ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე
ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე
სიტყვა "ჰიგიენა" ჰიგიას სახელიდან მომდინარეობს და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ჰიგია ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთია, მედიცინისა და მკურნალობის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი. ძველი ბერძნები ჰიგიას თასიდან გველის დაპურებისას გამოსახავდნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს მედიცინის ემბლემა - გველშემოხვეული თასი. ჰიგიენა მედიცინის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჯანმრთელობაზე ცხოვრებისა და შრომის პირობების ზეგავლენას, ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს დაავადებათა პროფილაქტიკის გზებს, უზრუნველყოფს ცხოვრების, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პირობებს. რას გულისხმობს ქალის
ჰიგიენა, როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი.

- ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს ქალის ჰიგიენის ცნება?
- ქალის ჰიგიენა მოიცავს ჰიგიენის ზოგად წესებს (ტანსაცმლის, სხეულის, ფიზიკური მომზადებისა და მისთანათა ჰიგიენას), შრომის ჰიგიენას (მას ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს) და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ქალის ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში მისი ორგანიზმის თავისებურებებს უკავშირდება.
- რატომ აქცევენ ასეთ დიდ ყურადღებას ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს?
- ინტიმური ჰიგიენა დელიკატური სფეროა, ამიტომ ხშირად მას თავს არიდებენ, მაგრამ სიჩუმე შეიძლება დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ქალის სასქ
ესო ორგანოების დაავადებათა უმრავლესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის წესების დაუცველობის ბრალია, ასე რომ, ვიდრე საქმე უსიამოვნებამდე მივა, უმჯობესია, თამამად განვიხილოთ ეს საკითხები. საშოს შესასვლელი ანალურ ხვრელთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა შინაგან სასქესო ორგანოებში ინფექციის მოხვედრა თავიდან ავიცილოთ. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.
სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე გოგონას საშოს მიკროფლორა ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედებისას იოლად ირღვევა. მისი მდგრადობა დაქვეითებული აქვთ ასევე კლიმაქსური ასაკის ქალებს. სიცოცხლის ამ პერიოდში ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებული გულისყურით უნდა იქნეს დაცული.
- რა უნდა იცოდეს ყოველმა ქალმა?
- ქალის ინტიმური ჰიგიენის წესები ასეთია: ინტიმური ადგილების დასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5,5-ის ტოლია, ხოლო საშოსი - გაცილებით დაბალი, 3,3-ის ტოლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშოში მჟავა გარემოა. საშოს ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს, სადაც მენსტრუაციული ციკლის ერთ-ერთ ფაზაში გლიკოგენი გროვდება. სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ საშოში მობინადრე ლაქტობაქტერიები და გამოიმუშავებენ რძემჟავას, რომელიც ხელს უშლის საშოში პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებას. როდესაც საშოს გარემო ამა თუ იმ მიზეზით ტუტიანდება, ლაქტობა-ტერიების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება და მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებს - ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ბაქტერიული ვაგინოზი. საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის რღვევის ყველაზე უბრალო და გავრცელებული მიზეზი მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. აბაზანის ჩვეულებრივი ჟელეც ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს ტუტოვანისკენ გადახრის. თუ ეს ერთხელ მოხდა, არაფერია, მაგრამ მუდმივი ტუტოვანი დარტყმა საშოს მიკროფლორას არღვევს. მრავლდება პათოლოგიური ბაქტერიები და ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. ამასთანავე, ტუტოვანი გარემო სპერმატოზოიდების გადაადგილებას აფერხებს. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად ინტიმური ადგილების დასაბანად მხოლოდ სპეციალური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. გახსოვდეთ: ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები არ კურნავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. თუ გამონადენი, ქავილი ან წვა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. გარეთა სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც ჩაიბანეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიბანოთ საშო შხაპით. მენსტრუაციისას გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა სასურველია ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური სველი ხელსაწმენდები, რომლებიც ანტისეპტიკური ლოსიონით არის გაჟღენთილი. ისინი არ შეიცავს სპირტს, რომელიც ლორწოვან გარსს აღიზიანებს. სამაგიეროდ, მრავალი მათგანის შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი მცენარეული ზეთები, დამამშვიდებელი სამკურნალო ბალახები და რძემჟავას მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენი ექსტრაქტები. ანალური ხვრელის გარშემო არე ჩვეულებრივი საპნით დაიბანეთ, - ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ამ მიდამოს დეზინფექციისთვის არ კმარა. დაბანისას ხელების მოძრაობა და წყლის ნაკადი წინიდან უკან უნდა იყოს მიმართული (ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ტუალეტის ქაღალდის მოძრაობის მიმართულებაც ასეთივეა).
დაბანის შემდეგ სისველეს ნუკი გაიმშრალებთ, არამედ შეიშრეთ, რათა შემთხვევით გარეთაAსასქესო ორგანოების ნაზი ლორწოვანი არ დაიზიანოთ. ინტიმური ადგილების დაბანისას ღრუბელი საჭირო არ არის - მან შესაძლოა ავნოს სასქესო ორგანოების მგრძნობიარე კანს. პირსახოცი სუფთა, რბილი და ინდივიდუალური უნდა იყოს. ყოველდღიური საფენები ოთხ საათში ერთხელ მაინც გამოიცვალეთ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე. თუ ალერგიული ბრძანდებით, არომატიზატორებიან საფენებს ნუ შეიძენთ. ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები - ეს ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგსა და ტანგას ემტერებიან. რასაკვირველია, ისინი მიმზიდველი და სექსუალურია, მაგრამ სიარულისას თხელ ზონარს ბაქტერიები ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ გადააქვს. გარდა ამისა, საცვალი კანს მეტისმეტად მჭიდროდ ეხება და მის სისხლმიმოქცევას არღვევს.
თეთრეული ბამბის ან სელის უნდა იყოს. ნატურალური ქსოვილი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის.
- როდის იწყება გოგონას სქესობრივი მომწიფება და რა თავისებურებები ახასიათებს მას?
- სქესობრივი მომწიფების პერიოდი (პუბერტატული პერიოდი) 11-14 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ხდება ქალის ტიპის ჩამოყალიბება, მისი გარეგანი და შინაგანი სასქესო ორგანოების განვითარება, ვლინდება სქესის თვისებები. გარეთა სასქესო ორგანოებზე, იღლიის ფოსოში იზრდება თმა, იზრდება სარძევე ჯირკვლები, ძლიერდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების სეკრეტის გამომუშავება, იმატებს ცხიმოვანი ქსოვილის ოდენობა. იცვლება ხმა, გუნება-განწყობა, საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი. ორგანიზმი ემზადება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენისთვის - მენსტრუაციისთვის. პუბერტატულ პერიოდში გოგონები პირად ჰიგიენას დიდ ყურადღებას უნდა აქცევდნენ. პირადი თეთრეულის (ქვედა საცვლის) გამოცვლა და შხაპის მიღება ყოველდღეა საჭირო. ასევე, გოგონებმა უნდა იხმარონ ანტიპერსპირანტები - ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები (აეროზოლი, კრემი, მშრალი ბურთულები). შესაძლოა, გაჩნდეს უსუნო, უფერო, ლორწოვანი გამონადენი საშოდან, ამიტომ მოზარდმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყოველდღიური ჰიგიენური საფენები.
- როგორ დავიცვათ გოგონა სასქესო ორგანოების დაავადებებისგან?
- სქესობრივ მომწიფებამდე გოგონას ორგანიზმში არ გამომუშავდება რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც საშოს ინფიცირებისგან იცავს, ამიტომ საშოს დაცვის ერთადერთი გზა მისი მართებული მოვლა და ჰიგიენაა. გოგონამ სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც უნდა დაიბანოს თბილი სუფთა წყლითა და საპნით. დიდი მნიშვნელობა აქვს შრომისა და დასვენების რეჟიმს. გადაღლა, შესაძლოა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზად იქცეს, ამიტომ მშობლებმა საგანგებო ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდი გოგონას დღის რეჟიმს, შრომისა და დასვენების მონაცვლეობას, კვებას, ფიზიკურ აქტივობას.
გახსოვდეთ: მეტისმეტი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა, არასწორი კვება, ხანგრძლივი ფსიქიკური გადაძაბვა შესაძლოა დამღუპველად აისახოს მოზარდის სქესობრივ ფუნქციაზე.
საშიშია გადაცივება, განსაკუთრებით - მენსტრუაციის დროს. ეს ცისტიტისა და დანამატების ანთებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. არანაკლებ საშიშია სველი ქვედა საცვლითა და საბანაო კოსტიუმით სიარული.
რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს ინფექციური და ქრონიკული დაავადებებიც.
გოგონას დროულად უნდა ვასწავლოთ ნაწლავებისა და შარდის ბუშტის დაცლა, ვინაიდან გადავსებულმა შარდის ბუშტმა და სწორმა ნაწლავმა შესაძლოა საშვილოსნოს ნორმალური მდებარეობა დაარღვიოს და არარეგულარული და მტკივნეული მენსტრუაცია გამოიწვიოს.
- როგორი უნდა იყოს მოზარდის ჰიგიენა მენსტრუაციის პერიოდში?
- სქესობრივი მომწიფების დაწყებისთანავე ყოველი გოგონა უნდა გაეცნოს მენსტრუაციის არსს, წინასწარ მოემზადოს პირველი მენსტრუაციისთვის და გულდასმით შეისწავლოს სასქესო ორგანოების ჰიგიენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება. ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა, ადვილი შესაძლებელია, ფსიქიკური ტრავმისა და მენსტრუაციული ციკლის ფსიქოგენური დარღვევის მიზეზად იქცეს. პირველ მენსტრუაციას მენარქეს უწოდებენ. მისი დაწყების დრო კლიმატურ პირობებზე, ფიზი-კურ, სოციალურ, საყოფაცხოვრებო და კულტურულ გარემოზეა დამოკიდებული. მენსტრუაციული ციკლი 12-13 წლის ასაკში იწყება - ასეთია ნორმა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს 9-11 წლის ან 15-17 წლის ასაკში ხდება. მენარქედან 1-2 წლის მანძილზე ხშირია მენსტრუაციისა და მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა მოშლილობა, რომლებიც თავისთავად გამოსწორდება, ისე რომ, სამედიცინო ჩარევა საჭირო არ არის. ორფაზიანი ფიზიოლოგიური მენსტრუაციული ციკლი პირველი მენსტრუაციიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ყალიბდება.

იხილეთ სრულად
18297
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?