გოგონები ხშირად დაბალი თვითშეფასების გამო თხოვდებიან ადრე ან ოჯახურ პრობლემებს ასე "გაურბიან"
გოგონები ხშირად დაბალი თვითშეფასების გამო თხოვდებიან ადრე ან ოჯახურ პრობლემებს ასე "გაურბიან"
ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე mshoblebi.ge საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის - ’’თანადგომის“ ფსიქოლოგ-კონსულტანტ მაია ჯიბუტს ესაუბრა.

- ადრეული ქორწინება არის ქორწინების ის ფორმა, როცა წყვილიდან ერთ-ერთი მაინც არის არასრულწლოვანი. საქართველოში ეს კანონით აკრძალულია, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ კანონი მაინც ვერ გვიცავს ხოლმე ნაადრევი ქორწინების შემთხვევებისგან. ამიტომ კანონს ამ კუთხით სჭირდება მეტი პოპულარიზაცია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ხშირად ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზი დაბალი თვითშეფასებით არის ნაკარნახევი. მაგალითად, არასრულწლოვანი გოგონა გათხოვების გადაწყვეტილებას იღებს, მას აქვს დაბალი თვითშეფასება და არ არის რეალიზებული, ფიქრობს,
რომ გათხოვებით სხვების თვალში ამაღლდება, თუმცა ვერ აცნობიერებს ოჯახის შექმნის შედეგად შექმნილი პრობლემების სირთულეს. არსებობს სხვა ფაქტორებიც, ეს შეიძლება იყოს საკუთარი სახლიდან თავის დაღწევის სურვილი. შეიძლება,  არასრულწლოვანი ფინანსურად მყარ ოჯახში ცხოვრობდეს, მაგრამ არამეგობრულ სივრცეში, სადაც საკმაოდ დიდი დისტანციაა მშობლებსა და შვილებს შორის და ცდილობს სითბო და მზრუნველობა სხვაგან იპოვოს. ასევე გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის გამოც არასრულწლოვანი გოგოები თხოვდებიან. ასეთ დროს თვლიან, რომ ქმრის ოჯახში უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, შეძლებენ განათლების მიღებას, საკუთარი თავის რეალიზებას, ასევე ისეთი ოჯახებიდან ცდილობენ გოგონები თავის დაღწევას, სადაც არის კონფლიქტური მდგომარეობა მშობლებს შორის და ა.შ.

- მოზარდები ვერ ახერხებენ რეალობის შეფასებას,
რაც გამოიხატება იმაში, რომ ცრუ დაპირებების მსხვერპლნი ხდებიან...

- მოზარდი და არასრულწლოვანი მისი აზროვნებიდან გამომდინარე, შორს ვერ იხედება. იმ წუთას იჯერებს დაპირებას, მაგრამ რამდენად შესრულებადია ეს დაპირებები, ამის განჭვრეტის უნარი ხშირად არ აქვს. ის ცხოვრობს დღევანდელობით.


ასევე იხილეთ: "დანაშაულია ამ ასაკში გოგოს გათხოვება" - რას ამბობენ ისინი, ვინც ნაადრევად დაქორწინდნენ?


- ხშირ შემთხვევაში მიზეზი ნაადრევი ქორწინებების, მშობლების მხრიდან სასიყვარულო ურთიერთობების აკრძალვა ხდება. როგორ უნდა დაარეგულირონ მშობლებმა ამ მხრივ შვილებთან ურთიერთობა?
- მესმის მშობლების, მაგრამ როცა მოზარდებში სქესობრივი მომწიფების პერიოდი იწყება და საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი ჩნდება, რაც ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მომენტია, ამ გარემოებას მშობლები ხშირად აიგნორებენ და აქვთ სურვილი მოზარდობის ასაკშიც ისეთივე ბავშვურები, დამჯერები იყვნენ შვილები, როგორებიც იყვნენ პატარა ასაკში. აქედან გამომდინარე უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც ჩნდება იტერესი და ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, და ხშირ შემთხვევაში საჭიროა, რომ მათ მეტი ინფორმაცია მიიღონ. ვთქვათ, უფრო მეტად მოიძიონ საკითხები რომელიც აი, ამ ასაკის ადამიანებს ახასიათებთ და  ნაკლებად გულგრილად შეხვდნენ ამ ფაქტს. სირაქლემას პოზიციაა, როცა მშობლები პრობლემებს ემალებიან და გაურბიან.  დღევანდელ ახალგაზრდებთან დირექტიული ტონით საუბრები არ ამართლებს. რეალურად ვიღებთ იმას, რომ მშობელს გაექცევა შვილი სახლიდან და მიიღებს ისეთ არასასურველ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია ადრეული ქორწინება. საერთოდ არსებობს აღზრდის რამდენიმე სტილი. ავტორიტარული სტილი, ისევე როგორც ლიბერალური სტილი, არ მუშაობს კარგად. მუშაობს დემოკრატიული აღზრდის სტილი, რასაც ჩვენს ენაზე უბრალოდ ვეძახით მეგობრული აღზრდის სტილს, როცა ცდილობ, რომ შვილი  შენთან იყოს გახსნილი, ჰქონდეს იმის განცდა, რომ არის თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მაგრამ სადავეები უჭირავს მშობელს - ეს არის ყველაზე ოპტიმალური მდგომარეობა. 
mshoblebi
- რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოზარდებს ნაადრევი ქორწინების თავიდან ასაცილებლად?
- ჩვეულებრივად ყველა მიმართულებით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, საიდანაც ელოდება მას საფრთხე. დღეს უკვე 14-15 წლის მოზარდს შეუძლია აღიქვას ძალიან სწორად ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ მივაწვდით, რადგან მეტად ინფორმირებულ თაობებთან გვაქვს საქმე ინტერნეტის წყალობით. საფრთხეები სფეროებად რომ დავყოთ,  ჯანმრთელობით გამოწვეული საფრთხე დაკავშირებულია  ადრეულ ორსულობასთან, მშობიარობასთან და აბორტთან გამოწვეულ ჯანმრთელობის გართულებებთან. როდესაც გოგონას ფიზოლოგია,არ არის ჯერ მომწიფებული, ბოლომდე ზრდის პროცესი არ არის დასრულებული, ძალიან ხშირად არის ხოლმე ნაადრევი მშობიარობები. მისი მენჯის ძვალი არ არის ბოლომდე განვითარებული და ამან შეიძლება გარკვეული სახის ტრავმები გამოიწვიოს, ხშირია ასევე ნაყოფის წონის და სხვა პრობლემები.

- როცა ნაადრევად გათხოვილი გოგონა თავს არიდებს დაორსულებას, ხშირია შემთხვევები, როცა მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ ირგვლივ მყოფები... ორსულად არ ხარ? ბავშვს როდის აჩენ?
- ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნათესავის, მეზობლის, როლი საკმაოდ დიდია და ჩვენც, ადამიანები, მათ ვაძლევთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას და უფლებას, რაც თავისთავად არასწორია. არც კანონის დონეზე და არც მორალურ  დონეზე არავის აქვს უფლება, სხვის პირად ინტიმურ საკითხებში ჩაერიოს. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც არ არის ფსიქოლოგიურად მომწიფებული, არც ფიზიოლოგიურად, არც შემეცნებითად, რთულია გაუმკლავდეს ასეთ შემოტევებს, გარკვეული წნეხი ამ კუთხით მართლაც არსებობს. ეს უკვე ადამიანის ხასიათზეა, რამდენად შეძლებს, გარშემო მყოფების მოსაზრებების თავიდან არიდებას ან მათ მოსმენას, ან გაფილტვრას, ხშირად მშობლების მხრიდანაც არის ზეწოლა. გათხოვდა გოგონა, მერე რა, რომ 15 წლის არის, ერთ წელიწადში ბავშვი უნდა გააჩინოს. თუ მოზარდი გოგონა საკმაოდ რაციონალურად აზროვნებს, ის შეძლებს ასეთი შემოტევებისგან თავის დახსნას. თუმცა ჩვენ ასეთ ძლიერ მოზარდებზე არ ვსაუბრობთ. ხშირად რასაც მე ვხედავ, ახალ ოჯახში შესული გოგონა აღმოჩნდება ხოლმე ან პატარა ბავშვების, ქმრის და-ძმის მომვლელი, ან ბებია-ბაბუის მომვლელი.

- წყვილებს შორის ნაადრევი ქორწინება ხშირად გაყრით მთავრდება, რადგან მალევე იკვეთება გემოვნების, შეხედულებების ცვლილება... არის ასევე შემთხვევები, როცა მშობლები რიგი მიზეზების გამო აიძულებენ გოგო შვილებს ოჯახის „შენარჩუნებას“...
- ბუნებრივია, როცა წყვილებს შეხედულებები ეცვლებათ, რადგან მოზარდობის ასაკში ხდება ძალიან ბევრი ღირებულების ჩამოყალიბება და ჯერ კიდევ გამორკვევის პროცესში არიან ხოლმე, თუმცა ის საბაზისო ფასეულობები, რომლებზეც ჩვენ ვდგავართ, ის ფუნდამენტი, რაც არის, ნაკლებად იცვლება. ოღონდ ეს უფრო 20 წლის შემდეგ, როდესაც ადამიანი იღებს გარკვეულ განათლებას, გარკვეულ პროფესიას ირჩევს, შესაბამისად იწყებს სადღაც მუშაობას, ბევრ ადამიანთან ურთიერთობაში სწავლობ ისეთ რაღაცებს, რაც შეხედულებების გადაფასებას იწვევს... თუ ორი ადამიანის ცხოვრება მხოლოდ ლტოლვაზეა დამოკიდებული, იქ თუ არ არის თანაგაგება, საერთო ხედვები, საერთო ღირებულებები, ეს ოჯახი აუცილებლად გახდება უინტერესო, ეს არ იქნება ბუნებრივი თანაცხოვრება, ეს იქნება ფორმალური. რაც შეეხება მშობლების იძულებას, გათხოვილი შვილი დატოვონ ოჯახში, საიდანაც სურს წამოსვლა, ეს არის დიდი პრობლემა, ამ დროს მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანი სადაც უბედურად გრძნობს თავს, იქ არ უნდა დავტოვოთ. ბევრი მშობელი ფიქრობს იმას, საზოგადოება რას იტყვის, ან თუ ეკონომიკური გაჭირვების გამო აიძულებენ შვილს შეინარჩუნოს ოჯახი, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ოჯახის შექმნა განაჩენი ხომ არ არის, თუ ოჯახი ვერ შედგა, შვილი ხომ არ უნდა შევწიროთ, როგორც ამას ჩვენი მშობლების თაობა წირავდა.
რუსკა კილასონია


4900
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```