როცა ბავშვის ლექსიკონში უცენზურო სიტყვები ჩნდება...
როცა ბავშვის ლექსიკონში უცენზურო სიტყვები ჩნდება...
გინდათ თუ არა, თქვენი შვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიგონებს უცენზურო სიტყვებს, თუნდაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მათ არასოდეს წარმოთქვამდეთ. შეუძლებელია გარე სამყაროსგან ბავშვის იზოლირება, ქოთნის ყვავილად მისი გადაქცევა. თუ განსაზღვრულ დრომდე ბავშვს სწორედ ასე ზრდიდით, ძალიან ცუდი, რადგან ბაღში თუ სკოლაში მისვლისას პატარას უფრო მეტად გაუჭირდება ახალ პირობებთან ადაპტაცია. უცენზურო სიტყვები კი აუცილებლად მიიპყრობს მის ყურადღებას თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისთვის სიახლეა. რასაკვირველია, თავდაპირველად ის ვერ მიხვდება ამ
სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ აუცილებლად დაინტერესდება და შეეცდება მათ გამეორებას. ნუ აღელდებით - ეს სავსებით ბუნებრივია. აღელვება მაშინ უფრო გმართებთ, თუ 6-7 წლამდე ბავშვს ერთხელაც არ უთქვამს უცენზურო სიტყვა. ესე იგი მას არ ესმის უფროსების საუბრის მნიშვნელობა ან მათ საერთოდ არ უგდებს ყურს.
როგორ მოვიქცეთ ბავშვის ლექსიკონში უცენზური სიტყვების უეცარი გაჩენისას? დავსაჯოთ ბავშვი, არაფერი შევიმჩნიოთ თუ ავუხსნათ, რომ ეს ცუდი სიტყვებია? ბავშვს ნუ შეარცხვენთ, ნუ გაუბრაზდებით და ნუ დასჯით, რადგან პატარა უცენზურო სიტყვების მნიშვნელობას ვერ ხვდება; მან არ იცის, რომ ეს ცუდი სიტყვებია და ვერ წარმოუდგენია, რომ მათი წარმოთქმის გამო შეიძლება დასაჯონ ან უსაყვედურონ. თუ უწმაწური სიტყვა უფროსმა წარმოთქვა და ბავშვმაც გაიგონა, შეიძლება წავუყრუოთ
მათ ავტორს და თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს ვერაფერი გავიგონეთ. ეს ხერხი მაშინ არის გამართლებული, როცა დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ბავშვმა ამ სიტყვას ყურადღება არ მიაქცია, რადგან სხვა რამით იყო გართული. ასეთ დროს მომხდარზე ბავშვის ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს. თუ უცენზურო სიტყვები ბავშვმა წარმოთქვა, უფროსების რეაქცია აუცილებელია. ზემოქმედების საუკეთესო მეთოდი გულახდილი საუბარი და ახსნა-განმარტებაა. შეეცადეთ ბავშვი მიახვედროთ, რომ უცენზურო სიტყვების წარმოთქმა უზრდელობაა. ესაუბრეთ მშვიდი, კეთილგანწყობილი და არამც და არამც - გაღიზიანებული კილოთი. თუ აღშფოთებას გამოხატავთ, ბავშვმა ცუდი სიტყვები შესაძლოა განგებ გაიმეოროს, რათა გამოგაჯავროთ, გაგაბრაზოთ. ალერსიანი მოპყრობა კი მისთვის მოულოდნელი რამ იქნება და ცუდად მოქცევის სურვილს დაუკარგავს. ზოგიერთს, როცა ბავშვისგან უცენზურო სიტყვები ესმის, უნებლიეთ ეცინება. ეცადეთ, შეიკავოთ სიცილი - საკმარისია, ამ დროს ერთხელ მაინც გაიცინოთ, რომ ბავშვი ამას მოწონების ნიშნად აღიქვამს და ეცდება, კიდევ ერთხელ გააცინოს მშობელი. ბოლოს და ბოლოს შეშფოთდებით - ვაითუ ცუდი სიტყვები ბავშვის ლექსიკონის ნაწილად იქცესო, მაგრამ ამ ჩვევის აღკვეთა უკვე გაგიჭირდებათ, რადგან თქვენს ახლებურ რეაქციას იმაზე, რაც ადრე გაცინებდათ და გართობდათ, ბავშვი ვერ გაიგებს. თუ უწმაწური სიტყვების წარმოთქმის მავნე ჩვევა განმტკიცდა, ესე იგი ოჯახში ყველაფერი რიგზე არ არის; არსებობს პრობლემები და ბავშვი ამგვარად ცდილობს შური იძიოს საკუთარი უბედურების გამო. ჰარმონიულ ოჯახებში, სადაც ბავშვს ნორმალურად ზრდიან და ურთიერთობებიც თბილია, უცენზურო სიტყვების წარმოთქმა მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება.

mkurnali.ge
3532
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```