ვის ეკრძალება სოლარიუმში გარუჯვა
ვის ეკრძალება სოლარიუმში გარუჯვა
არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება. სოლარიუმი რეკომენდებული არ არის:
• მათთვის, ვისაც კანის I ან II ფოტოტიპი აქვთ. ასეთი კანი ღია ფერისაა, ძნელად ირუჯება და ადვილად იწვება;
• მათთვის, ვისაც სხეულზე აქვს ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა - ინსოლაცია ხალის გადაგვარების პირველი სტიმულატორია. იგი ზრდის მელანომის განვითარების რისკს;
• ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს;
• მაღალი არტერიული წნევის დროს;
• გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში;
• ასთმის დროს;
• ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას;
• ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში;
• შარდსასქესო დაავადებების დროს;
• მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;
• სეზონური
მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს;
• ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით - ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს.
ძალზე სახიფათოა სოლარიუმით მეტისმეტი გატაცება მოზარდი გოგონებისთვისაც. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც სურთ, სოლარიუმის მეშვეობით კანის ზოგიერთი პრობლემა მოაგვარონ, ხშირად საპირისპირო ეფექტს იღებენ. მაგალითად, სახეზე გამონაყარი შეიძლება მოშრეს და ძნელად შესამჩნევიც გახდეს, მაგრამ ცხიმის გამოყოფის სტიმულაციის ხარჯზე კანის ახალი ფორები გაიჭედება და ახალი გამონაყარი და კომედონები განვითარდება, შესაბამისად, მდგომარეობა შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს. აქვე - ერთი მნიშვნელოვანი მითითებაც: ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები და ტრანკვილიზატორები ხელოვნური მზის მოქმედებას აძლიერებს. არსებობს სხვა შეზღუდვებიც, რომლებიც დამოკიდებულია ცალკეული ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ
მდგომარეობაზე. ამიტომ ვიდრე სოლარიუმს მიაკითხავთ, ურიგო არ იქნება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ და გამოკვლევები ჩაიტაროთ, რათა დანამდვილებით გაიგოთ, რამდენად მავნე თუ სასარგებლოა სოლარიუმი პირადად თქვენთვის.
უკუჩვენებებთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მხარესაც. როგორც ცნობილია, არსებობს ძვირად ღირებული და შედარებით იაფი სოლარიუმები. კარგი იქნება გაარკვიოთ, რა ახდენს გავლენას ამა თუ იმ სოლარიუმში პროცედურების ფასზე. როგორც წესი, განსხვავებას აპარატურის ღირებულება იწვევს. სოლარიუმში გამოყენებული ნათურების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი ლამფები გაცილებით ძვირია, სამაგიეროდ, ბევრად უფრო უვნებელია. გარუჯვისთვის განკუთვნილი ნათურების ექსპლუატაციის ვადა 500-600 საათს არ აღემატება. სამწუხაროდ, მათ ვერ შევამოწმებთ, ამიტომ პერსონალის კეთილსინდისიერების იმედად უნდა დავრჩეთ. აუცილებლად იკითხეთ, რამდენად ხშირად ტარდება სოლარიუმის დეზინფექცია და რა საშუალებებით, თორემ შესაძლოა, ნარუჯთან ერთად კანის ინფექციაც წამოიყოლოთ.

იხილეთ სრულად
2359
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?