სპეციალისტის რჩევები საკითხზე, რომელიც ბევრს აღელვებს მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო ჯაფარიძე.
- ქალბატონო ნინო, როგორ ხდება ქალის ორგანიზმში მენსტრუალური ციკლის რეგულაცია?
- მენსტრუალური ციკლი საშვილოსნოდან პერიოდული სისხლდენაა, გამოწვეული სქესობრივად მომწიფებული ქალის ორგანიზმში რიტმულად მიმდინარე ნერვულ-ენდოკრინული, ჰისტოვასკულარული ცვლილებებითა და საშვილოსნოს შეკუმშვით. გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე. არეგულირებს თავის ტვინის ქერქი და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები.
ციკლის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია: 60%-ს 27-28-დღიანი აქვს, 30%-ს - 20-21-დღიანი, ხოლო 9-10%-ს - 30-35-დღიანი. მოწიფული ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ციკლის ორი ფუნქციური ფაზა: პირველი - ფოლიკულური ანუ პოსტმენსტრუალური (მენსტრუაციის შემდგომი), როდესაც დიდი ოდენობით გამოიყოფა ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი FSH და მეორე - პროგესტერონული ანუ პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი), როდესაც ჭარბობს მალუთეინიზირებელი LH ჰორმონის გამოყოფა. ამ ორ ფაზას შორის მიჯნას კი წარმოადგენს ოვულაცია - მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, როდესაც ფოლიკულიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუსკენ მიემართება. პირველი მენსტრუაცია, მენარქე, როგორც წესი, 10-12 წლის ასაკში იწყება. 15-16 წლის ასაკში დაწყებულ მენსტრუაციას დაგვიანებულს უწოდებენ.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
- სხვადასხვა მიზეზმა, მათ შორის - ორსულობამ, შარდსასქესო ორგანოების განუვითარებლობამ ან განვითარების მანკმა, საშვილოსნოს სიმსივნურმა ახალწარმონაქმნმა, ენდოკრინულმა, ნერვულ-ფსიქიკურმა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებებმა, ტრავმულმა დაზიანებამ, არახელსაყრელმა ეკოლოგიურმა პირობებმა.
- რა სახით შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
- მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებია: პირველადი ამენორეა, მეორეული ამენორეა, ოლიგოამენორეა, პირველადი და მეორეული დისმენორეა, მენორაგია და პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი) სინდრომი. ამენორეა მენსტრუაციის არარსებობაა. გამოყოფენ მის ორ ტიპს - პირველადს და მეორეულს. პირველადია ამენორეა, როდესაც ქალს მენსტრუაცია არასოდეს ჰქონია. ამის მიზეზია გონადების დისგენეზია (ქრომოსომული ანომალია), ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა (როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური წარმოშობისა), ანატომიური ანომალია - არაპერფორირებული საქალწულე აპკი. გოგონამ გამოკვლევა უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ:
16 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ მოსვლია მენარქე;
14 წლის ასაკში არ გამოვლენილა სქესობრივი მომწიფების ნიშნები - სარძევე ჯირკვლების ზრდა, სქესობრივი გათმიანება;
მეორეული სასქესო ნიშნების გამოვლენიდან 3 წლის განმავლობაში არ მოსვლია მენარქე;
ასაკთან შეუსაბამოა სიმაღლისა და წონის მაჩვენებელი.
ამ შემთხვევაში საჭიროა ექოსკოპიური, ქრომოსომული და ჰორმონული გამოკვლევა. მეორეული ამენორეაა მენსტრუაციის არარსებობა 6 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში ნორმალური ან დარღვეული მენსტრუალური ციკლის ფონზე. ის შეიძლება გამოწვეული იყოს: ორსულობით; სხეულის მასის დაკარგვით ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვით; საკვერცხეების პოლიკისტოზით; ნაადრევი მენოპაუზით; ჰიპერპროლაქტინემიით; ფსიქოემოციური დარღვევებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა, FSH და LH ჰორმონების, ასევე TSH-ის, FT4-ის, პროლაქტინის გამოკვლევა, ექოსკოპიის ჩატარება ენდომეტრიუმის სისქისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის გამოსაკვლევად. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მენსტრუალური ციკლის არარსებობას, როდესაც მომატებულია პროლაქტინი და FSH (ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი).