რჩევები დედებს – ვებრძოლოთ დაღლილობას და ძილიანობას
რჩევები დედებს – ვებრძოლოთ დაღლილობას და ძილიანობას
ხშირად, განსაკუთრებით ზაფხულში, მთელი დღის განმავლობაში მოთენთილობას ვგრძნობთ, ძილი გვერევა, ერთი სული გვაქვს, ხუთი წუთით მაინც ჩავთვლიმოთ. სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ჰიპერსომნიას უწოდებენ.

დღისით ძილის მოთხოვნილება სწორედ ღამით იწყება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძილის უკმარისობა მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და ენერგიას. თუ დიდი ხანია ღამით უძილობა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მანამდე კი შეგიძლიათ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ.

გამოიძინეთ - მოზარდებს გამოსაძინებლად 9 საათზე მეტი სჭირდებათ, ზრდასრულ ადამიანებს კი - 7-9 საათი. ზოგიერთებს, განსაკუთრებით დიასახლისებს, ურჩევნიათ დილით ადრე წამოხტნენ და სანამ დანარჩენი
ოჯახის წევრები გაიღვიძებენ, მშვიდად აკეთონ საოჯახო საქმეები. არადა, არ ღირს საკუთარ თავს 1-2 საათის ძილი მოაკლოთ.

გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს - დღისით ძილიანობის დასაძლევად, აუცილებლად უნდა შეეცადოთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას. დასვენების დღეებშიც კი.

თანდათან შეცვალეთ დაძინების დრო - თუ საერთოდ გვიან იძინებთ, შეეცადეთ ყოველ ჯერზე ჩვეულებრივზე 15-20 წუთით ადრე დაიძინოთ. ეს გზა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ერთბაშად ერთი-ორი საათით ადრე დაძინება.

ერთსა და იმავე დროს იკვებეთ - საკვების ერთსა და იმავე დროს მიღება დღე-ღამის რიტმის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. დროული საუზმე და სადილი სასარგებლოა. დილით ყავითა და ფუნთუშით ნაჩქარევად წახემსება ან
საღამოს ბუტერბროდით დანაყრება ორგანიზმს ენერგიის დეფიციტს უქმნის და ღამით ნორმალური ძილის პროცესს აფერხებს. დაძინებამდე საკვები 2-3 საათით ადრე უნდა მიიღოთ.

იყავით ფიზიკურად აქტიური - რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები, დღეში ნახევარი საათით მაინც, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ღამის ძილს. ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით აერობული, ხელს უწყობს მალე ჩაძინებასა და მშვიდ ძილს. ამასთან ერთად, მატებს ენერგიას და დღის განმავლობაში ტვინს აქტიურად მუშაობის შესაძლებლობას უნარჩუნებს. უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში რეკომენდებული არ არის. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, შეეცადეთ, დაძინებამდე სამი საათით ადრე მაინც ივარჯიშოთ.

შეცვალეთ დღის განრიგი - თუ მიგაჩნიათ, რომ საკუთარ თავს დღეში 7-8 საათის ძილის უფლებას ვერ მისცემთ, ესე იგი დღის განრიგში ცვლილებები უნდა შეიტანოთ. ის საქმე, რასაც, ჩვეულებრივ, ღამით აკეთებთ, საღამოს ან დილისთვის გადაიტანეთ. შეეცადეთ, ღამის საათების საქმიანობიდან ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხები ამოიღოთ. გამოთავისუფლებული დრო ძილს დაუთმეთ, ეს კი, თავის მხრივ, დღის განმავლობაში უკეთ მუშაობის საშუალებას მოგცემთ.

4326
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი