როცა ბავშვის სიჯიუტე მოთმინებას გაკარგინებთ - როგორ უნდა დაეხმაროთ ერთმანეთს
როცა ბავშვის სიჯიუტე მოთმინებას გაკარგინებთ - როგორ უნდა დაეხმაროთ ერთმანეთს
"მყავს გოგონა, რომელიც რვა წლის ხდება. დაბადებიდან ჭირვეული ხასიათი ჰქონდამ, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ გაიზრდება, შეიცვლება-თქო. ოჯახში აბსოლუტური სიმშვიდე გვაქვს, არამაირ სტრესულ გარემოში არ უწევს ცხოვრება. ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობთ, და ალბათ ეს მისი გათამამების ბრალია. ბოლო ორი წელია იმდენად შეიცვალა, ვერ ვცნობ. აღარც დატუქსვა შველის, არც მოფერება. იმ წუთას რომ ესმის, მეორე წუთას იგივეს აკეთებს. ძალიან განვიცდი, მაქსიმალურად ვესაუბრები, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, მე მისთვის ცუდი არ მინდა და ა.შ., მაგრამ არაფერი შველის. უმცროსი შვილიც მყავს, მისი დაბადების მერეც შეიცვალა,
მაგრამ საკმაო დრო გავიდა, უმცროსი გაიზარდა, 4 წლისაა და გოგონაც გიჟდება ძმაზე. სხვანაირად გადასარევი ბავშვია, არაჩვეულებრივად სწავლობს, მაგრამ ყველაფერი მიჯდება სიჯიუტესთან ბრძოლის ფასად. ამ ბოლო დროს შეპასუხებაც ისწავლა და ცოტა გათავხედდა... ახლა რომ ასე მიჭირს მისი მოთოკვა, რომ გაიზრდება, მერე რა უნდა ვქნა?
მაინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს?
სოფია"


სიჯიუტე ხასიათის თანდაყოლილი თვისება არაა. უდრეკი ხასიათის გამოვლენით ბავშვი "საჯაროდ" აცხადებს, რომ მეტი დამოუკიდებლობა სურს. რამდენად ძლიერია სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, აი, ამას უკვე ხასიათი განაპირობებს. ბავშვის ამ მისწრაფებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. პირველ რიგში, არ დაუპისპიროთ მას ძალა და აგრესია. ძალიან რთულია, მაგრამ ბავშვის ყოველი
"უზნეო" აფეთქება მაინც გარეგნული სიმშვიდით უნდა გადაიტანოთ.

არ გამოიყენოთ გადამეტებული ძალა
5-6 წლიდან წარნმოჩენილი სიჯიუტე სავსებით ნორმალურია. ამ დროს ბავშვი აცნობიერებს თავის პიროვნულ "მეს" და ფიქრობს, რომ თავადაც ისე უნდა აისრულოს სურვილები, როგორც ამას უფროსები სჩადიან - ისინი ხომ არავის ჭკუაზე არ დადიან, ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც თავად სურთ, მაშ რატომ უნდა დაუჯეროს ბავშვმა უფროსს და არა პირიქით? ეს ბავშვის რკინისებური ლოგიკაა და თუ ღრმად გაიდგა ბავშვის გონებაში ფესვები, მისი "წაღმა" მოტრიალება გაგიჭირდებათ.

სწორედ ამ პერიოდში უშვებენ მშობლები ყველაზე დიდი შეცდომას - ვერ იჯერებენ, რომ პატარა უკვე "გაიზარდა" და მის სურვილებსაც ისევე სჭირდება ანგარიშის გაწევა, როგორც ერთმანეთისას. ამის მაგივრად ჯიუტ და უზნეო ბავშვად თვლიან, მეტად ცდილობენ, საკუთარი ავტორიტეტი აიმაღლონ და უფრო "ხმამაღლა" ებრძოლონ ბავშვის ამ "საშინელ" ჩვევას. "მე უკეთ ვიცი", "ვთქვი და მორჩა", "ეგღა მაკლია, თავზე დამაჯდე"- ამ სტანდარტულ ფრაზებში უფროსების ამბიცია მოჩანს, რომლებსაც არ სურთ თუნდაც, წვრილმანებში დაუთმონ ბავშვს, არ სურთ ან "ნერვები არ ჰყოფნით", მის აზრებს მოუსმინონ. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, როცა ბავშვს 7 წლის ასაკის „კრიზისი“ ეწყება, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი, რომელიც მის ხასიათზე და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებებზე დიდ გავლენას ახდენს.
თუ ბავშვს ძლიერი ხასიათი აქვს, თავის პრინციპებზე უარს ადვილად არ იტყვის და მშობელზე ზეწოლას გააგრძელებს. ამით უნდა მეტი ყურადღებაც მიიქციოს და დაამტკიცოს, რომ ძლიერია.

ყურადღება - დედების ყველაზე რთული ამოცანა
პრობლემის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც ბავშვის მიმართ გამოვლენილი არასაკმარისი ყურადღებაა. ზოგჯერ ყურადღების ნაკლებობა მეორე ბავშვის გაჩენას სდევს თან - ბავშვი გრძნობს, რომ ერთადერთი აღარაა, გრძნობს, რომ მოაკლდა „მისი კუთვნილი“ ყურადღება და სხვადასხვა სახის აგრესიითა და პროტესტით გამოხატავს ამას.
გარდა ამისა, თანამედროვე დაძაბული ცხოვრების რიტმმა განაპირობა ის ტენდენცია, რომ მშობლებს არა მარტო დრო, ნებისყოფაც არ ჰყოფნით შვილებთან სრულფასოვანი ურთიერთობისთვის. მშობლისთვის გაცილებით ადვილია იშრომოს ბავშვის უზრუნველსაყოფად, გაუმზადოს ნაირ-ნაირი საჭმელი, ჩააცვას, მოაწესრიგოს, მაგრამ არა ეთამაშოს. ბავშვთან თამაში და მისი სავსებით ბუნებრივი ჭირვეულობების გაძღოლა ზოგიერთი მშობლის ძალებსაც კი აღემატება. ბავშვი კი ყველაზე მეტად სწორედ ყურადღებას და ურთიერთობას ითხოვს და მათი ნაკლებობით იწყება ყველაზე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები.
საბოლოოდ პატარა-პატარა შეცდომებს ერთ დიდ შედეგთან მივყავართ - ეს ან ჯიუტობა იქნება, ან აგრესია, ან ტირილით და ისტერიკებით მიმდინარე ჭირვეულობა... სიმშვიდე, ყურადღების გაძლიერება და სტაბილური, თანმიმდევრული ქცევა ბავშვთან მიმართებაში აუცილებლად მოიტანს შედეგს. თუმცა ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო რთულად აღმოჩნდეს საქმე და მშობელი მარტო ვერ გაუმკლვდეს პრობლემას.
თუ აშკარად ხედავთ, რომ თქვენი შვილის ქცევა მის თანატოლებთან შედარებით მკვეთრად განსხვავებულია, ესე იგი ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რასაც ფსიქოლოგი უზრუნველყოფს. ნუ გააჭიანურებთ სპეციალისტთან ვიზიტს. რაც უფრო დროულად მიაშველებთ დახმარებას, მით უფრო უკვალოდ ჩაივლის ბავშვობის პრობლემა.
ტეგები: ჯიუტობა
55381
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კიკი
0
მოძებნეთ ინტერნეტში შესანიშნავი გადაცემა ნიანია სპეშიტ ნა პომაშ,,მოაგვარებთ ყველა პრობლემას,მე ძალიან დამეხმარა ყველაფერი დასტაბილურდა ეს გადაცემა დიდი საჩუქარია ნებისმიერი მშობლისთვის
13:48 / 27-09-2016
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```