როცა მოზარდს კომპლექსები აქვს, არ მოსწონს თავისი გარეგნობა, საკუთარ თავში იკეტება... - თინეიჯერული პრობლემები და ფსიქოლოგის პასუხები
როცა მოზარდს კომპლექსები აქვს, არ მოსწონს თავისი გარეგნობა, საკუთარ თავში იკეტება... - თინეიჯერული პრობლემები და ფსიქოლოგის პასუხები
თინეიჯერობის პერიოდი ზოგიერთ მოზარდს მტკივნეულად გადააქვს, ვერ ეგუება ცვლილებებს და უყალიბდება გარკვეული კომპლექსები, რაც სრულფასოვან ურთიერთობებში უშლის ხელს. რას განიცდიან ისინი ყველაზე ხშირად და როგორი უნდა იყოს ამ დროს მშობლის მიდგომა, ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:

- ადამიანის ცხოვრებაში ბევრი გარდამტეხი მომენტია, თუმცა მოზარდობის ხანა, ე.წ. თინეიჯერობის პერიოდი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდება სხეულის ჩამოყალიბება და ჰორმონების გადაწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენ ამას შეიძლება ვერც კი ვამჩნევდეთ, მოზარდები მტკივნეულად აღიქვამენ, რომ მათი სხეულის ზრდა არათანმიმდევრულად ხდება.
შეიძლება ერთ დღეს ყური უფრო გაიზარდოს, ერთი კვირის შემდეგ კი - ცხვირი, რასაც მოზარდი ამჩნევს და ძალიან განიცდის. ეს არის პერიოდი, როცა საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევენ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში საკუთარი სტატუსის დამკვიდრება და ადგილის პოვნა. აცნობიერებენ, რომ აქამდე აბსოლუტურად თავისუფალი პერიოდი ჰქონდათ, თამაშობდნენ და ერთობოდნენ, თუმცა ახლა ამის პარალელურად გაჩნდა არჩევანი, პასუხისმგებლობა, მომავლის დაგეგმვა, საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა, რაც მათთვის მარტივი ასატანი არ არის. ამას ყველაფერს თან ერთვის ისიც, რომ მოზარდები ძალიან სასტიკები და რადიკალურები არიან. შეუძლიათ მარტივად გაიმეტონ თანატოლი ნებისმიერი დაცინვისთვისა და შეურაცხყოფისთვის და სწორედ ამის ხარჯზე დაფარონ საკუთარი დაბალი თვითშეფასება და კომპლექსები. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა
ერთმანეთისგან განსხვავდება და შაბლონური წესის ჩამოყალიბება ცოტა რთულია, მაგრამ ის, რომ მოზარდს თავისი სხეულის მიღება უჭირს იმიტომ, რომ აქამდე ბავშვის მსუბუქი სხეული ჰქონდა და ახლა უფრო დამძიმდა, იმდენად მიუღებელია, რომ ცდილობენ დამალვას და სწორედ აქედან მოდის კომპლექსები.

- მოზარდების შემთხვევაში, რამდენად საყურადღებოა შეცვლილი წარმოდგენა საკუთარ თავზე და თუ გაივლის ხოლმე ამ პერიოდის გადალახვის შემდეგ?

- ყველა მოზარდი სხვადასხვანაირად იტანს ამ დიდ ცვლილებებს და ყველასთვის განსხვავებული მიდგომაა საჭირო. თუმცა, არსებობს ერთი საერთო, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სხეულის ჩამოყალიბებასა და რთული პერიოდის გადალახვაში, ხშირ შემთხვევაში, მოზარდებს ფიზიკური აქტივობა ეხმარება ხოლმე, რაც ბოლო პერიოდში ძალიან შეზღუდული აქვთ იმის გამო, რომ დიდ ნაწილს კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანთან ატარებენ. თუკი მოზარდი სპორტული აქტივობითაა დაკავებული, ცეკვავს, ხატავს, ის ამ პერიოდს ადვილად იტანს და შეიძლება მშობელმა ვერც კი იგრძნოს სერიოზული ცვლილებები მასში. მაგრამ, თუ ეს ენერგია შეზღუდულია და მოზარდი პასიურია, პირიქით ხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი სწრაფი საკვებით იკვებებიან, რაც ჯანმრთელობასა და გარეგნობაზეც აისახება. ჩნდება აკნე, თმის გამოფიტვა და სხვადასხვა ცვლილება, რაზეც მოზარდები რეაგირებენ. თუ ბავშვი დაკავებული არ არის სხვადასხვა აქტივობით, შეიძლება სავალალო შედეგამდეც მივიდეთ და იმდენად დაბალი თვითშეფასება მივიღოთ, რომ მოზარდმა საკუთარი თავის პოვნა და საკუთარი ადგილი დამკვიდრება არასწორი გზით სცადოს საზოგადოებაში. სწორედ აქ ვაწყდებით ხოლმე უკონტროლო ქცევას, ნარკოტიკებისადმი ინტერესს და ჯგუფურ შეკრებებს, როდესაც შესაძლოა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვან.

mshoblebi

- რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს მშობელმა, როგორი უნდა იყოს მისი ქცევა, რომ მოზარდი დაიცვას თუნდაც იმ საფრთხეებისგან, რაზეც თქვენს საუბრობთ?

- პირველ რიგში, მშობელი ამ ეტაპისთვის მომზადებული უნდა იყოს იმიტომ, რომ თუ ბავშვმა მარტივად გადაიტანა 3-წლიანი კრიზისი, მას ნებისყოფა უკვე ჩამოყალიბებული ექნება და სხვისი ზეგავლენის ქვეშ მარტივად არ მოექცევა. თუკი მშობელი შვილთან ახლოსაა და არ არის მუდმივი მითითებები, დირექტივები, მოზარდს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მასთან გაიხსნას და ისაუბროს. არ შეეშინდეს იმის, რომ მშობელი განიკითხავს და რაღაცის გამო დაიტუქსება. აკრძალვებით ქცევის მოწესრიგება ძალიან იშვიათადაა მიღწევადი და ამ შემთხვევაშიც, თუ მუდმივად ვარეგულირებთ მოზარდის ქცევას, როგორც კი თავისუფლებას ნახავს, ის ყველაფერს მაშინვე დააშავებს, რაც ახლა ვერ დააშავა. ამიტომ, სასურველია, რომ მშობელი ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე მოემზადოს და შვილთან ახლოს იყოს, ნუ შეიცხადებს და გაიკვირვებს ყველაფერს. იმიტომ, რომ მოზარდები ჩვენგან განსხვავებულები არიან და რომ არ იყვნენ განსხვავებულები, სადარდებელი მაშინ უნდა გვქონდეს. ახალგაზრდობაში რომ მუსიკა, ჩაცმის სტილი მოგვწონდა, მათ აღარ მოსწონთ და ხშირ შემთხვევაში, ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება მათი ვიზუალი, მათ მიერ შერჩეული ტანსაცმელი. ხანდახან მათაც ვკითხოთ რჩევა, მოსწონთ თუ არა ჩვენი გარეგნობა, ჩაცმულობა და მერე ისინიც მიიღებენ ჩვენგან ამ რჩევებს. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად მხვდება შეცდომები, რომლის თანახმადაც, მშობლები ყველა წვრილმანზე ქმნიან მოზარდებთან ძალიან დიდ პრობლემას, აქვთ სერიოზული კონფლიქტი, ჩხუბობენ და ედავებიან მაგალითად, თუნდაც იმაზე, რომ მოზარდმა ბიჭმა თმა მოიზარდა. ეს შეიძლება მთელი ოჯახისთვის ძალიან დიდი განხილვისა და დავის საგანი გახდეს. არადა მოზარდისთვის უბრალოდ საკუთარი პიროვნების განაცხადისა და თავისი ვიზუალის შელამაზების ხერხია, რისი საშუალებითაც ხშირ შემთხვევაში ფარავს იმას, რაც არ მოსწონს.

- თინეიჯერობის ასაკში, სწორედ იმის გამო, რომ სხვაგვარად აღიქვამენ ბავშვები საკუთარ თავს, სურთ, გარეგნობის უფრო მკვეთრი შეცვლაც, მაგალითად, ტატუ, თმების განსხვავებულად შეჭრა, შეღებვა და ასე შემდეგ, რაზეც შესაძლოა უფროსს პროტესტი გაუჩნდეს. როგორია სწორი მიდგომა?

- სწორი მიდგომაა მისი სურვილის განხილვა და შუალედის მოძებნაა. მაგალითად, თუ მოზარდს ძალიან უნდა თმის შეღებვა, ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორი საღებავით შევღებოთ. მაგალითად, ტონური საღებავი, რომელიც ცოტა ხნით ფერს შეუცვლის და მერე შესაძლებელია მისი ჩამორეცხვა. მნიშვნელოვანია, მოვძებნოთ მასთან სწორი მიდგომა. ასევე, ხშირად მოზარდები ტატუს გაკეთებას ითხოვენ და ამით საზღვრების გავლებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ხშირად მშობლებს ეს არ მოსწონთ და სიმართლე რომ ვთქვათ, არც არის მიზანშეწონილი იმიტომ, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად, შესაძლოა კანი გადაიჭიმოს, ტატუ დეფორმირდეს და მერე მოსაცილებელი ხდება, რაზეც ძალიან ბევრს წვალობენ ხოლმე. შეიძლება ინანოს კიდეც. ამიტომ, თუ ჩვენ მას შევთავაზებთ დროებითი ტატუს გაკეთებას, მაშინ ის დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებას და ტატუ გარკვეული დროის შემდეგ რომ გადაუვა, შეიძლება აღარც მოითხოვოს თავიდან გაკეთება. თუ ავუკრძალეთ, როგორც კი ჩვენი კონტროლის მექანიზმი მასზე აღარ იმოქმედებს, ზრდასრული გახდება, შეიძლება მთელი სხეული აიჭრელოს სხვადასხვა ტატუთი იმიტომ, რომ მოზარდობის პერიოდში ეს ვერ დაიკმაყოფილა.

- მოზარდებს აქვთ ხოლმე აკვიატებული აზრები იმის გამო, რომ არ მოსწონთ საკუთარი სხეული, გარეგნობა, ამ დროს რამხელაა მშობლის როლი?

- ამ დროს მშობელმა ყურადღება ბავშვის დადებით მხარეზე უნდა გაამახვილოს. მაგალითად, გოგონას არ მოსწონს ცხვირი. ვსხდებით სარკესთან ორივე და ვეუბნებით: "რა ლამაზი თვალები გაქვს", "რა ლამაზი წარბის ფორმა გაქვს". მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მისი სილამაზის დადებითი შტრიხები წინა პლანზე წამოვწიოთ და მერე ვუთანაგრძნოთ: "ვიცი, ცხვირი არ მოგწონს, მაგრამ ჯერ შენ ზრდასრული არ ხარ, სახე ყალიბდება და როცა უკვე ყველაფერი ჩამოყალიბდება, თუ მერე კიდევ არ მოგეწონება, ვცადოთ კორექცია." ასეთი საუბარი მოზარდებზე ძალიან კარგად მოქმედებს. ხაზი გავუსვათ მათ დადებით მხარეს. შეიძლება ფოტო გადავუღოთ და მისი საშუალებით ვისაუბროთ მასთან სილამაზეზე, მაგალითად, თმაზე. აუცილებელია იცოდნენ, რომ ეს მათი სხეულის ნაწილია და თუ თავად შეიყვარებენ, სხვასაც მოეწონება. მოზარდებს ძალიან ხშირად უნდათ სხეულის ფორმების შეცვლა, აქვთ მოთხოვნილება, რომ გაიკეთონ, მაგალითად, ცხვირის ოპერაცია, ბოტოქსი და სხვა პროცედურები, რაც ჯერ კიდევ ადრეა მათი სხეულისთვის და შეიძლება ამას ცუდი შედეგიც მოჰყვეს. თუ ჩვენ არ ვესაუბრეთ და არ გავასაუბრეთ სპეციალისტს, რომელიც ურჩევს, რომ ჯერ კიდევ ადრეა, მაშინ შეიძლება დამოუკიდებლად გააკეთონ და დაიზიანონ კიდეც რაღაც. თუ ძალიან უხეში წარბების გამო, მისი კორექციის გაკეთება უნდა, ნუ გავუძალიანდებით. ჩემს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდი ბიჭები წარბის კორექციას იკეთებენ და მშობლები ამაზე ბრაზობენ, მამები განსაკუთრებით განიცდიან. ეს არანაირი ფსიქიკური დარღვევის მაჩვენებელი არ არის. პირიქით, ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მათ სიამოვნებთ და მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებთ. ამიტომ, ნუ გამოვეკიდებით წვრილმანებს. ჩვენს შვილებთან ახლოს ვიყოთ და მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. მერე საკუთარ თავსაც მიიღებენ.

- გარეგნული ცვლილებების დროს, სახეზე უჩნდებათ გამონაყარი, იცვლება სხეულის ფორმები. წინასწარ ხომ არ უნდა შეამზადოს მშობელმა ბავშვი ამისთვის, ვიდრე ეს პერიოდი დაეწყებათ, რომ მერე მოულოდნელი არ აღმოჩნდეს?

- როდესაც ბავშვი მოზარდობის ხანაში შედის, მშობელი აუცილებლად უნდა ესაუბროს მას იმის შესახებ, რომ მის სხეულში უამრავი ცვლილება მოხდება, რომ გაიზრდება, თუნდაც ბიჭებს ხმა დაუბოხდებათ, რაც ხანდახან ეუცხოებათ ხოლმე, ის, რომ კანი შეიცვლება, და ჰორმონების გამო, სხვანაირი სუნი გაუჩნდება, გოგონებს ციკლი დაეწყებათ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე წინასწარ უნდა შევამზადოთ. ამაზე საუბარი აუცილებელია და უნდა ავუხსნათ ის ჰიგიენის ნორმები, რაც უნდა დაიცვან. რაც შეეხება აკნეს, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირ შემთხვევაში აკნეს გამომწვევი მიზეზი არასწორი კვება და დარღვეული დღის რეჟიმია ხოლმე. ამიტომ, როგორც კი პირველი ნიშანი გაჩნდება, უნდა მივაქციოთ ყურადღება და მივიყვანოთ ექიმ-დერმატოლოგთან, გამოვიკვლიოთ, რისი ბრალია. უნდა ვასწავლოთ ჰიგიენის დაცვა იმიტომ, რომ აკნე მძაფრდება მაშინ, როცა ჰიგიენას ნაკლებად იცავენ, ხელით ეხებიან, აწვალებენ და ასე შემდეგ. ამით ჩვენ ბოლომდე ვერ ავიცილებთ პრობლემას, თუმცა შევამსუბუქებთ და მოზარდს საშუალებას მივცემთ, რომ იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე. უნდა ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ზრდასრულობის ასაკში დამთავრდება, თუმცა თუ დროულად არ მივაქცევთ ყურადღება, შეიძლება დიდხანსაც გაჰყვეს.

- რაში უშლის ხელს მოზარდებს დაბალი თვითშეფასება?

- დაბალი თვითშეფასება ყველა პრობლემის საწყისი ხდება. დავიწყოთ იმით, რომ ისინი საკუთარ თავს ვერ იღებენ, დაბნეულები და გაუბედავები ხდებიან. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შეიძლება ამ დროს მოზარდი ცუდ ადგილას მოხვდეს და ცუდ გზაზე დადგეს. ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირია ინტერნეტსივრცეზე დამოკიდებულება. დამოკიდებულნი ხდებიან იმიტომ, რომ იქ რეალურად არ ჩანს მათი დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავის ილუზიას ქმნიან. ამიტომ, აუცილებელია მათი ხშირი შექება, მათთან ხშირი საუბარი. უნდა დავანახოთ, რომ ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ. ძალიან ხშირად, როდესაც მშობელს ვეკითხები, თუ რატომ უყვარს თავისი შვილი, მპასუხობს, იმიტომ, რომ ჭკვიანია, ლამაზია... არავითარ შემთხვევაში. ჩვენი შვილები უნდა გვიყვარდეს იმიტომ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან. "კარგად რომ სწავლობ, მიყვარხარ" - ეს ვაჭრობაა და არა ჭეშმარიტი სიყვარული. ამიტომ, მათ უნდა დაინახონ ჩვენგან, რომ უპირობოდ გვიყვარს, მაგრამ არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვან. უპირობო სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ მის მაგივრად ვაკეთებ ყველაფერს. გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია იმიტომ, რომ მშობელია მასზე პასუხისმგებელი და მას აკისრია ვალდებულება, რომ მოზარდის ცხოვრება უსაფრთხო იყოს. დაბალი თვითშეფასება და საკუთარი სხეულის მიუღებლობა ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე მიზეზები ისეთი მძიმე დაავადებებისა, როგორიცაა ანორექსია ან ბულემია. ეს ყველაფერი კი მუდმივი დიეტის ან არასწორი კვებითი ჩვევის გამო ხდება. გარდა ამისა, მოზარდები ხადახან საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ მიდიან და ამ სივრცეს ტოვებენ. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი შვილები ჩვენ გვერდით შევინარჩუნოთ და შევეცადოთ, რომ გავუგოთ და მერე ისინიც გაგვიგებენ. მოზარდები ჩვენგან იღებენ ყველაფერს, ჩვენ თუ ვყვირით და ვეჩხუბებით, ანალოგიურს ვიღებთ მათგან და მერე რატომღაც გვიკვირს ხოლმე.

მინდა ყველა მშობელს ვთხოვო, სანამ შენიშვნას მისცემთ, გაუწყრებით და გააკრიტიკებთ, პირზე ხელი მიიფარეთ და გულში გაიმეორეთ, რა ბედნიერი ვარ, რომ არსებობ, მიყვარხარ... შეაქეთ, თუნდაც პატარა, უმნიშვნელო წარმატებისთვის და მხოლოდ ამის შედეგ მიუთითეთ შეცდომებზე და მოითხოვეთ მისგან წესების დაცვა. მერწმუნეთ, თქვენი სიტყვები, სრულიად განსხვავებული იქნება და მოზარდისგანაც სითბოს და სიყვარულს მიიღებთ. გახსოვდეთ, ისინი ისედაც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, უამრავ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს უმკლავდებიან და ჩვენგან თანაგრძნობას, თანადგომას ელიან... ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ უკვე ვიყავით მათი ტოლი, ისინი კი ჯერ არ ყოფილან ჩვენი ასაკისანი, ჩვენ მეტი მოთმინება და მონდომება გვმართებს.

თამარ იაკობაშვილი

3617
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები