"ზოგი პირდაპირ სწერს ბიჭს, გქრაშავო" - რატომ სჭირდებათ მოზარდებს "ქრაში", რას ამბობენ თვითონ ამაზე და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა
"ზოგი პირდაპირ სწერს ბიჭს, გქრაშავო" - რატომ სჭირდებათ მოზარდებს "ქრაში", რას ამბობენ თვითონ ამაზე და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა
ბოლო პერიოდში მოზარდებში საკმაოდ აქტუალურია ტერმინი "ქრაში". ისინი ხშირად გამოხატავენ ინტერესსა და სიმპათიას სხვა ადამიანების მიმართ, თუმცა ზოგჯერ საპასუხო ემოციას ვერ იღებენ, რაც იმედგაცრუებისა და ნერვიულობის მიზეზი ხდება. რატომ სჭირდებათ მოზარდებს მსგავი იურთიერთობა, რა შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუებამ, რატომ შეიძლება იყოს ეს თემა აქტუალური სხვადასხვა ასაკში? სანამ ფსიქოლოგის კომპეტენტურ მოსზრებებს შემოგთავაზებდეთ, მანამდე ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მკითხველის, 13 წლის ანას აზრს გთავაზობთ, რათა უფროსები, ჩვენ - მშობლები, უკეთ გავერკვათ, რა არის "ქრაში" და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა მოზარდებში:

ანა, 13 წლის:
-
ქრაში არის ადამიანი, რომელიც მოგწონს და მან ამის შესახებ არაფერი იცის. ნებისმიერ ვინმეს შეიძლება ქრაშავდე, ნაცნობსაც და უცნობსაც. ბავშვები პოპულარულ ტიკტორებსაც ქრაშავენ, ვისაც საერთოდ არ იცნობენ. ქრაშიც და შეყვარებულიც ძალიან ტრენდულია ბავშვებში. თუმცა გააჩნია ბავშვს, ზოგიერთისთვის ეს თემა დიდად საინტერესო არ არის, ზოგი კი პირიქით, სულ ამაზე ფიქრობს.
მყავს რამდენიმე ნაცნობი, ვისგანაც ვიცი, რა გადაფსიხებულებიც არიან ქრაშობასა და შეყვარებულებზე. ბიჭმა შეიძლება ოდნავ მოატრიალოს თავი და ამ დროს გოგო სიხარულისგან კრუნჩხვებში ჩავარდეს: „ვაიმე, მე მიყურებს, მოვწონვარ“, „სთორი დამიგულა, ვუყვარვარ“... მყავდა ნაცნობი, რომელმაც ჩემს თვალწინ ინატრა, ნეტავ ამ ბიჭის ტრუსიკი ვიყოო... ზოგი პირდაპირ წერს ბიჭს, გქრაშავო. ისინი გადახედავენ პროფილს, თუ კარგი ფოტოები გაქვს, მიწერ-მოწერაც იწყება.
ეს უფრო
გარემოს ბრალი მგონია, მათ ირგვლივ ასეთი გარემოა, ეგ თემაა მათ სადაქალოში მთავარი, თუ შეყვარებული არ გყავს, თავს დაჩაგრულად გრძნობ, თვითშეფასება დაბალი გაქვს, თავი ულამაზო გგონია. შეყვარებულს რომ გაიჩენენ, მერე წერენ ბედნიერ პოსტებს. მარტო შეყვარებული კი არა, „ყოფილიც“ კი ძალიან კარგი „პონტია“. თუ ბევრი ყოფილი გყავს, უფრო მაგარი გოგო ხარ, რადგან გამოდის, რომ ბევრ ბიჭს უყვარდი.
ჩემს ირგლივ არც კლასში, არც უბანში ეგ თემა არ არის მთავარი. ჩემი კლასელები ქრაშს საერთოდ არ ახსენებენ, არც ჩემი უბნელი ნაცნობები, მეც ალბათ ამიტომ არ მაქვს დიდი მოთხოვნილება, რომ შეყვარებული მყავდეს. არც მახსოვს ეგ თემა, მაგრამ ჩემს ირგვლივაც რომ ყველა შეყვარებული იყოს, სულ მაგ თემაზე ლაპარაკონდეს და მაგის მიხედვით ქულები გეწერებოდეს, ალბათ მეც ასე „გადავფსიხდებოდი“.
ზოგი უბრალოდ მარტოსულია, ვიღაც სჭირდება გვერდით და ჰგონია, შეყვარებული გამოადგება. ეს სისულელეა, ცეკვაზე რომ დავდიოდი, იქ ბევრი გოგო იყო, ვისაც შეყვარებული ჰყავდა. სამაგიეროდ, სულ მესმოდა „მიმატოვა“, „მიღალატა“, „დაქალზე გამცვალა“... ამის გამო ისეთი ტირილი და უბედური სცენები ჰქონდათ ამ გოგოებს, რომ მეცოდებოდნენ. შეყვარებულს კი არა, მეგობრებსაც „იკიდებს“ ხალხი, ამიტომ სხვების იმედზე არ უნდა იყო და ბოლომდეც არავის უნდა ენდო. ყველაფერს რომ უყვები და საიდუმლოს ანდობ, იმ დაქალმა ან შეყვარებულმა შეიძლება ყველას მოუყვეს შენი ამბავი. ეგეთი მაგალითებიც ვიცი.
შეყვარებული მარტო თინეიჯერებში არ არის ტრენდული. „ლაიკზე“ მინახავს 6-7-8 წლის გოგოების პოსტები: „შეყვას ვეძეეებ, მომწერეთ პირადშიიი“, „შეყვა მინდაა“ და ასეთები. ტრენდულობის გამო ალბათ, სადღაც რაღაც რომ გაუგია, თორემ 6 წლის ბავშვს რა შეყვარებული უნდა.

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როდესაც მოზარდის პირველ რომანტიკულ ურთიერთობებზეა საუბარი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როდის შეიძლება იქცეს საგანგაშოდ ერთი შეხედვით მსუბუქი გატაცება, გვესაუბრება ფსიქოლოგი ქეთევან მესხიშვილი:
mshoblebi
- ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო იმიტომ, რომ მოზარდობის პერიოდში ბავშვებს თანატოლებისგან აღიარება სჭირდებათ. გარდა ამისა, სქესთან იდენტიფიკაცია ხდება, ცდილობენ და სწავლობენ საკუთარი თავის შეცნობას. თავდაჯერებულობისთვისაც სჭირდებათ საპირისპირო სქესისგან ყურადღების მიქცევა. განვითარების ამ ეტაპისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი მდგომარეობაა, რაც უნდა არსებობდეს კიდეც მოზარდის ცხოვრებაში. თავად ტერმინი ქართული არ არის და ლექსიკონში დამკვიდრება სხვადასხვა ფილმისა თუ სოციალური წყაროების შედეგია.

- ამ ასაკში რატომ უჩნდებათ ხოლმე მოზარდებს მოთხოვნილება და როდესაც ინიციატივაზე პასუხს ვერ იღებენ, ხომ არ იწვევს ეს ბავშვების დისკრიმინაციას?

- დისკრიმინაციას ვერ დავარქმევდი, რადგან ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული გამოცდილებაა, როცა მოზარდი იმედგაცრუებას აწყდება და ხვდება, რომ შეიძლება ვიღაც მოსწონდეს და მას "ქრაში" უწოდოს, მისგან კი იგივე პასუხი ვერ მიიღოს. ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელშიც თუკი რეალიზდა ადამიანი, წარმატებულობის განცდა აქვს და, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს მის თავდაჯერებულობაზე. ხოლო, თუ უჭირთ რეალიზება, ამ დროს განიცდიან იმედგაცრუებას. ამან შეიძლება მოზარდების თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

- რა შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუებამ მათ ასაკში?

- იმედგაცრუების შედეგი ინდივიდუალურია და თითოეული ბავშვის ხასიათზეა დამოკიდებული. ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მარტივად გადასატანი იყოს, ვიღაცისთვის - შედარებით რთულად. ამ დროს მშობლების პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ვიღაც თუ მოეწონებათ, არ არის აუცილებელი, საპასუხოდ იგივე დადებითი უკუკავშირი მიიღონ. უნდა იცოდნენ, რომ მეორე ადამიანსაც აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. თუ მოზარდს იმედგაცრუების გადატანა უჭირს, ვფიქრობ, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და სპეციალისტის ჩართულობაზეც იფიქროს მაშინ, როცა თავად, დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება პრობლემას. ზოგჯერ იმედგაცრუებიდან დაბალი თვითშეფასება ყალიბდება და ბავშვები ფიქრობენ, რაკი ერთი ადამიანისგან ვერ დაიმსახურეს ყურადღება, ვერავის მოაწონებენ თავს. ფიქრობენ, რომ მათშია პრობლემა და ახალი ურთიერთობების ეშინიათ. პრევენციისთვის იდეალური საშუალებაა მშობლებსა და შვილებს შორის დიალოგის რეჟიმი. მშობელი ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას უნდა აკვირდებოდეს. თუ იმედგაცრუება აქვს და ამას განიცდის, აუცილებლად შესამჩნევი იქნება იმიტომ, რომ მოზარდს განწყობილება შეეცვლება. მშობელი როცა ამას ამჩნევს, ჯობს, რომ ჩაეკითხოს, გაესაუბროს. თუ ბავშვი არ იხსნება და არ საუბრობს, შეუძლია შესთავაზოს ფსიქოლოგის დახმარება ან თავისი გამოცდილება გაუზიაროს. უთხრას, რომ ტკივილი, რომელსაც გრძნობს, ძალიან ბუნებრივია. მოზარდმა მშობლისგან ემოციურად მიმღებლობის მომენტი უნდა დაინახოს, რომ მერე თავადაც შეძლოს საკუთარი თავის გაგება.

mshoblebi

- როგორი უნდა იყოს მშობლების დამოკიდებულება შეყვარებულების თემის მიმართ და რამდენად გამართლებულია სიმკაცრე და კატეგორიულობა ამ დროს?

- მშობელმა და შვილმა ემოციებზე უნდა ისაუბრონ. უნდა ჰკითხოთ ბავშვებს, რას გრძნობენ იმიტომ, რომ ემოციური მხარდაჭერა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. სიმკაცრე საერთოდ არ მოიტანს კარგ შედეგს, პირიქით. თან, როცა ამ თემის მიმართ მოზარდი ემოციურადაც ძალიან მოწყვლადია, კატეგორიულობა უშედეგოა. ჯობს, რომ მშობლები არ იყვნენ მკაცრები და საკუთარ შვილებს მოუსმინონ.

- მოზარდებს შორის მსგავსი დამოკიდებულება როდის შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემა - ან გადაიზარდოს ნაადრევ სქესობრივ კავშირში, ან კიდევ იმედგაცრუების ფონზე სუიციდისკენ მიდრეკილებაში?

- ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან თითოეული სიტუაცია დამოკიდებულია მოზარდზე, რომლის გამოცდილებასაც ვეხებით. ეს იქნება სქესობრივი ურთიერთობა, ძლიერი იმედგაცრუება თუ სხვა. სუიციდს მიმართავენ ისეთი მოზარდები, რომლებსაც ისედაც აქვთ უკვე სერიოზული, ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემები. მარტო ამის გამო სუიციდი ძნელად წარმომიდგენია და პრაქტიკაშიც იშვიათადაა ხოლმე. ნაადრევ სქესობრივ ურთიერთობაზეც იგივე შემიძლია ვთქვა. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ბავშვები მშობლებისგან ინფორმირებულები უნდა იყვნენ. ჯობს, რომ იცოდნენ და მშობლებმა აუხსნან, რომ მაინცდამაინც 13-14 წლის ასაკში არ არის სასურველი იმიტომ, რომ გააზრებული უნდა ჰქონდეთ ეს ნაბიჯი. თუმცა, კონკრეტულ ასაკს ვერ გამოვყოფ, როდის უფრო მძაფრადაა პრობლემა. მშობლების ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ბავშვმა ტრავმის გარეშე გადაიაროს ეს პერიოდი.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემა აქვთ?

- მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და შვილის ფსიქოემოციურ მდგომარეობას აკვირდებოდეს. როგორ ხასიათზეა, როგორი განწყობა აქვს და რამდენად ცხოვრობს ისევ ისე, როგორც ადრე. თუ ამჩნევს, რომ მისი ემოციური მდგომარეობა იცვლება, არ უნდა შეეშინდეს. მშობელი თავადაც უნდა იყოს ინფორმირებული და მომზადებული, თუ რა სირთულეებს აწყდება კონკრეტულ ასაკში ბავშვი. მხარდამჭერები და მეგობრულები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა განასხვავონ საკუთარი ემოციური რეაქციები. არ მოახვიონ თავიანთი ემოციები მოზარდებს იმიტომ, რომ თუ მშობელი არაადეკვატურად და ემოციურად რეაგირებს შვილის პრობლემაზე, ვინმესადმი მოწონებაზე, ბავშვები საკუთარ თავში იკეტებიან, აღარ აზიარებენ პრობლემას და ამ დროს საფრთხე, რომ მათ რაღაც არასწორად გააკეთონ, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საპირისპირო შემთხვევაში. მშობელი არ უნდა იყოს სუბიექტური და არ უნდა დაკარგოს უნარი, ობიექტურად შეხედოს სიტუაციას. აუცილებლად უნდა შეძლოს ბავშვის ადგილზე საკუთარი თავის დაყენება. თუ თვლის, რომ ეს არ გამოსდის, ჯობს სპეციალისტს მიმართოს კონსულტაციისთვის.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი მაშინ, როცა მის შვილსა და მეორე მოზარდს შორის არასასურველ ურთიერთობას ხედავს?

- პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაარკვიოს, რატომ არის ეს ურთიერთობა არასასურველი. ეს უბრალოდ მისი კაპრიზია თუ აქვს რაიმე ინფირმაცია, რითაც ეს ურთიერთობა საფრთხის შემცველია. ურთიერთობის აკრძალვა მარტო იმიტომ, რომ საკუთარი შვილისთვის უკეთესი უნდა, არასწორი მგონია. ეს არ არის ის ასაკი, როდესაც დაოჯახების მცდელობა აქვთ ხოლმე, თუმცა თუ ძალიან დიდ შეზღუდვებსა და ბარიერებს წააწყდნენ, მოზარდებს უჩნდებათ სურვილი, გაექცნენ მშობლების შეზღუდვებს. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი პრიზმიდან არ უნდა იხედებოდეს მშობელი, უნდა ჰკითხოს შვილს, მოუსმინოს და ენდოს იმას, რასაც ის ამბობს იმიტომ, რომ მათ ძალიან ძლიერად აქვთ პიროვნების აღიარების მოთხოვნილება და ამის ჩაკვლა მშობლის მხრიდან არ უნდა მოხდეს.

თამარ იაკობაშვილი
5148
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
giga
3
ეხლა ხვდებიტ რატომ იყო სსსრ დახურული ქვეყანა??!!! რა გინდოდათ?? რა დამოუკიდებლობა მოინდომეთ?! რა გეგონად? ამერიკულ ხელფასებს დაგირიგებდნენ კაპიტალისტები??!! რაც კარგია ამერიკაში და ევროპაში არაფერი არ გეღირსად,, სამაგიეროდ რაც კი უბედურება და ნაგავი იყო ყველაფერი გადმოიღედ,, მეტის ღირსები ხართ!!!
19:59 / 07-11-2020
ალექსანდრე
2
ჩემი შვილიშვილი 14 წლისაა, საუბრის და მსჯელობის იგივე კულტურა ახასიათებს. რა არის გასაკვირი?
00:29 / 07-11-2020
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია