ფსიქოლოგია12-დან 16 წლამდე
6 მთავარი წესი, რომ ჩვენი მოზარდი შვილის ნდობა შევინარჩუნოთ და მასთან ვიმეგობროთ
6 მთავარი წესი, რომ ჩვენი მოზარდი შვილის ნდობა შევინარჩუნოთ და მასთან ვიმეგობროთ
გარდატეხის ასაკი განსაკუთრებული პერიოდია. მშვიდი ბავშვებიც კი, რომლებიც პუბერტატში შედიან, ეკლიან "ზღარბებად" იქცევიან და ხშირად გამოხატავენ აგრესიას. ამ დროს კი მშობელსა და შვილს შორის სწორი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ბავშვი ძალიან ბევრი მიმართულებით გადის ცვლილებებს. ერთი მხრივ, უწევს შეეგუოს ბიოლოგიურ ცვლილებებს, რაც სხეულზე აისახება, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის ფსიქოლოგიური ძვრები, რომელთა წინაშეც სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდება. ამიტომ, მოზარდს ძალიან სჭირდება თანადგომა, განსაკუთრებით კი მშობლების.

ბავშვი რომ იცვლება, ხშირად უფროსები ამ ფაქტორს არ ითვალისწინებენ და კვლავ ძველი მეთოდებით აგრძელებენ მასთან
ურთიერთობას. ამიტომ, სპეციალისტების აზრით, რაც
უფრო ადრე დავიწყებთ კრიზისისთვის მომზადებას, მით უფრო ადვილია ეს ორივე მხარისთვის - მშობლებისთვისაც და თავად მოზარდისთვისაც.
"სამწუხაროდ, ბევრი ასე აღიქვამს სიტუაციას: კარგი შვილი მყავდა, მაგრამ მერე თავზე ხელი აიღო და სულ შეიცვალა. ვერ ვაცნობიერებთ, რომ ახლა თავად მოზარდს უჭირს, მას ერთდროულად მრავალი შინაგანი პროცესი აქვს გასავლელი. ეს იგივეა, რომ ათეული პროგრამის ერთდროულად გახსნა დაბალი სიმძლავრის კომპიუტერზე დავიწყოთ - ამ დროს ხომ ყველაფერი შენელებას იწყებს. ამიტომ, მშობლებმა უნდა გაიგონ, რა ხდება მათ შვილთან და ადეკვატურად უპასუხონ ცვლილებებს", - ამბობენ ფსიქოლოგები.
აქვე, სპეციალისტებმა შეიმუშავეს მოზარდთან ურთიერთობის 6 წესი, რომლებიც კომუნიკაციას გაგიმარტივებთ:

კონტროლის შემცირება

მიეცით ბავშვს თავისუფლების შეგრძნების შესაძლებლობა. აღარაა ისეთი პატარა, სკოლაში ხელჩაკიდებული რომ მიგყავდათ. გაიზარდა და ყოველწლიურად უფრო და უფრო დამოუკიდებლად გრძნობს თავს. აუცილებელია თანდათან შეამციროთ კონტროლი იმ სფეროებში, რომლებშიც ბავშვი უკვე თავისუფალია, სადაც მას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია რაღაცების გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდს სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ მშობლების წინააღმდეგ წავიდეს და მათ ავტორიტეტს დაუპირისპირდეს. თინეიჯერების აჯანყება ძირითადად მშობლის არასწორ ქმედებაზე რეაქციაა. იმისათვის, რომ მოზარდს ნამდვილად დაეხმაროთ და კარგი ურთიერთობაც შეინარჩუნოთ, უნდა შეამციროთ კონტროლი, მისცეთ არჩევანის თავისუფლება, დაუსვათ მეტი შეკითხვა და არ მისცეთ პირდაპირი მითითებები.
თუ თქვენი შვილი ზოგადად პასუხისმგებლობით იქცევა, არ არღვევს შეთანხმებებს, დროულად ბრუნდება სახლში, არ მალავს ადგილსამყოფელს, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რომ "ჯაშუშობა" დაიწყოთ და მისი ყოველი ნაბიჯი გააკონტროლოთ. ბავშვი, რომელსაც ენდობოდნენ და რომელიც თავად ენდობოდა მშობლებს, წარმატებული, დამოუკიდებელი, რეალიზებული და თავისუფალი გაიზრდება.
mshoblebi

ნუ გააკრიტიკებთ

მოზარდობა ექსპერიმენტების დროა და ამ პერიოდში მათ ძალიან მოსწონთ საკუთარი თავის შეცნობა, იმის გარკვევა, თუ რა შეუძლიათ და რა - არა, რა აკრძალვებსა და შეზღუდვებს შეიძლება გაუმკლავდნენ და ასე შემდეგ. ხშირად ამ დროს თმას ცისარტყელას ყველა ფერში იღებავენ, ბევრს ოცნებობენ, აცდენენ გაკვეთილებს, ღამე მეგობრებთან რჩებიან.
რას აკეთებენ მშობლები ასეთ შემთხვევაში? ყველაზე ხშირად ისინი აკრიტიკებენ, აშინებენ და თავიანთ თვალსაზრისს ახვევენ, რადიკალურად უპირისპირდებიან. მაგალითად, "თუ ცხვირს გაიხვრეტ, სახლში არ მოხვიდე", "რა ჯანდაბას უსმენ", "არაფერი გაინტერესებს, მთელი დღე ტელეფონში ხარ".
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ბავშვს აქვს, მშობლისა და ოჯახის დამსახურებაა. თქვენი არჩევანია, თავიდანვე ბავშვს მისცემთ ტელეფონს თუ უფრო სახალისო აქტივობებით დააკავებთ. გამუდმებული კრიტიკა მუსიკალურ გემოვნებაზე, სტილზე კარგ შედეგს ნამდვილად არ მოგიტანთ. მოზარდს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა და გაგება სჭირდება.
„მიყვარხარ, მხარს დავუჭერ შენს საუკეთესო თვისებებს, შენს ცნობისმოყვარეობას, მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ. შენი ცისფერი თმა წარმოუდგენლად მაგრად გამოიყურება, მე არასდროს მქონია ამის გაკეთების სურვილი." - შესაძლოა, მსგავსი ფორმულირება გამოგადგეთ.

პატივი ეცით მის პირად საზღვრებს

თუ მოზარდს მუდმივად ვაიძულებთ, რომ საკუთარი ოთახი დაალაგოს, გამოდის, რომ ეს მისი ოთახი კი არა, ჩვენია. თუ შვილს რეგულარულად ვეუბნებით, რომ სანამ ის ჩვენს ბინაში ცხოვრობს, ჩვენი წესებით იცხოვრებს, მაშინ არა მარტო გამოვხატავთ უპატივცემულობას, არამედ ვკარგავთ მშობლის უფლებამოსილებასაც და ვუბიძგებთ, მალე მოიფიქროს გზები, ჩვენი სამფლობელოდან თავი დაიხსნას. თან თითქოს ვეუბნებით, რომ თავად არაფრის უფლება აქვს და არ გავინტერესებს, რას ფიქრობს.
მნიშვნელოვანია, დაიცვათ მოზარდის პირადი საზღვრები:
  • დააკაკუნეთ მის ოთახში შესვლამდე,
  • არ წაიკითხოთ მისი პირადი მიმოწერა
ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ ენდობით, იღებთ და არ აკრიტიკებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუნდება თქვენთან მეგობრობა. ჯანსაღ კრიტიკასაც აქვს თავისი ადგილი, თუმცა გამუდმებით ამ რეჟიმში მყოფი მშობელი შვილს მხოლოდ თვითშეფასებას უდაბლებს და დისტანციას ქმნის მასთან.
mshoblebi

მოუსმინეთ მის აზრს

მოუსმინეთ თქვენს შვილს. მისი აზრი თქვენთვის ნამდვილად გასათვალისწინებელი და ყურადღების ღირსი უნდა იყოს. თუ მოზარდი რაღაცის გამოხატვას იწყებს, ნუ უგულებელყოფთ მის აზრებს, თუნდაც შეუფერებლად და სულელურად მოგეჩვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო და უფრო დაშორდებით ერთმანეთს.
როცა ბავშვი რაღაცას გეუბნებათ საკუთარ სურვილებზე ან სამომავლო გეგმებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეაფასოთ მისი სიტყვები, განსაკუთრებით ნეგატიურად. მაშინაც კი, თუ ეს ოცნებები საერთოდ არ მოგწონთ. თუ ის ამბობს: „ტატუს გაკეთებას ვფიქრობ", რეაქციის პირველი ვარიანტი ასეთია: „რა სისულელეა? როგორ მოგივიდა ასეთი სისულელე თავში?" - მსგავსი სიტყვებით არა მხოლოდ ვაფასებთ მის სურვილებს, არამედ ნდობას ვანგრევთ.
რეაქციის კიდევ ერთი ვარიანტი ასეთია: "მისმინე, ტატუ საინტერესოა, მე თვითონაც ვფიქრობდი ახალგაზრდობაში გაკეთებაზე, ერთხელ სალონშიც კი ვიჯექი, მაგრამ ვერაფერი ავირჩიე. მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამ მიგიყვანა ამ იდეამდე და რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამას". მოზარდს ესმის, რომ მისი სურვილები მნიშვნელოვანია, მისი აზრი გათვალისწინებულია და ინტერესდებით. ასე ვავითარებთ ნდობას და თანდათან ჩვენი შვილები უფრო გულწრფელები ხდებიან. თუ ყველაფერზე, რასაც მოზარდი ამბობს, ვეტყვით, რომ სისულელეა, მალე აღარაფრის მოყოლა და გაზიარება აღარ მოუნდება.

მიეცით უფლება, თავად მიიღოს გამოცდილება

ბავშვისთვის მშობლის ემოციებისა და გამოცდილების გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კომუნიკაციის პროცესშიც გეხმარებათ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი აღმოჩენები მხოლოდ თქვენია, მოზარდი კი სულ სხვა ადამიანია, რომლის შემთხვევაშიც შესაძლოა ყველაფერი სულ სხვაგვარად იყოს. ნუ მოახვევთ თავზე საკუთარ პოზიციას, მიეცით შესაძლებლობა, რომ თავადაც მიიღოს გამოცდილება, რაღაცებზე დაფიქრდეს და აღმოაჩინოს.
პუბერტატულ ასაკში მთავარი მოტივი თავისუფლება, მშობლის კონტროლისგან თავის დაღწევის სურვილია. ჯერჯერობით ბავშვს პასუხისმგებლობა აკლია, რომ რაღაცები თავის თავზე აიღოს, მაგრამ არც ის სურს, რომ სულ მშობელს დაეყრდნოს. ამიტომაც, მიეცით აღმოჩენების უფლება.

ნუ გაუჩენთ დანაშაულის შეგრძნებას

დანაშაულისა და ვალდებულების განცდის გამომუშავების აკრძალვა, ალბათ, მთავარი აკრძალვაა მოზარდთან ურთიერთობისას. "შენ ჩემი შვილი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისე უნდა მოიქცე, როგორც მე ვამბობ და მე შემეფერება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ იქნები ჩემი შვილი." ეს ყველაფერი მოზარდში დანაშაულის შეგრძნებას იწვევს. მსგავსი ფრაზებით ეუბნებით, რომ თუ თქვენს წარმოდგენას არ ემთხვევა, მაშინ დამნაშავეა, არ არის კარგი შვილი და არაფერი გამოსდის.
„წარმომედგინა, რომ ჩემი შვილი წარჩინებული მოსწავლე იქნებოდა. შენ კი ასეთი არ ხარ. ჯობდა, საერთოდ არ გამეჩინე", - თუ თქვენ მსგავს ფრაზას ერთხელ მაინც გამოიყენებთ, ჩათვალეთ, რომ ბავშვს უდიდეს ტკივილს მიაყენებთ და ამავდროულად, აღარ იტოვებთ არც ერთ გზას, რომ მასთან კარგი ურთიერთობა, ნდობა და სასიამოვნო კომუნიკაცია გქონდეთ. მოზარდობა ადამიანისთვის გამოცდაა. იცვლება მისი ფიზიოლოგიაც და ფსიქიკა და ამ დროს მხოლოდ უპირობო სიყვარული და ნდობა სჭირდებათ.


alt13 ფრაზა, რომელიც მშობელსა და მოზარდს შორის კონფლიქტს იწვევს


alt6 ტოქსიკური ფრაზა, რომლებიც მშობლებს საჭირო ჰგონიათ, სინამდვილეში კი შვილს არ უნდა უთხრან


ბეჭდვა