შინაური ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის
ყველა ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სახისა და ხელის კანის მოვლას. სახეზე გამონაყარი, ლაქები, ნაოჭები, მოუვლელი ხელის კანი ყოველთვის არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველდღიურად, დაბანის შემდეგ კანისათვის შესაფერისი კრემის ხმარება და კვირაში ერთხელ სახეზე ნიღბის დადება ქალს ამის გარანტიას აძლევს.
თბილი წყლით დაბანა კანს აცილებს ჭუჭყს, აფართოებს და ხსნის ფორებს, რაც ხელს უწყობს სახიდან ჭუჭყის მთლიანად ჩამოწმენდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელ-პირი ყოველდღე თბილი ან ცხელი წყლით დაიბანოთ. ამის გაკეთება კვირაში ერთხელაც საკმარისია. პირი დაიბანეთ საპნითა და ცივი წყლით, შემდეგ წაისვით კრემი.
გირჩევთ, გამოიყენოთ სახის კანისთვის ნიღბების რეცეპტები.
იცოდეთ! ნიღბის დადებამდე პირი აუცილებლად უნდა დაიბანოთ. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით, ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით ნორმალური და მშრალი კანისათვის ცხიმიანი მკვებავი, ხოლო ცხიმიანი კანისათვის - შესაფერისი კრემი. გვირჩევენ, რომ კრემი სახეზე წავისვათ დაბანის შემდეგ, როცა კანი ოდნავ ნოტიოა. ამ შემთხვევაში კრემი ადვილად იწოვება კანში და არ იწვევს არასასიამოვნო დაჭიმულობის შეგრძნებას. კრემი უნდა დაიდოთ თითებზე და ნელი მოძრაობით წაისვათ სახეზე.
ნიღბები სახის ნორმალური კანისათვის:
1. ხაჭოს ნიღაბი - ერთი სუფრის კოვზი ხაჭო გახსენით ერთ სუფრის კოვზ რძეში.
2. კვერცხის გულის ნიღაბი - კარგად გათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 10 წვეთი ზეითუნის ზეთი და 5 წვეთი ლიმონის წვენი.
3. თაფლის ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი თაფლი გათქვიფეთ კვერცხის გულთან ერთად.
4. ნიღაბი "ასორტი" - ერთი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი არაჟანი, 2 ჩაის კოვზი ხაჭო, ერთი სუფრის კოვზი რძე აურიეთ ერთმანეთში.
ნიღბები სახის მშრალი კანისათვის:
1. ხაჭოს ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი ახალი ხაჭო გახსენით ერთ ჩაის კოვზ ახალ ნაღებში და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი.
2. ნაღების ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი ნაღები გახსენით ერთ ჩაის კოვზ სტაფილოს წვენში, უნდა წაისვათ თხელი ფენა, გაიჩერეთ 10 წუთი.
3. თაფლის ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი თაფლი კარგად გათქვიფეთ, დაუმატეთ ცოტა რძე.
4. კიტრის ნიღაბი - 2 ჩაის კოვზ გახეხილ კიტრს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ახალი რძე.
ნიღბები ცხიმიანი სახის კანისათვის:
1. საფუარის ნიღაბი - ერთი ჩაის კოვზი საფუარი გახსენით ერთ სუფრის კოვზ თბილ რძეში.
2. ვაშლის ნიღაბი - ერთ სუფრის კოვზ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ გათქვეფილი კვერცხის ცილა და ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი.
3. თაფლისა და ფქვილის თანაბარი ნარევი აურიეთ რძეში და მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გვირილის ნაყენით. ეს ნიღაბი რეკომენდებულია მობერებული კანისათვის.
ასევე იხილეთ: სასარგებლო რჩევები: როგორ და რომელ საათებში ჯობს კრემის წასმა