თუ თქვენს შვილს გარდატეხის ასაკი აქვს, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ - სპეციალისტი მოზარდთა დეპრესიებზე, ხასიათის ცვალებადობაზე და საგანგაშო ნიშნებზე
თუ თქვენს შვილს გარდატეხის ასაკი აქვს, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ - სპეციალისტი მოზარდთა დეპრესიებზე, ხასიათის ცვალებადობაზე და საგანგაშო ნიშნებზე
მოზარდობის პერიოდი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლებისა და გარშემომყოფებისთვის, რადგანაც ამ დროს ხშირად იცვლება მათი ქცევა, დამოკიდებულებები და ინტერესები. რა სირთულეებსა და გამოწვევებს აწყდებიან მოზარდები გარდატეხის ასაკში, რატომაა მნიშვნელოვანი ამ დროს დეპრესიაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და როგორი უნდა იყოს მშობლის მიდგომა, როდესაც ბავშვი აგრესიას გამოხატავს, აქტუალურ თემაზე "საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა" მშობლებისთვის სპეციალისტთან შეხვედრას მართავს. აღნიშნულ შეხვედრას ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი უძღვება, ხოლო ექიმი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი თინათინ მეზვრიშვილი მშობელთა ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს:

- მოზარდობის ასაკში ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ,
სოციალურ ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები ხდება,
რომ ეს ძვრები მისი ქცევისა და ემოციების რადიკალურ გარდაქმნას განაპირობებს. მოზარდობის ასაკი გამოწვევის ასაკია არა მარტო მოზარდისთვის, არამედ გარშემომყოფი მოზრდილებისთვისა და მშობლებისთვისაც. მშობლები ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ და თავიანთი შვილებიც მოამზადონ. ამბობენ, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მოზარდობის ასაკს ადარებენ ხოლმე ნახტომს, როცა აკრობატი ერთი რგოლიდან მეორე რგოლზე გადახტება. ისეთ მოკლე პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვი ზრდასრულ ადამიანად, რომ ამხელა ცვლილებები, ცხადია, დიდი დატვირთვაა მისი ორგანიზმისთვისაც და ფსიქიკისთვისაც. განიცდის ფიზიკურ ცვლილებებს. ამ დროს მოზარდი სწრაფად იზრდება. თავის ზომებს ვეღარ აღიქვამს და უწევს ახალ, ვიზუალურ "მეს" შეეგუოს. ამავე პერიოდში სქესობრივი მომწიფება და რეპროდუქციული ორგანოების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ესეც ახალი ვიზუალური ხატია, ჰორმონალური ძვრებია. ამბობენ, რომ ამ დროს სისხლში ჰორმონების კოქტეილია. თავადაც არ იცის, რა ხდება მის თავს. როცა ენდოკრინული სისტემა არათანაბრად მუშაობს, თავისთავად ის მოზარდისთვის უჩვეულო და გაუგებარ გამღიზიანებლობასაც გამოიწვევს ხოლმე. მოზარდები შეცვლილ "მეს" ძალიან სუბიექტურად და ნეგატიური კუთხით უყურებენ. დაახლოებით, 30%-ს თავისი ვიზუალური "მე" უკვე აღარ მოსწონს და გარეგნობას კრიტიკულად აფასებს. ესეც, რა თქმა უნდა, რთულ ემოციებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ყველაზე რთული პრობლემა, რაც მოზარდობის ასაკშია, თავიანთ თავს ყოველთვის იდეალურ "მეს" ადარებენ. როგორ შეათავსონ იდეალურ "მესთან" თავიანთი რეალური პიროვნება, ეს პრობლემად რჩება და რა თქმა უნდა, სირთულეს განაპირობებს. რაც შეეხება ფსიქოსოციალურ პრობლემებს, ბავშვმა ეგოიდენტობა რომ ჩამოიყალიბოს, ამისთვის ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: ვინ ვარ? რა მინდა? რა შემიძლია? როგორი იქნება ჩემი მომავალი და რა ადგილს დავიკავებს საზოგადოებაში? დამეთანხმებით, რომ ეს არც ისეთი იოლი ამოცანაა. გარდა ამისა, იქამდე თუ უკრიტიკოდ იღებდა ყველაფერს, ახლა უკვე პირიქით ხდება. მოზარდებს მშობლების მხარდაჭერა სჭირდებათ, მაგრამ სეპარაცია მაინც ბუნების კანონია და ამას უნდა დაემორჩილოთ. ყოველთვის გზამკვლევის როლი უნდა შეასრულონ. ამბობენ ხოლმე, რომ ეს ბეწვის ხიდზე გადავლაა. მშობლებო ღრმად არ უნდა შეიჭრან მოზარდის პიროვნებაში, მაგრამ ნელ-ნელა, გზამკვლევის როლით ზრდასრულობის ასაკამდე მიიყვანონ. ამ პერიოდში თუ ბავშვი მშობლისნების მიერ შეგონებას კრიტიკულად უყურებს, თანატოლებისას აბსოლუტურად უკრიტიკოდ იღებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოზარდი რომელ რეფერენტულ ჯგუფში დაიმკვიდრებს ადგილს: მაგალითად, ფეხბურთელების ჯგუფში თუ ანტისოციალური თანატოლების ჯგუფში. მშობლებმა ამასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, ვისთან მეგობრობენ მათი შვილები, რა გარემოა, რა ურთიერთობები აქვს. ამასთან, ის ფენომენი, რომ თანატოლებთან იდენტიფიკაცია შეძლოს და ავტორიტეტი დაიმკვიდროს, მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.




თინათინ მეზვრიშვილმა ასევე ისაუბრა მოზარდობის ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ პრობლემაზე, დეპრესიაზე და განმარტა, რატომ უნდა მიაქციონ მშობლებმა ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება:

- მინდა გითხრათ, რომ მოზარდთა დეპრესია საკმაოდ რთული და სახიფათო მოვლენაა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები და გარშემომყოფები. მოზარდობის ასაკის რთული პერიოდი მათში ნეგატიურ ემოციებს განაპირობებს. შეიძლება ჩაიკეტნონ, ნაღვლიანები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის უნდა მივხვდეთ, როდის გამოდიან ამ ზღვრიდან. მოზარდობის ასაკში დეპრესიას მრავალი მიზეზი განაპირობებს და ამიტომაცაა რთული. მათ ემოციური არასტაბილურობა ახასიათებთ. თუ ნაღვლიანობა გახშირდა, გახანგრძლივდა, შესაძლოა დეპრესიაში გადაიზარდოს. მეორე იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ მოზარდებს გამოცდილება, როგორ გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. გარდა ამისა, იმედგაცრუებულები არიან და უკვე ვახსენეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი: არ მოსწონთ თავიანთი თავი, არიან ნაღვლიანები. ამანაც შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიის განვითარებას. ამ ასაკში ეგოცენტრულები არიან, რაც თავის თავში ჩაკეტვას განაპირობებს კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ. თუნდაც მოზრდილ ადამიანებში, ორი დეპრესიული პიროვნება რომ ნახოთ, მათში ერთნაირ კლინიკას ვერ აღმოაჩენთ, მით უმეტეს, მოზარდებში. რატომ შეიძლება უფროსებმა ეს დეპრესია ვერ დავინახოთ? - თუ მოზრდილებში გუნება-განწყობა დაქვეითებულია, მოზარდებში ეს შეიძლება გაღიზიანებამ, აგრესიამ, ბრაზმა ჩაანაცვლოს და ამდენად, კლასიკური დეპრესია ვერ დავინახოთ. გარდა ამისა, მოზარდები ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რა სჭირთ. მეორე ფაქტორი არის ის, რომ შეიძლება გრძნობენ კიდეც ამ დისკომფორტს, მაგრამ არ სურთ, რომ ეს მოზრდილებს გაუზიარონ. შეიძლება იფიქრონ, რომ არც კი მოუსმენენ ასეთ შემთხვევაში. ამბობენ, რომ დეპრესიის მქონე 5 მოზარდიდან 1 შეიძლება მოხვდეს სპეციალისტთან, სწორედ ამ მიზეზების გამო. როგორც აღვნიშნე, მშობლები ძალიან გაფაციცებულები უნდა იყვნენ და არ ჩათვალონ, რომ რაკი გარდატეხის ასაკია, ნაღვლიანობას ჰგავს და ამის თავიანთი მიზეზები არ ეძებონ. თუ ხედავენ, რომ მოზარდი შეიცვალა თავისი ქცევით, ემოციური მდგომარეობით, სოციალური ურთიერთობებით, რაღაც არ მოსწონთ მის გამომეტყველებაში, არ დაელოდონ იმას, რაც უკვე აღვნიშნე და დაახლოებით, 2 კვირის მანძილზე აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. თუ ბავშვი არ მიჰყვება, შეუძლია თავად მიმართოს სპეციალისტს და მასთან ერთად მიხვდება, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა. მშობლებმა თავიანთ შვილებს უნდა აგრძნობინონ, რომ ძალიან უყვართ. უნდა აგრძნობინონ, რომ მათგან მხარდაჭერილები იქნებიან, გამოიწვიონ საუბარში, თუმცა ეს მოზარდისთვის კომფორტული უნდა იყოს. თუ საუბარი კომფორტის ზღვარს გადასცდება, ამ შემთხვევაში სურვილი უჩნდება, რომ მშობელთან კომუნიკაცია აღარ გააგრძელოს. ეს საუბარი არ უნდა იყოს დამრიგებლური, მორალის კითხვითა და ჭკუის სწავლებით. მოზრდლისთვის რაც არ უნდა უმნიშვნელო მიზეზი იყოს ის, რის გამოც ბავშვი ამბობს, რომ ასეთ მდგომარეობაშია, არ უნდა გააუფასუროს ეს მიზეზი. უნდა მიიღოს, როგორც სერიოზული და უთხრას, რომ რთულ სიტუაციაში ყოველთვის მის გვერდით იქნება.
mshoblebi
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრმა ასევე აღნიშნა, რატომ უჩნდებათ მოზარდებს ამ პერიოდში თვითდაზიანების სურვილი და აქ როგორი უნდა იყოს მშობლის პოზიცია:

- ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დეპრესია იყოს იმიტომ, რომ მოზარდობის დეპრესია გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა სფეროზე. ეს ეხება სკოლას, შეიძლება ნარკოტიკების მიღებით, აუტოდესტრუქციული ქცევითაც გართულდეს - მსგავს ქცევაში თვითდაზიანება შედის. როცა მოზარდი ამხელა დატვირთვას ვეღარ უძლებს, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ქმედებაც განახორციელოს. ამიტომ, ჩვენც, სპეციალისტებიც და მშობლებიც დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. როგორც უკვე გითხარით, დეპრესიის გამოვლენა საკმაოდ რთულია და იმიტომ, რომ მშობლები და გარშემომყოფები ვერ ხედავენ ამას და სპეციალისტთან მიჰყავთ ხოლმე მოზარდი, რაღაცები უკვე ხელიდან გაშვებულია. ამისი მართვა ძნელია. ასე, რომ მშობლებს მოვუწოდებ, დააკვირდნენ ნებისმიერ ცვლილებას. ყველა გულისხმიერი მშობელი ნამდვილად მიხვდება, რომ მის შვილს რაღაც უჭირს, რომ სავალალო შედეგებამდე არ მივიდეთ.

ფსიქოლოგმა მაია ჯიბუტმა ამავე გადაცემაში ერთ-ერთი მშობლის შეკითხვა გააჟღერა, რომლის თანახმადაც, დედა ამბობდა, რომ მისი შვილი მის მიმართ უფრო აგრესიულია, ვიდრე მამის მისამართით. ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ბავშვს ვისთანაც უფრო მეტი კომუნიკაცია, კონტაქტი აქვს, მასთან უფრო თავისუფალია. ხოლო, თუ შვილთან საუბარი მორალისტური და დამრიგებლურია, მოზარდობის ასაკში მსგავსი ფორმის კომუნიკაცია ხშირად მიუღებელია და უკურეაქციას იწვევს.

თინათინ მეზვრიშვილი კი ამბობს:
- ცხადია, ის სირთულეები, რაც მოზარდობის ასაკისთვისაა დამახასიათებელი, აგრესიულ ქცევას განაპირობებს. ამ ასაკს "ბუნტის ასაკსაც" უწოდებენ ხოლმე. ძიების პერიოდი ბრძოლას ჰგავს. ამ ბრძოლასა და ბუნტის ასაკში აგრესია რომ გამოვლინდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. ფიზიკურადაც სწრაფად იზრდებიან, უნდათ, რომ რაღაცები მოსინჯონ. შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოუვიდეთ, როგორც ჩვენ გვინდა და ეს აგრესიაში გამოვლინდეს. როდესაც დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვიან, ცდილობენ, რომ პრობლემები თავად გადალახონ. დამოუკიდებლობის ცდებში კი, შესაძლოა, არც ისე კარგად გადაჭრან პრობლემები. გამოცდილება არ აქვთ და ხშირად მსგავსი მიდგომა აქვთ: "ან ყველაფერი, ან არაფერი". მათთვის შუალედური არ არსებობს და როგორც აღვნიშნე, შეიძლება ვერ გადაჭრან პრობლემა. დეპრესიაც შეიძლება აგრესიით გამოვლინდეს, ვახსენეთ, რომ ასაკისთვის იმპულსური ქცევაა დამახასიათებელი. მშობლების მიმართაც ხდებიან ხოლმე აგრესიულები, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს გარადამავალი ასაკია, რომლისთვისაც მსგავსი ქცევა დამახასიათებელია. როგორც სურდოს აქვს გარკვეული ნიშნები, რომელიც გაივლის, ჩათვალონ, რომ ესეც მსგავსი ნიშნებია. აუცილებლად მოთმინებითა და შემწყნარებლურად შეხედონ მდგომარეობას. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ყოველი აგრესიული გამოვლინება, უყურადღებოდ დატოვონ. როცა მშობელიც ჩაცხრება ამ ემოციებისგან და ხედავს, რომ ბავშვიც მშვიდადაა, შეიძლება საუბარში მოიწვიოს და პირველ პირში აუხსნას, რა არ მოეწონა, რა იგრძნო მისი ასეთი ქცევის დროს. მხოლოდ თავისი განცდები გაუზიაროს. ასევე, შეიძლება მიაწოდოს, როგორ ისურვებდა, რომ მოქცეულიყო. გარდა ამისა, ეს აგრესია ენერგიაა, რომელიც შეიძლება პროსოციალური აქტივობებისკენ მიმართონ და არაფორმალური განათლების ჯგუფებში ჩართონ. თუმცა, ეს აუცილებლად მის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს და ბავშვისთვის ემოციურად მისაღები უნდა იყოს. დაე, მოსინჯოს 4-5-ჯერ, აუცილებლად იპოვის იმას, რაც თავად უნდა.

11345
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები