"ვინც მუშაობს და ამავდროულად ჰყავს ოჯახი, ყველა გამიგებს..." - როგორ ჩადგა ფორმაში 3 შვილის დედა თამუნა ლეკვეიშვილი
"ვინც მუშაობს და ამავდროულად ჰყავს ოჯახი, ყველა გამიგებს..." - როგორ ჩადგა ფორმაში 3 შვილის დედა თამუნა ლეკვეიშვილი
ბოლო პერიოდში „კომედი შოუს“ მსახიობმა და „ვანოს შოუს“ მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. წარმატებულ კარიერასთან ერთად, თამუნას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს - მუსიკოსი მეუღლე გიგი ოქროპირიძე და სამი შვილი ჰყავს. მსახიობს შვილებზე, ოჯახსა და თავის მოვლაზე ვესაუბრეთ.

- იქიდან გამომდინარე, რომ „ვანოს შოუ“ ივლისის ბოლომდე ეთერშია, მეც და ბავშვებსაც თბილისში გვიწევს ყოფნა, აგვისტოში ჯერ ბაკურიანის ხეობაში ვაპირებთ წასვლას, შემდეგ ზღვაზე გადავინაცვლებთ - შეკვეთილში გვინდა ბავშვები წავიყვანოთ.

- ახლა რამდენი წლისანი არიან შენი
შვილები?
- უფროსი, ანუ ნინი არის 7 წლის, ნიკოლოზი - 5, ელენე-3.

- ნინისთვის პირველი სასწავლო წელი დასრულდა, როგორ გაიარეთ ეს ახალი ეტაპი?
- როცა ბავშვი შედის პირველ კლასში, მასთან ერთად ალბათ ყველა მშობელი ნერვიულობს და მეც არ ვიყავი გამონაკლისი, ვღლეავდი, როგორ შეეგუებოდა სკოლას, სწავლის საკითხი როგორ იქნებოდა და ა.შ. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სკოლა ნინის ცხოვრებაში ძალიან კარგად შემოვიდა. ნიუტონის თავისუფალ სკოლაში დადის, სადაც სწავლების მეთოდი ბავშვების ფსიქოლოგიაზე მორგებულია, თამაშ-თამაშით ასწავლიან და ეს ყველაფერი რასაკვირველია პატარებზე კარგად აისახება. შედეგად, ნინის ძალიან შეუყვარდა სკოლაში სიარული, მეტიც, უკვე ენატრება კიდეც. ნიკოლოზი და ელენე ჯერ
ისევ ბაღში რჩებიან.
mshoblebi
- თამუნა, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან დაკავებული ხარ, ვინ გეხმარება ბავშვების საკითხში და რამდენად იცლი საოჯახო საქმეებისთვის?
- ძიძა მეხმარება ყველაფერში. დილით სამ ბავშვთან ერთად ჩემი მომზადება სამსახურში წასასვლელად, ძალიან რთული ამბავია, ამიტომ დილიდანვე მოდის ძიძა და მეხმარება, მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, ვაკეთებ იმდენად, რამდენადაც ამის დრო მრჩება, ვინც მუშაობს და ამავდროულად ჰყავს ოჯახი, ყველა გამიგებს და მიხვდება რასაც ვგულისხმობ.

- სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამ ბავშვზე ზრუნვა და მათზე ყურადღების გადანაწილება, ადვილი ნამდვილად არ არის. შენ როგორც მშობელი, რას გამოჰყავხარ მდგომარეობიდან ბავშვებთან მიმართებაში და ზოგადად, როგორია შენი მიდგომა შვილების აღრზდის საკითხზე?
- ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ მშობლების კატეგორიას, შვილებს კუთხეში დადგომით რომ სჯიან, არ მიყვარს თავხედი ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შვილებს ავუხსნა, რას აშავებენ და არა მოწოდებებით გავაკეთებინო ის, რაც მე მინდა. აი, მდგომარეობიდან რას გამოვყავარ, იცი? რომ ვეძახი რომელიმეს, ესმის და არ მპასუხობს, ამ დროს ძალიან ვბრაზდები და ხმას ვუწევ, ესაა ჩემი გაბრაზება. ალბათ არც ერთი ბავშვი არ გაზრდილა ამის გარეშე. სამი ბავშვი ერთ სახლში ნიშნავს იმას, რომ სახლი ყოველთვის არეულია და არასდროს ლაგდება, მით უმეტეს რომ პატარები ძალიან ცელქები არიან. გარდა ამისა, როცა სადმე გვინდა წაყვანა-გასერინება, ერთ-ერთს ხომ არ წაიყვან და დანარჩენებს ხომ არ დატოვებ? უნდა წაიყვანო ყველა, ეს კი ადვილი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დახურულ სივრცეში, თუნდაც კონცერტზე მიგვყავს. ამას წინათ კამერული მუსიკის კონცერტზე წავიყვანეთ სამივე, მაგრამ ბავშვები არიან და სულ ჩუმად ვერ ჩერდებიან, იციან, რომ არ უნდა ისაუბრონ, ჩუმად იყვნენ, მაგრამ მაინც არ გამოდის ისე, როგორც უფროსებს გვინდა... ხშირად ვიწვევთ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილებას, მათიც მესმის, მაგრამ სულ სახლში ხომ არ დავტოვებ?! მიუხედავად ამ უხერხულობისა, მაინც დავდივართ და შეგვაქვს ხმაური, სადაც შევდივართ. ვფქირობ, რომ აქედან, ამ ასაკიდანვე უნდა მიეჩვიონ სხვადასხვა ღონისძიებაზე სიარულს და მუსიკის მოსმენას, ამიტომაც მეც და ჩემი მეუღლეც, როცა დრო გვაქვს, ვცდილობთ ვატაროთ ასეთ საღამოებზე.

- როგორც ვიცი შენი მეუღლეც მუსიკოსია, ბავშვებს თუ გამოჰყვათ მუსიკის ნიჭი?
- კი, მღერიან კარგად, ოღონდ მხოლოდ სახლში (იცინის). მე ჩემი მხრიდან ყველანაირად შევუწყობ ხელს მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას, მერე და მერე კი თავად გადაწყვეტენ, რას და როგორ გააკეთებენ.
mshoblebi
- თამუნა, ბოლო პერიოდში ძალიან გახდი და არაჩვეულებრივად გამოიყურები, ეს ყველაფერი მარტო დიეტის დამსახურება, არ მგონია, იყოს...
- არაა, მხოლოდ დიეტის დამსახურება ნამდვილად არ არის. დიეტაზე რამდენ ხანს შეიძლება იყო? სულ ხომ ვერ იქნები?შეუძლებელია, მით უმეტეს იმ ადამინისთვის, ვისაც გემრიელად ჭამა ძალიან უყვარს. პერიოდულად, რა თქმა უნდა, დეიტასაც მივმართავ, მაგრამ ბოლო პერიოდში დავიწყე ვარჯიში და ამან დიდი შედეგი მომცა. სიმართლე გითხრა, აქამდე არასდროს მივარჯიშია და აღმოვაჩინე, რომ თურმე მართლა კარგი ყოფილა. ჩემი დაკავებულობის მიუხედავად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვპოულობ დროს დარბაზში მისასვლელად და სავარჯიშოდ, შედეგად ძალიან ახლოს ვარ ჩემს იდეალურ წონასთან, გარდა ამისა,  ვიცვამ იმას, რაც მინდა და რაც მომწონს, ეს კი ქალისთვის დიდი ბედნიერებაა.

- ჯამში რამდენი კილოგრამი გაქვს დაკლებული?
- ასე ძნელია თქმა, რადგან პერიოდულად ვიკლებდი, ვიმატებდი, თუმცა, ელენეზე მშობიარობის შემდეგ 85 კილო ვიყავი, ახლა კი 63 ვარ, ჩემი მიზანია, 60-ს ჩამოვცდე, ვიყო თუნდაც 59 (იღიმის).

- გარდა ამისა, თუ არ ვცდები, წარბის ფორმაც შეიცვალე. ეტყობა როცა ერთ მიზანს მიაღწევ, მერე სხვადასხვა რაღაცის შეცვლის სურვილი გიჩნდება... 
- კი, კი ასეა, მაგრამ წარბი მხოლოდ „მუღამის“ გამო არ შემიცვლია. საერთოდ, ძალიან კარგი წარბის ფორმა მქონდა, მაგრამ ბავშვების გაჩენის შემდეგ დამცვივდა, დამითხელდა და გადავწყვიტე ტატუ გამეკეთებინა, მერე ვიფიქრე, ბარემ ფორმასაც შევაცვლავინებ-თქო, ცოტა ავაწევინე.

- ლინზების აქტიურად გამოყენებაც დაიწყე...
- ხოო, რაც შეეხება ლინზებს,  ეგ დაუგეგმავად მოხდა, "კომედი შოუს" ჩაწერისთვის ვიყიდე ლინზები, შემდეგი მოხმარებისთვის არ მქონდა გასნაზღვრული, მაგრამ ძალიან მომეწონა და მას შემდეგ ვატარებ.

- მინდა გითხრა, რომ ამ პატარ-პატარა ცვლილებებმა შეგცვალა და ძალიან მოგიხდა...
- დიდი მადლობა... როცა დასახულ მიზანს მიაღწევ,  მერე სულ გინდა, ფორმა არ დაკარგო, აწეულ თამასას დაბლა აღარ წევ და სულ ცდილობ, მოწესრიგებული იყო. ჩვენს ეპოქაში, სადაც ფეისბუქი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ასეთი დეტალები შეუმჩნეევლი არ რჩება და შენც გსიამოვნებს.
mshoblebi
- დასასრულ, ჩვენს მკითხველს იქნებ მისცე რჩევა ან რამე ექსპრეს დიეტა გაგვიმხილო, რომელიც გამოცდილი გაქვს...
- ჩემი რჩევა იქნება ის, რომ უარი თქვან ექსპრეს დიეტებზე, ამით შეიძლება დაიკლონ რამდენიმე კილოგრამი, მაგრამ ცოტა ხანში აუცილებლად მოიმატებენ, ამიტომ ეს ტყუილი წვალებაა. და კიდევ, არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ ხილი საღამოს, ხილი არ ასუქებს და რამდენიც გინდა ჭამეო - ამბობენ ხოლმე, მაგრამ ასე არაა, ეს დიდი ტყუილია. ყველაზე კარგი გზა ფორმაში ჩასადგომად ვარჯიშია, ამასთან ერთად - დიეტა, მაგალითად, ცილოვანი ძალიან ეფექტურია. 
ციცი ომანიძე

47182
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თამუ
2
თამოო ძალიან საყვარელი ხარ. მომწონს შენი სტილი - დადებითი და პოზიტიური. მომწონს რომ 3 შვილი გყავს :) იბედნიერეთ :*
23:35 / 04-03-2018
nino
20
რა ძალიან აგვარდნია თავში. რა დროს მაგათი კამერული მუსიკაა. არ ჩერდებიან და რამდენი ადამიანი გაგინებთ თუ იცით. ადამიანმა როგორღაც გაიმეტს ფული, აიღო ბილეთი და სიამოვნების მაგივრად, შენი შვილების საქციელების გამო, განერვიულებული დაბრუნდა.შენ კი ამყად დატოვე დარბაზი. რა ქვია შენს საქციელს-უნახავმა რა ნახაო?
23:52 / 21-07-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი