ჩვენი შვილები განვითარების ყველაზე რთულ, მოზარდობის პერიოდში არიან. ეს ეტაპი რთულია ჩვენთვის, მშობლებისთვისაც. ჩვენი მოზარდი შვილების აზრები, დამოკიდებულებები, ქცევები იცვლება. ბავშვებს აქვთ უამრავი კითხვა, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება. ხშირად მოზარდებს ერიდებათ ჩვენ, მშობლებს დაგვისვან შეკითხვები, თუმცა რიგ შემთხვევებში კითხვების დასმისას ბევრ მშობელს არ ექნება მათზე პასუხები.
ხშირად მშობლების საპასუხი რეაქცია შვილების ქცევაზე და/ან კითხვაზე მხოლოდ ჭკუის დამრიგებლური ტონითა და რჩევებით შემოიფარგლება.
"ერთი მშობელი მეუბნებოდა, ვერაფერი გავუგე ჩემს 14 წლის გოგონას, ორი წუთის განმავლობაში ხან ტირის და ხან იცინის, ფსიქიატრთან ხომ არ წავიყვანოო?
რა თქმა უნდა, მე იგი დავამშვიდე და დეტალურად ავუხსენი, რასთან იყო მოზარდის ხასიათის რადიკალური ცვლილება დაკავშირებული" - წერს ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე "თანადგომა მშობლებს", რომელიც ორგანიზაცია "თანადგომამ" სპეციალურად მოზარდთა მშობლების დასახმარებლად შეიქმნა.
ფსიქოლოგის თქმით, მოზარდებს ახასიათებთ ხასიათის პარადოქსულობა, იმპულსურობა, მათთვის რთულია საკუთარი ემოციების გაგება და მართვა, ამიტომ ხშირია ემოციური აფეთქებები, სიბრაზის, მოწყენილობის, უხალისობის, უგუნებობის, უმიზეზო მხიარულების, სიცილის გამოვლინებები. მათ უჭირთ საკუთარი თავის გაგება, ამიტომ ხშირად უკმაყოფილოები არიან, როგორც საკუთარი თავით, ასევე გარშემომყოფებითაც.
ფსიქოლოგებს ხშირად მოგვისმენია მოზარდებისგან ასეთი ფრაზები:
- „ხშირად ისეთი განცდა მაქვს, რომ დედაჩემი ვერ მამჩნევს და არ ესმის ჩემი ემოციები და ფიქრები“.
- „ყოველ საღამოს ლექციის წაკითხვა საშინლად მომაბეზრებელია: ეს არ შეიძლება... ჩემ დროს ასე იყო... მოზარდები პატივს უნდა სცემდეთ უფროსებს...“.
- „მამაჩემს არაფერს არ ვუყვები, მაინც ვერ გაიგებს, რა აზრი აქვს. პირიქით, ჩხუბიც შეიძლება დამიწყოს“.
- „ერთი სული მაქვს, სკოლას როდის დავამთავრებ, რომ ცალკე გადავიდე საცხოვრებლად“.
თქვენ რას გეუბნებიან, რას გსაყვედურობენ თქვენი შვილები? თუ საერთოდაც არ გეკონტაქტებიან? თქვენს მოზარდ შვილებსაც ახასიათებთ მსგავსი უცნაურობები? თუ პირიქით, კარგ ურთიერთობას ინარჩუნებთ ერთმანეთთან? ბავშვები იზრდებიან, მშობლები კარგავენ გავლენას და ეს ხშირად ტრაგედიად აღიქმება ოჯახში.
ფეისბუქგვერდი "თანადგომა მშობლებს" საშუალებას გაძლევთ, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, ორგანიზაცია "თანადგომას" ფსიქოლოგები დეტალურად გიპასუხებთ ნებისმიერ საკითხზე, რაც ეხება მოზარდობის პერიოდს.
შეგიძლიათ მოგვწეროთ პირადი შეტყობინების სახით ფეისბუქგვერდზე "თანადგომა მშობლებს".