდნენ, მაგრამ თუ ქალის ორგანიზმი იტანს, ხანგრძლივად შეიძლება მოხდეს მისი დატოვება, თუნდაც 7-8 წელი, მისი ამოღება-ჩადგმა უფრო ტრავმულია, ვიდრე დიდი ხნით დატოვება, ოღონდ ეს უნდა მოხდეს დაკვირვების შედეგად.

მეორე სახის სპირალი ჰორმონის შემცვლელია, ანუ ესეც პროგესტაგენია, იგივე, რაც საინიექციო საშუალებებზე გითხარით, ესეც იგივე ტრანსპლანტია, მაგრამ სპილენძი კი არ აქვს დახვეული, კაფსულაა, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად გამოყოფს პროგესტაგენს. აი, ამ სახის სპირალს ვადა აქვს, იმიტომ, რომ ხუთ წელიწადში ეს ჰორმონი უნდა შეიცვალოს. პროგესტაგენულ სპირალს არ ვხმარობთ მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგოდ, ეს უფრო მეტად გამოიყენება ისეთ ქალბატონებთან, რომელთაც მკურნალობაც სჭირდებათ და დაცვაც სურთ, ან ვთქვათ აქვთ ადენომიოზი ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისკენ მიდრეკილება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს შესწავლილი და არ უნდა იყოს ავთვისებიანი ჰიპერპლაზია.

სპირალის ჩადგმის წინ აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, მე მაგალითად მოვუწოდებდი ქალბატონებს, ჩაიტარონ პაპ-ნაცხის კვლევა, საშვილოსნოს ყელი უნა იყოს ჯანსაღი. ამასთანევე სასურველია გაკეთდეს ექოსკოპია, რომ საშვილოსნოს ღრუში არ იყოს ძგიდე, პოლიპი, თვითონ საშვილოსნო არ იყოს ორრქიანი და ა.შ ხელით გასინჯვისას სიტუაცია შეიძლება სრულიად ნორმალური იყოს, რადგან ეს დეტალები არ იგრძნობა, მაგრამ ექსოკოპიაზე ყველაფერი ჩანს.
გარდა ამისა, როცა სპირალი აქვს ქალბატონს, აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმდეს გინეკოლოგის მიერ, ამასთანავე განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული საშოს ფლორის სისუფთავე. ზოგადად, სპირალს დაცვა აქვს კარგი, მაგრამ 5-8%-ში შეიძლება მაინც მოხდეს ორსულობა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სპირალის არსებობის დროს პროცენტულად უფრო ხშირად საშვილოსნოს გარეშე ორსულობები ხდება.

გასათვალისინებელია ის მომენტი, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, რაც არ უნდა კარგად და კარგი სპირალი ჩაიდგა, შეიძლება მაინც ჰქონდეს ორგანიზმს მიუღებლობა, ვერ აიტანოს და გამოხატული იყოს სისხლიანი გამონადენით, ან ჭარბი თვიურით, დისკომფორტით, რაც იძულებულს გახდის ქალბატონს ამოიღოს. სპირალს, 40 წელს ზემოთ ქალბატონს აღარ ვურჩევთ.

- რა ხდება მაშინ, თუ ორსულობა განვითარდა სპირალთან ერთად?
- ხშირად გვქონია ასეთი შემთხვევა. მომხდარა ისე, რომ სპირალი გამოგვიღია და ორსულობა გაგრძელებულა. თუ ცოტა უფრო გვიან შეიტყობს ქალი ორსულობის შესახებ და გამოღება დაგვიანებულია, მაშინ მშობიარობასთან ერთად გამოდის სპირალიც.

- ანუ ნაყოფისთვის პრობლემას არ წარმოადგენს?
- პრობლემა, რა თქმა უნდა, სასიამოვანო არ არის, მაგრამ ორსულობა სპირალთან ერთად შესაძლებელია.
ციცი ომანიძე

41612
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნინო
0
რატომ არ ურჩევთ 40 წლის ზემოთ სპილენძის სპირალს? რა მოსაზრებით რადგან შეიძლება რომ იყოს უკვე პრემენოპაუზა და აზრი აღარ აქვს თუ რაიმე გართულებაა მოსალოდნელი?
18:51 / 30-05-2019
თიკას
0
თუ ვადა გაუვიდა, აუცილებლად და მალევე უნდა ამოიღოთ. საკმაოდ ცუდი გართულებები მოჰყვება დაგვიანებულ მიმართვიანობას.
22:11 / 22-07-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი