თინეიჯერობის ასაკში ძალიან ბევრი ბავშვი იცვლება. მშობლები ხშირად წუხან ხოლმე, რომ მათი შვილი ადვილად იწყებს აფეთქებას, უხეშობს და თავხედობს, გამოირჩევა ემოციურობით. არიან ისეთებიც, რომლებსაც უფრო მოზრდილ ასაკშიც აწუხებთ გაუცხოება. სწორედ ამ საკითხებზე დაუსვეს მშობლებმა შეკითხვა ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძეს. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ 17 წლის ასაკში მისი შვილი ისე შეიცვალა, ვეღარ ცნობენ, ვერც ელაპარაკებიან და სახლის ნაცვლად, დიდ დროს ქუჩაში ატარებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ "მშობლები განათლებისთვის" საინტერესო ვებინარი გამართა თემაზე "ქცევის მართვა პოზიტიური კომუნიკაციით". ვებინარი ოჯახის მხარდამჭერი პროგრამებისა და პოზიტიური მშობლობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში გასცა თამარ გაგოშიძემ აქტუალურ შეკითხვებს პასუხები:
- 17 წლის ასაკში უკვე ძალიან გვიანია და პრობლემაა. ჯობს, ადრეულ ასაკში მოხდეს ეგ ამბები. გარდატეხის ასაკში მსგავსი ცვლილებები ბუნებრივია. ჩემი თავი რომ მახსენდება, ვერც მე ვიგებდი, რატომ ვჩხუბობდი, მეტირებოდა ან ვუხეშობდი. როცა ვფიქრდებოდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ ვაკეთებდი ამას. ამიტომ, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. თინეიჯერების ასაკში, სადაც კამათი, მოგება-წაგებისა და ავტორიტეტების ნგრევის მოთხოვნილება საკმაოდ აქტუალურია, მსგავსი დისკუსია მშობლისთვის ძალიან დამღლელია. მესმის, რომ მთელ ენერგიას გაცლით, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ. "რატომ აკეთებ ამას?", "ასე რატომ იქცევი?" ან კიდევ ეპითეტები "უზრდელო"... მსგავსი ტექსტით მიმართვას აზრი არ აქვს. ისევ პირველი პირით ვიწყებთ საუბარს: "მე არ გელაპარაკები ეგრე და არ მომწონს, შენ როგორც მელაპარაკები. მოდი, გავარკვიოთ, რა ხდება, რა გინდა და რას მოელი." - ასეთი დისკუსია და საუბრები ძალიან მნიშველოვანია. ეს არის უებარი წამალი, უეცარი აფეთქების ჩასაქრობად. როგორც კი გადადიან მსჯელობაზე, ემოცია მაშინვე ნელდება. მეორე ვარიანტიცაა, როცა ყვირის და ჩხუბობს, თქვენ მაგ დროს არ ეკონტაქტებით, თუ ხელით არ შეგეხოთ, სამწუხაროდ, ეგეთებიც ხდება. ერთია სტრატეგია, როცა ძალიან აფეთქებულია, აცდი, როდის დაიცლება და მერე აუცილებლად ესაუბრებით. ხოლო, თუ წუწუნებს, მაშინ ვაცდით რაღაც პერიოდი და შემდეგ უკვე მისი დისკუსიაში გამოწვევა შეიძლება. კარგად მესმის, რომ ეს ძალიან დამღლელია. ამას თოხით თოხნა ჯობს იმიტომ, რომ მეც მქონია მსგავსი მძიმე გამოცდილება. გეგონება, ტონა ტვირთი ვათრიე. ეს ბრძოლაა ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის. მაგრამ, ბრძოლა ისე უნდა მოვიგოთ, რომ შვილები არ გავანადგუროთ. ამიტომ, გარდატეხის ასაკში დისკუსია, მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია. თავს ვიკავებთ და ცუდად არ მივმართავთ. ხანდახან კი გინდა, რომ გაწიწკნო, მაგრამ ჯობს ეს არ გააკეთო.
როგორც წესი, თინეიჯერების მშობლებს თავიანთი შვილების ეშინიათ. ვიცი ეს განცდა, რომ გეშინია ემოციის, აფეთქების, იმისი, რომ დაკარგავ ავტორიტეტს, მაგრამ დაკარგული გაქვს უკვე ეს ავტორიტეტი. ამას უნდა შეეგუო და თავიდან უნდა მოიპოვო. იმიტომ, რომ ზუსტად ეს არის გარდატეხის ასაკი. ბავშვმა ძველი ავტორიტეტები უნდა დაამსხვრიოს.