7 წლის ბავშვის კრიზისი – პირველი ნაბიჯები ზრდასრულ ცხოვრებაში
7 წლის ბავშვის კრიზისი – პირველი ნაბიჯები ზრდასრულ ცხოვრებაში
ეს ასაკი ერთ-ერთი ყველაზე რთულია ბავშვებისთვის – მორიგი გარდამტეხი ეტაპი, რომელსაც ბავშვები ხშირად არაერთგვაროვნად გამოხატავენ, მშობლები კი ძნელად ეგუებიან. ცნობილმა ფსიქოლოგმა და ფსიქოანალიტიკოსმა ერიკ ერიკსონმა, რომელსაც ეკუთვნის ტერმინი "იდენტობის კრიზისი" - 7 წლის კრიზისთან გამკლავების მეთოდებიც შემოგვთავაზა. როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ რთული პერიოდის გადალახვაში?

მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ გარდამტეხ ასაკებში, რომლებიც ბავშვს თითქმის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ აქვს, უფრო და უფრო რთული ცხოვრებისეული პერიოდები ელის, მაინც არ შეიძლება, ეს ეტაპი
ყურადღების გარეშე დატოვოთ.
7 წლიდან, როცა ბავშვი უკვე სკოლაში დადის, თავს დამოუკიდებელ ზრდასრულ ადამიანად გრძნობს. არც ტყუილად: ამ ეტაპზე მას ბევრ მოთხოვნას უყენებენ – კარგად უნდა ისწავლოს, მშობლებს დაეხმაროს რაღაც-რაღაცებში, მეტად გაიგოს შენიშვნები, ხშირად უმეორებენ, რომ უკვე დიდია და ა.შ. ცხოვრებისეული ცვლილებები, გარკვეული სტრესი, რომელიც რასაკვირველია, ახლავს სკოლაში შესვლას – ამით ხომ მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება, ახდენს გავლენას მასზე. თან დიდია და თან ხვდება, რომ ისევ პატარაა – ეს შინაგანი წინააღმდეგობრიობა ბევრ პრობლემას უქმნის. მატულობს სიჯიუტე, შეპასუხების, ინდივიდუალურობისკენ სწრაფვის შემთხვევები, ხშირად არის გაღიზიანებული და ცდილობს მაქსიმალურად გააცნობიეროს თავისი ახალი როლი. ის უკვე გრძნობს თავს, როგორც საზოგადოების წევრი, უწევს ამ საზოგადოებასთან მორგება და ცხოვრების
სწავლა, გარშემო მყოფთა რეაქციებისთვის ანგარიშის გაწევა. უკვე ვეღარ გამოხატავს თავის ემოციურ მდგომარეობას ისე თავისუფლად, როგორც ადრე. უკვე ვეღარ იქცევა ისე "ბავშვურად", როგორც უწინ და ეს თუ ერთი მხრივ სიამაყეს გვრის იმისა, რომ დიდია, მეორე მხრივ თრგუნავს კიდეც.

როგორ დავეხმაროთ?
სანამ სკოლაში შევა, მანამდე კარგად უნდა მოამზადოთ ფსიქოლოგიურად ამ პროცესისთვის. ხელი შეუწყოთ, მეტად გაერთოს თანატოლებში, თუნდაც ცოტა უფროსებში, ოღონდ ისეთებში, რომელთაგანაც ბევრ კარგს ისწავლის. ნელ-ნელა, მსუბუქად მიაჩვიეთ რეჟიმს. დაეხმარეთ გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში, საშინაო დავალების შესრულებაში. დამოუკიდებლად მომზადება კარგია, მაგრამ ბავშვს უხარია, როცა გრძნობს, რომ დედა ახლოსაა და მას აინტერესებს, როგორ კარგად აზროვნებს ბავშვი. მეტი დრო გაატარეთ მასთან, მეტი ელაპარაკეთ, ოღონდ თქვენთან გატარებულ დროს უკვე უნდა აჭარბებდეს თანატოლებთან გატარებული დრო. ამ ეტაპზე მას მაქსიმალურად სჭირდება ურთიერთობები, საინტერესო წიგნები, გონების გამავარჯიშებელი სათამაშოები (ასაწყობები, ჟურნალები კროსვორდებით, შემეცნებითი თამაშები).
თუ მასწავლებელი მისთვის ახალი ავტორიტეტია, ამას ხელი არ უნდა შეუშალოთ და მის თვალწინ მასწავლებელი არ უნდა გალანძღოთ. რაც მეტი ავტორიტეტი (დადებითი კუთხით) ეყოლება, მით უკეთესია. მშობლის ნათქვამის გასამყარებლად ხშირად არის ხოლმე საჭირო შემდეგი ფრაზების დართვა: "აი, შენი მასწავლებელიც ასე იტყოდა", "გესიამოვნება, რომ შენმა მასწავლებელმა გაიგოს, შენ როგორც იქცევი?" ესეც ბუნებრივი პროცესია და მშობელს არ უნდა ეწყინოს, რომ მის გარდა სხვაც ახდენს გავლენას ბავშვზე, ეს პირიქით, კარგია. ოღონდ არც აქ არ უნდა გადაამეტოთ და ზედმეტად ხშირად არ უნდა "მოიშველიოთ" მასწავლებელი, რომ არ შეაძულოთ ბავშვს.
მთავარი რჩევა მაინც მაქსიმალური სიახლოვეა ბავშვთან, მასთან საუბარი, მასთან თამაში, კითხვა და თანატოლებთან ურთიერთობის წახალისება – ისევ თქვენი მეთვალყურეობით, გაუგეთ მას და დაეხმარეთ რთული ეტაპის გადალახვაში.

ასევე დაგაინტერესებთ
8194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?