ქალი - ქრონიკული ვენური დაავადების სამიზნე
ქალი - ქრონიკული ვენური დაავადების სამიზნე
ქრონიკული ვენური დაავადება პერიფერიული სისხლძარღვების ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მისი მსუბუქი ფორმა აღენიშნება მოსახლეობის 80-85%-ს მთელ მსოფლიოში, ხოლო ვარიკოზული ვენები - ქალების 60%-ს. რა თავისებურებები ახასიათებს ქალთა პოპულაციაში ვენების დაავადებებს, ამის შესახებ საუბარი ვთხოვეთ ქალთა მე-11 კონსულტაციის მეან-გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორ ქეთევან ქარქაშაძეს.


- როგორია ვენური დაავადების გავრცელება მამაკაცებსა და ქალებში?
- დადგენილია, რომ ყოველ დაავადებულ მამაკაცზე 5-7 დაავადებული ქალი მოდის. ასეთი განაწილება განსაკუთრებით თვალში საცემია ახალგაზრდა, რეპროდუქციულ ასაკში. ამ მიმართებით საუბრობენ
არა ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ დაავადებაზე, არამედ ინფრარენულ ვენურ უკმარისობაზე, რომელიც მოიცავს როგორც ქვედა კიდურების, ისე მენჯის ვენური სისტემის ქრონიკულ უკმარისობას. ტერმინი “ინფრარენული ვენური უკმარისობა” აერთიანებს მენჯისა და ქვედა კიდურების ვენური სისტემების ქრონიკულ დაავადებებს: საკუთრივ ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ დაავადებას, ასევე - მენჯის სისხლსავსეობის სინდრომს. ცალკე განხილვის საგანია ჰორმონინდუცირებული ფლებოპათია, რომელიც უკვე საკმაოდ ხშირად გვხვდება. ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომების უმეტესობა ვლინდება როგორც მენჯის, ისე ქვედა კიდურების ვენურ სისტემაში.

- რატომ ემართებათ ასე ხშირად ქალებს ქრონიკული ვენური დაავადება?
- ქალებში ქრონიკული ვენური დაავადების ფართო გავრცელება იმით არის გამოწვეული, რომ დაავადების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი მდედრობითი სქესია, უფრო სწორად, ამ სქესისთვის დამახასიათებელი მდგომარეობები - ორსულობა და
მშობიარობა. დიდ როლს ასრულებს ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა და მემკვიდრეობაც.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა ქალის სხეულის ანატომიურ თავისებურებებს?
- რასაკვირველია. ქალს მამაკაცზე განიერი მენჯი აქვს, რაც იწვევს თეძოს ვენების უფრო მახვილი კუთხით ჩართვას ქვედა ღრუ ვენაში, ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ვენური ნაკადის სიჩქარეზე.

- რით გამოიხატება ქრონიკული ვენური დაავადება?
- მისთვის დამახასიათებელია:

ტკივილი;
სიმძიმის შეგრძნება;
დაბუჟების შეგრძნება;
ღამის კრუნჩხვები;
ტელეანგიოექტაზიები;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
შეშუპება;
ტროფიკის დარღვევა.

- როგორ აისახება ქალის ჰორმონული ფონი ვენებზე?
- ცნობილია, რომ ქრონიკული ვენური დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

მაღალი ტემპერატურა (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ხშირი, ცხელი, ხანგრძლივი აბაზანები);
ადინამია;
დიდხანს ფეხზე დგომა.

ქალებში ამას ემატება ჰორმონული ფონიც - ჩივილები ძლიერდება მენსტრუაციის წინ, ორსულობისა და ჰორმონული თერაპიის დროს.

- რატომ რთულდება უკვე არსებული დაავადება ორსულობისას ან პირველად ამ დროს რატომ იჩენს თავს?
- ორსულობა ნამდვილი გამოცდაა ქალის ვენური სისტემისთვის, რომელსაც ამ დროს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია თვალი გადავავლოთ ზოგიერთ მონაცემს: ქალების დაახლოებით 30%-ს ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს და მათი 80% ამ პრობლემას სწორედ ორსულობის დროს ეჯახება. დადგენილია, რომ საშვილოსნოს ზრდის პირდაპირპროპორციულად მცირდება სისხლის ნაკადის სიჩქარე ბარძაყის ვენებში, მესამე ტრიმესტრში - თითქმის 50%-ით. ამ პერიოდში ქვედა ღრუ ვენა მკვეთრად ვიწროვდება და სისხლი გულისკენ უმთავრესად კოლატერალური გზებით - ხერხემლის ვენური წნულითა და წელის ვენებით მიედინება. ამას ემატება ჰორმონული ფაქტორი - ესტროგენებისა და პროგესტერონის კონცენტრაციის მომატება, რაც ვენის კედლის გლუვკუნთოვანი ტონუსის დაქვეითებას იწვევს. ორსულობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ვენების ვარიკოზული გაგანიერებისთვის.

იხილეთ მეტი
1947
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?