მკაცრი აღზრდის 5 პლუსი - აი, ამ თვისებებს შეიძენს თქვენი შვილი "მკაცრი ხელის" შემთხვევაში
მკაცრი აღზრდის 5 პლუსი - აი, ამ თვისებებს შეიძენს თქვენი შვილი "მკაცრი ხელის" შემთხვევაში
თანამედროვე ბავშვები განსაკუთრებულები არიან. მათ ფიზიკურად არ სჯიან, არამედ მოლაპარაკების გზით არწმუნებენ, ასაკობრივი კრიზისების დაძლევაში ეხმარებიან, უგებენ და მათ უფლებებს იცავენ. ერთი სიტყვით, თანამედროვე ბავშვები პატივისცემას არიან მიჩვეულნი. ყოველ შემთხვევაში, ამ აზრს აგუებენ თანამედროვე ფსიქოლოგები მათ მშობლებს. სიმკაცრე? არა. ასეთი რამ არც გაუგიათ. ვინღა ექცევა მკაცრად ბავშვს 21-ე საუკუნეში? მაგრამ იქნება მკაცრ აღზრდასაც აქვს თავისი პლუსები. გთავაზობთ 5 ასეთ პლუსს, ანუ რა დადებითი თვისებების აქვთ სიმკაცრეში აღზრდილ ადამიანებს - რასაკვირველია, აქ ზომიერ სიმკაცრეზეა საუბარი და არა უკიდურეს სიმკაცრესა და მით
უმეტეს, ფიზიკურ დასჯაზე. ეს არასდროს არ არის გამართლებული.

1. წინააღმდეგობების გადალახვის უნარი

სიმკაცრეში აღზრდილ ადამიანებს წინააღმდეგობების გადალახვა, როგორც წესი, არ უძნელდებათ. არავითარი სისუსტე. ავად ხართ? ნუ მოდუნდებით. თავი ხელში აიყვანეთ და გაემართეთ სამყაროს, პროექტის ან კრიზისში მყოფი კომპანიის გადასარჩენად. ცდილობთ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთოთ, რომ თქვენით უკმაყოფილო არავინ დარჩეს. თითქოს პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, რომ ყველა დააკმაყოფილოთ.

2. ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებენ
საკმარისია შვილმა 9-იანი მიიღოს, მკაცრი დედა მაშინვე იკითხავს "რატომ?". მამა კი თავის დიდებულ, ხუთოსნურ წარსულს გაიხსენებს. აღიარეთ, ბავშვობაში ორიანის ხსენებისაც კი გეშინოდათ. ეს შიში მოზრდილობაშიც მოქმედებს, ამიტომ ცდილობთ შეცდომების გარეშე იცხოვროთ. პერფექციონიზმი
თქვენთვის ყველაფერია.
შედეგად შეიძლება ნევროზი დაგემართოთ, თუმცა ესეც დაძლევადია.

3. დროს ფუჭად არ ხარჯავენ
სოციალური ქსელების მსგავს სისულეებში, გართობაში და დაქალებთან ერთად საათობით ჭორაობაში მკაცრად აღზრდილი ადამიანები დროს არ ხარჯავენ. მათი შეხედულებით, ყველა საქმიანობა აზრიანი, შედეგის მომტანი, სერიოზული უნდა იყოს და პირდაპირ მოგებას ან კარიერულ წინსვლას უნდა უკავშირდებოდეს.
სამუშაოს ბევრად მეტ დროს უთმობენ, ვიდრე დასვენებას. მიუხედავად იმისა, ეს სამუშაო მოსწონთ თუ არა, კარგად უხდიან თუ ცუდად, მათთვის მთავარია ბევრი იშრომონ, თანაც ხარისხიანად და არ გადაუხვიონ დასახულ მიზანს.

4. მოხერხებული ტყუილი

რამდენად შეიძლება ეს პლუსად ჩაითვალოს, საკამათოა, თუმცა მაინც უნდა ითქვას. სიმკაცრეს შეჩვეული ადამიანები კარგად იტყუებიან. პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებენ, ანუ მართლაც აჯერებენ თავს, რომ ბედნიერები არიან. ეს თანდათან ჩვევაში გადასდით. ურჩევნიათ მარცხი დაუმალონ ბავშვობაში მშობლებს, ზრდასრულობისას კი - ხელმძღვანელებს, ვიდრე საყვედურები ისმინონ და თავის გასამართლებელი არგუმენტები ეძებონ.

5. ავტომატური ჩვევები
ასეთი ადამიანები ავტომატურად აკეთებენ ყველაფერს, რასაც ბავშვობაში მიაჩვიეს. ეს მკაცრი აღზრდის ყველაზე ძლიერ პლუსად მიიჩნევა. ტანსაცმელს იდეალურად დაკეცილს ინახავენ კარადაში. თეთრეულიც ჩაწიკწიკებულია თაროზე. საუზმეს, სადილსა და ვახშამს საჭირო დროს მიირთმევენ. საჭმელს თითქმის არ იწუნებენ.
იქნებ დროა და უკეთესიცაა სახლში ნივთებს ადგილი შეუცვალოთ? მაგრამ თქვენ ეს აზრად არ მოგდით. რა საჭიროა, იყოს, ასე უფრო "უხდება".

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხასიათის ზემოჩამოთვლილი თვისებები ყოველგვარი სიმკაცრის გარეშეც ახასიათებთ ადამიანებს. თუმცა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სიმკაცრე და მუდმივად წესების "ქვეშ" ცხოვრება უფრო მეტად უწყობს ხელს ხასიათში ასეთი შტრიხების გაჩენას.
16602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
დეა
1
ძალიან მკაცრად გავზარდე ჩემი შვილი, თუმცა, არ მახსოვს, რომ ერთხელ მაინც ამეწიოს მასზე ხელი ან ისეთი რამ მომეთხოვა, რაც მას ბავშვობას წაართმევდა ან დაუმახინჯებდა. მიუხედავად ამისა, აქ ჩამოთვლილთაგან ერთადერთი, მოხერხებული თყუილია, რაც მასში დარჩა ამ აღზრდიდან.ჰო, მე-5, ავტომატური ჩვევებიც აქვს და წინსვლაც უყვარს, მაგრამ მიუხედავად მიღწეულისა, შეუძლია მთელი მიღწეული 1 პაემანს ანაცვალოს.ერთი სითყვით, კარგად აშენებს, მაგრამ მერე თავადვე ანგრევს თავის აშენებულს. ეს რიღას ბრალია, რა დავაკელი?
21:03 / 01-02-2015
კახა
0
შვილი მკაცრად გამოზარდე მოყვრად გამოგადგება-ო. სიმკაცრე არაა ოღონდ ცემა-ტყეპა და თავში წამოთაქება, არამედ დისციპლინა და რეჟიმი
20:14 / 10-01-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```