მოზარდობის პერიოდი რთულია როგორც მშობლებისთვის, ასევე შვილებისთვის. ამ დროს ბავშვებს ეცვლებათ ქცევა და დამოკიდებულება, ხდებიან სპონტანურები და რადიკალურები, რაც ხშირად ქმნის მშობლებთან დაპირისპირების მიზეზს. სურვილების შესასრულებლად კი შანტაჟის გზას ირჩევენ და სუიციდითაც კი იმუქრებიან ხოლმე... როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს და რა უნდა გაითვალისწინოს შვილთან ურთიერთობისას, მრავალწლიანი გამოცდილების ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:
- ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგადი მითითებისა და რეკომენდაციის გაცემა ძალიან საფრთხილოა. ვიდრე მოზარდობის ხანა დადგება, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული ნებისყოფის ელემენტები ჩამოყალიბებული. თუკი ის ბავშვობაში ყველა სურვილის შესრულებასაა მიჩვეული და მოზარდობის ხანაში გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება, სურვილების შესასრულებლად თავგადადებული ბრძოლა იწყება. მოზარდობის პერიოდი ძალიან საფრთხილო ასაკია. ეს არის პერიოდი, როცა მოზარდები სპონტანურები არიან, არაკონტროლირებადი ქცევა ახასიათებთ, როდესაც მართლა, მოულოდნელად შეუძლიათ ისეთი რამის გაკეთება, რასაც არც კი იფიქრებდნენ, რომ გაეკეთებინათ. მოზარდობის ხანის დადგომამდე და მანამდეც სასურველია, რომ ბავშვთან მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ და ჩამოვაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობა იმისათვის, რომ შეგვეძლოს დიალოგი და სიტუაციის უკეთ ახსნა. მოზარდი არ უნდა იყოს ჩვენი პატრონი და არც ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მბრძანებელი. ხშირად, მშობელს როცა ჩემთან მოჰყავს შვილი, მშობელსა და შვილს საშინელი დაპირისპირება აქვთ. მოზარდი იძულებულია, წავიდეს რადიკალურ ზომაზე იმისათვის, რომ მშობლამდე მიიტანოს თავისი გზავნილი, გააგებინოს, რა უნდა და რა მოსწონს ან პირიქით და არ იყოს მშობლის ბრძანების შემსრულებელი. რა თქმა უნდა, მშობლები სულ ვცდილობთ, ვიზრუნოთ შვილზე და საუკეთესო გვემეტება მათთვის ყველაფერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება მათი პიროვნული თვისებები, სულიერი მოთხოვნილებები, ასაკობრივი თავისებურებები და ხანდახან ისეთ რაღაცას ვავალებთ, რაც მათთვის მიუღებელი ან არასაინტერესოა. სწორედ ეს არის ხოლმე იმის მიზეზი, რომ მოზარდები მიდიან პროვოკაციულ ნაბიჯებზე. წამოვეგოთ თუ არა პროვოკაციას? - რა თქმა უნდა, არ უნდა წამოვეგოთ. მაგრამ, უარს როგორ ვეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოზარდმა ამ დროს შესაძლებელია სპონტანურად დაამთავროს ყველაფერი. თუ გადარჩა, მერე ძალიან ნანობს და ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ამ ასაკში მისთვის დამახასიათებელია: სპონტანურობა, უპასუხისმგებლობა, ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა და გაუთვალისწინებელი ქცევები.
- როცა მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, გაუგონ შვილებს, თუმცა მაინც ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, ხედავენ, რომ მათი შვილების ქცევები რადიკალურად განსხვავდება და ახლა უკვე შანტაჟით ცდილობენ სასურველი შედეგის მიღწევას, ამ დროს როგორ უნდა მოიქცნენ?
- არასოდეს შანტაჟზე არ უნდა წამოვეგოთ. როდესაც ვგრძნობთ, რომ ეს უბრალოდ შანტაჟია, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენი პასუხი მშვიდია, არ ვკარგავთ მოთმინებას, ჩვენი შვილი გრძნობს, რომ მზად ვართ, მოვუსმინოთ და გვერდით დავუდგეთ. მოზარდები ჩვენგან სწორედ ამას ელოდებიან. მაგრამ, რა ხდება რეალურად ცხოვრებაში? - როდესაც მშობელი გრძნობს, რომ შვილი აშანტაჟებს, აუცილებლად ძალიან დიდი ბრაზი უჩნდება. ამ შემთხვევაში მშობელი კი არა, ემოცია მოქმედებს და ის აკეთებინებს ყველაფერს. შეიძლება იყვიროს, იჩხუბოს, ყველაზე მიუღებელი ფორმით დასაჯოს, რასაც ცემა ჰქვია და ამან საბედისწერო ნაბიჯამდე მიიყვანოს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა. მაგრამ, თუ მშობელი ხვდება, რომ შვილი ბოროტად სარგებლობს მისი პოზიტიური განწყობით, ესეც არ არის სწორი. იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ შვილთან წესების დაწესება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას არ ვუგებთ. ყველაზე მთავარია, ოჯახში ყველას თავისი ვალდებულებები ჰქონდეს. ჩემთან მოსულ მოზარდებს ხშირად ვეკითხები - "რა გევალება სახლში?" პასუხია - "არაფერი. საჭმელს დედა მიკეთებს, სკოლიდან როგორც კი მოვალ, მახვედრებს, შეიძლება კომპიუტერთანაც მომიტანოს იმიტომ, რომ მშიერი არ დავრჩე. ბებია ჩემს ოთახს ალაგებს", და ასე შემდეგ. რომ ვეკითხები, კონკრეტულად მას რა ვალდებულება აქვს, ამბობს, არაფერი, მხოლოდ სწავლა ევალება... უნდა გავუგოთ მას იმიტომ, რომ ძალიან რთულ პერიოდს გადიან. ეს არის ხეულის სიმძიმის, არათანაბარი განვითარებისა და სპონტანური ქცევის პერიოდი, როცა მთელი სამყარო თითქოს მათ წინააღმდეგაა და ამას უნდა გაუძლონ, მაგრამ არა ჩვენი შანტაჟისა და იმის ხარჯზე, რომ ყველაფერი შევუსრულოთ. ასე ცხოვრებას ვერ ისწავლიან იმიტომ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი, რაც უნდათ, ვერ შეუსრულდებათ.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი მართლაც წამსვლელია რადიკალურ ნაბიჯზე?
- ეს ძალიან ძნელად ამოსაცნობი ფაქტია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ, სპეციალისტებიც, სრულად ვერ ვაფასებთ ხოლმე. ვერავინ იტყვის, ამა თუ იმ შემთხვევაში მოზარდი ამის გამკეთებელი არის თუ არ არის. შეიძლება არც იყოს, მაგრამ მისი ქცევა ისეთი სპონტანური გახდეს, რომ გააკეთოს. ყოველთვის პოტენციურად დიდ რისკს უნდა ვუყუროთ. თუმცა, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ პრობლემის გადადება. ვუთხრათ: "მოდი, ცოტა ხანი დავმშვიდდეთ, არ ვიკამათოთ, შენც დაფიქრდი და მეც დავფიქრდები, ერთ საათში კიდევ ვისაუბროთ". ჩვენი პირველი ფრაზა უნდა იყოს: "მე მესმის შენი", "გისმენ", "შენთან ერთად ვარ, მაგრამ ყველაფერი, რასაც ითხოვ, უნდა ჯდებოდეს გარკვეულ წესებში, იმიტომ, რომ ვიდრე 18 წლის გახდები, მე ვარ პასუხისმგებელი შენზე და შენ ჩემს წესებს ექვემდებარები, მაგრამ ეს წესებიც შეთანხმებული უნდა იყოს". მშობელმა არ უნდა უთხრას შვილს, მოგწონს თუ არა, თეთრი პერანგით უნდა იაროო. ხშირ შემთხვევაში ასეთ წვრილმანებზეა პრობლემები. მოზარდებს ამ პერიოდში ვიზუალის შეცვლის სურვილი უჩნდებათ. ზოგს თმების შეღებვა უნდა, ზოგს ტატუს გაკეთება, განსხვავებულად ჩაცმა და ასე შემდეგ. მშობლებს ეს ხშირად არ მოსწონთ და ამაზე დიდი დაპირისპირებაა ხოლმე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამაზე დაპირისპირება. უნდა ტატუს გაკეთება? - კი ბატონო, წავიყვანოთ და დროებითი ტატუ დავახატვინოთ. მოიწონოს ამით ცოტა ხანს თავი, ავუხსნათ, რომ მუდმივი რომ გავაკეთოთ, გაზრდის შემდეგ დაიშლება და აღარ ივარგებს. თუ თმა მოიზარდა, წავიყვანოთ, ფორმა მივცეთ და დავანახოთ, რომ მასთან ერთად ვართ, მაგრამ მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ თავისი ვალდებულებები შეასრულოს.
- ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ მშობლები მოზარდებთან ურთიერთობისას?
- მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა მიუღებლობაა. უნდა მივიღოთ ჩვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან. უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი მხარდაჭერა და უნდა ესმოდეთ, რომ უპირობოდ გვიყვარს და არა იმიტომ, რომ ათოსანია, არამედ იმიტომ, რომ ჩემი შვილია. შვილთან სწორი მოლაპარაკებით გარკვეული წესების დაწესება შეიძლება. თავადაც უნდა ვიყოთ მათი ქცევის მაგალითი. როდესაც მოზარდს მობილური ტელეფონის ხშირ გამოყენებას ვუშლით და თავად მობილურით სულ სოციალურ ქსელში ვართ, წარმოიდგინეთ, როგორი პროტესტი უჩნდება. როდესაც ვეჩხუბებით, რომ თამბაქო არ მოწიოს, ვარწმუნებთ, რომ ცუდია, მაგრამ ჩვენ მის თვალწინ ვეწევით, ანალოგიურად უჩნდებათ პროტესტი. როცა მშვიდად იღებთ მის პროტესტს და ცდილობთ, მშვიდადვე აუხსნათ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მშობლის ყველაზე დიდი შეცდომა შენიშვნის რადიკალური ტონით მიცემა და ჩხუბია. რომც უნდოდეს რაიმეს გაკეთება, არ აკეთებს იმიტომ, რომ ჯიბრით მშობლის გაღიზიანება და მისთვის სამაგიეროს გადახდა უნდა.
არასდროს უთხრათ თქვენს შვილს: "რა სისულელეს ამბობ" - ამით აუფასურებთ მის აზრებს. "რა ზღაპრებს მიყვები" - შეიძლება ყველაფერს აფორმებენ, ალამაზებენ, მაგრამ სწორედ ამით უნდათ ჩვენამდე გზავნილის მოტანა და ამას არ ვუსმენთ. არასოდეს უნდა ვუთხრათ მოზარდს: "საიდან მოიგონე", "რა უაზრობაა" - ეს დიდი შეცდომაა, რადგან მათთვის მათი აზრი მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი, როდესაც ჩვენს შვილს ვესაუბრებით, თვალებში უნდა ვუყუროთ. უნდა ვუსმინოთ და არ უნდა ვეუხეშოთ. თამარ იაკობაშვილი
თინეიჯერის ტვინის საიდუმლოებები - ეს ყველა თინეიჯერის მშობელმა უნდა წაიკითხოს
წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს