თანამედროვე მოზარდები სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ სქესობრივი იდენტობის საკითხებს და ამბობენ, რომ განსხვავებული ორიენტაცია აქვთ. "მგონი ბისექსუალი ვარ", "გოგონებიც მომწონს და ბიჭებიც" - სოციალურ ქსელ ტიკ ტოკზე ხშირად შეხვდებით მსგავს გამონათქვამებს. რით არის გამოწვეული ეს ინტერესი და გაურკვეველობა და როგორ უნდა დაეხმაროს ამ დროს მოზარდს მშობელი - ამის შესახებ ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:
- ბოლო დროს მოზარდებში ძალიან აქტუალურია სქესის გამორკვევის საკითხი. 10-11 წლის ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ განსხვავებული ორიენტაციის არიან - აქ როგორი უნდა იყოს მშობლის პოზიცია და რაში შეიძლება დაეხმარნონ შვილებს? ან რით არის გამოწვეული ამ ასაკში ასეთი გადამეტებული ყურადღება სქესობრივი საკითხებისადმი?
- ზოგადად, მოზარდის ბუნება ბისექსუალურია. ამ დროს ჰორმონების დალაგება ხდება. ჯერ კიდევ ორივე სქესის ჰორმონი აქტიურობს და ნელ-ნელა ყალიბდება. მშობლების თაობასაც ექნებოდა მსგავსი განცდები, თუმცა ჩვენ მკაცრად დაწესებული ჩარჩო გვქონდა და ვერანაირად წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი სქესის წარმომადგენელი პარტნიორი გვყოლოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა ერთსქესიანი წყვილები, თუმცა იყო ტაბუდადებული თემა და არ განიხილებოდა. ახლა, მოგეხსენებათ, ფილმებში, სერიალებში, რომლებსაც მოზარდები უყურებენ, ეს ძალიან აქტუალური და მიღებული საკითხია. ამიტომ, მოზარდი ხშირად მერყეობს, ხან ფიქრობს, რომ საპირისპირო სქესი მოსწონს, ხან კიდევ, პირიქით. ძალიან ხშირად აცხადებენ, რომ ბისექსუალები არიან. მქონია შემთხვევები, მოზარდი ამ დროს თვალებში გიყურებს, ამბობს, რომ ბისექსუალია და გაკვირდება, როგორი რეაქცია გექნება. გაქვს თუ არა მიმღებლობა, გაგიკვირდა თუ არა. ჩვენს შვილებს ჩვენთან ყველაფერზე საუბარი უნდა შეეძლოთ. მოზარდმა თავისუფალი არჩევანი რომ გააკეთოს, აკრძალვების არ უნდა ეშინოდეს. რაც უფრო მეტი აკრძალვა აქვს და მალავს ამ ყველაფერს, უფრო მეტად უჩნდება სურვილი. შეიძლება ამის გამო არასწორი არჩევანიც გააკეთოს. ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაულია, თუ მოზარდი ფიქრობს, რომ თავისივე სქესის წარმომადგენელი მოსწონს, ჩვენ დავეთანხმოთ და ვუთხრათ, რომ განსხვავებული ორიენტაციისაა. ამითაც შეიძლება არასწორი არჩევანი გავაკეთებინოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც არჩევანი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამიტომაც, სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ვესაუბროთ. მქონდა შემთხვევა, მოზარდი გოგონა იყო მოსული და მომიყვა, ადრე ფსიქოლოგი მყავდა, ვუთხარი, რომ გოგონები მომწონს და მან ასაკს დააბრალა და თქვენც ასე არ მითხრათო. მოვუსმინე და მისი აზრი არ გამიუფასურებია, რაც ასე აღიზიანებთ მოზარდებს. ვუთხარი, რომ წლებთან ერთად, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ორი კვირის შემდეგ სეანსზე რომ მოვიდა, მითხრა, როგორ შეხვდა ძალიან კარგ ბიჭს და როგორ მოსწონდა მასთან ურთოერთობა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.
- როგორი უნდა იყოს მშობლების მხრიდან სწორი მიდგომა?
- ერთხელ თერაპიაზე მომიყვანეს ბიჭუნა, რომელსაც მოზრდილი თმა ჰქონდა იმიტომ, რომ ყურის ფორმა არ მოსწონდა. არ უყვარდა ხალხმრავლობა და ქართული სმა და ქეიფიც არ მოსწონდა. მამა ძალიან განიცდიდა, რომ სადღეგრძელოებს არ ამბობდა, არც ნათესავებთან ჯდებოდა სუფრასთან და მის ორიენტაციაში ეჭვი შეეპარათ. ბავშვი ამბობდა, რომ მსგავსი არაფერი ხდებოდა და არ ჰყავდა შეყვარებული იმიტომ, რომ ვერ იპოვა ისეთი გოგო, რომელიც ნამდვილად მოეწონებოდა. ძალიან ტრადიციული ერი ვართ, ოჯახური, რელიგიური ფონი ხშირად მისდევს ხოლმე ამ ყველაფერს და მშობელს ურთულებს არჩევანს, რომ მიმღებლობა გამოხატოს. ყველა მათგანს თავისი არჩევანი აქვს, ვერავის ფერაფერს ვაიძულებთ, მაგრამ ყველაზე კარგი რეკომენდაცია იქნება, რომ შვილებს მოვუსმინოთ. მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, ვიყოთ მათ გვერდით, პროფესიისა თუ პარტნიორის არჩევის დროს. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
- რამდენად ბუნებრივია, 10-11-12 წლის მოზარდმა ამდენი იფიქროს სექსზე, ორიენტაციაზე და არა ვთქვათ, თამაშზე, სწავლაზე, გატაცებებზე და სხვა, თუნდაც ამ ასაკისთვის უფრო დამახასიათებელ საკითხებზე. პრობლემა ის ხომ არ არის, რომ ბევრი თავისუფალი დრო აქვს და დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელში, სადაც მსგავსი თემებია აქტუალური და დომინანტური?
- ფიზიკური მომწიფებაც დაჩქარებულია. ამასთანავე, გვაქვს ინტერნეტსივრცე, რომელიც მოზარდებს ძალიან უკონტროლო და ქაოტურ ინფორმაციას აწვდის. ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში მსგავსი კითხვებისა და ინტერესების გაჩენას აჩქარებს. მშობლები ხშირად ინტერნეტსივრცეს ვერ აკონტროლებენ, არ იციან, რას უყურებენ მათი შვილები, რა ხდება იქ. სამწუხაროდ, ჩვენთან არაფერია დაბლოკილი. აბსოლუტურად ყველაფერი ღიაა და ნებისმიერ რამეზე აქვთ ხელმისაწვდომობა. დიახ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენი შვილების პირად სივრცეს და არ უნდა დავარღვიოთ, მაგრამ თუ ეს პირადი სივრცე შევსებულია საფრთხით, არ შეიძლება უკონტროლოდ დავტოვოთ. ყველა მშობელმა მშობლის კონტროლი უნდა დააყენოს, რამდენ ხანს და რას უყურებს ბავშვი. ეს უნდა კონტროლდებოდეს. თუ ეკრანსაა მოშორებული, თუ კონტროლირებადია მისი ინტერესის სფერო, გარემო, მაშინ ამ შედეგს ნაკლებად მივიღებთ.
- მშობელი თავად როგორ უნდა ესაუბროს შვილს ისეთ სათუთ თემებზე, როგორიცაა სქესი, სექსი, ორიენტაცია, გენდერი, გენდერული იდენტობა? ან თუ მშობელი არა, ვინ უნდა ესაუბროს?
- პირველ რიგში, მშობელი უნდა იყოს მშვიდად და თავად უნდა გაერკვეს საკითხში. თუ თავად ამისი კომპეტენცია არ ჰყოფნის და ეჭვი ეპარება, რომ მის შვილს შეუძლია ეს ინფორმაცია სწორად აითვისოს, მაშინ სპეციალისტს უნდა მიმართოს და ფსიქოლოგთან მიიყვანოს. იმიტომ, რომ მოზარდები ხშირად პროვოკაციულ შეკითხვებს სვამენ. ამ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს შესაბამისი პასუხი, ვერანაირად ვერ დავარწმუნებთ ჩვენი აზრის სისწორეში. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა. მშობელმა ეს თემა უნდა წამოიწყოს შესაბამისი მომზადების შემდეგ, უნდა იყოს მყუდრო გარემო, აუცილებლად უნდა დაჯდეს და თვალებში უყურებდეს თავის შვილს, ჩხუბით არ უნდა ვასწავლოთ და არ უნდა ვუთხრათ, რომ თავად არაფერი, ჩვენ კი ყველაფერი ვიცით. ინფორმაცია მეგობრული ტონით უნდა მივაწოდოთ. შეგვიძლია, პირადი გამოცდილებიდანაც ვუამბოთ რაღაცები. ძალიან ხშირად მოზარდებს ამ დროს თავდაცვითი მექანიზმი ერთვებათ და აგდებულად გვპასუხობენ, გვეუბნებიან, რომ არ სჭირდებათ ჩვენი დარიგება. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, არ გავუბრაზდეთ, უნდა გვეყოს ნებისყოფა, რომ მისი აზრიც მოვისმინოთ და ჩვენიც გავუზიაროთ.
- ზოგადად, რამდენად ახდენს გავლენას მოზარდის მენტალობაზე და თვითგამორკვევაზე გარემო და რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა მავნე გავლენისგან მის დასაცავად?
- პირველ რიგში, მშობელმა ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესს უნდა მიაჩვიოს. უნდა დააკავოს სპორტით, ხელოვნებით, ჩართოს სხვადასხვა აქტივობაში, რაც სწორი მიმართულების მიმცემი იქნება. რა თქმა უნდა, მათი სურვილით უნდა შევარჩიოთ ეს წრეებიც. " ბავშვობაში ცეკვა მინდოდა და ჩემმა შვილმა უნდა იცეკვოს", "ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და ჩემი შვილი უნდა გახდეს ფეხბურთელი" - მსგავსი დამოკიდებულება არ შეიძლება. მათი არჩევანი და ხელშეწყობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბავშვი რეალიზებული იყოს, ადგილი დაიმკვიდროს, საკუთარი ნიჭი გამოავლინოს და შესაბამისად, იგრძნოს პასუხისმგებლობა. როდესაც საზოგადოებაში საკუთარ ადგილს იპოვის, ნაკლები აგრესია ექნება და საუბარიც ბევრად უფრო გაგვიმარტივდება. ოჯახური გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა გვქონდეს ავტორიტარული აღზრდის მეთოდი. ცხოვრება რომ გვაქვს გამოვლილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი აზრი თავს მოვახვიოთ. საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ, ვურჩიოთ, მაგრამ არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.
თამარ იაკობაშვილი