"მას ისეთ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ და აგრესიული გახდა, ჩაფსმაც ისე დაიწყო..." - დედის შეკითხვა და ფსიქოლოგის პასუხი შეკითხვა ფსიქოლოგს:
"ჩემი უფროსი გოგონა 2 წლის და 2 თვის იყო ივნისში, რომ პამპერსი გავხადე და შევეცადე გადაჩვევას. თუმცა გადაჩვეულზე (მხოლოდ ღამე ეკეთა) დაემართა საშარდე გზების ანთება. შემეშინდა და ისევ ჩავაცვი. მოგვიანებით აგვისტოში ისევ ვცადე და ძალიან ადვილად გადაეჩვია. ჩვეულებრივ მეუბნებოდა: "ფისი მინდაო".
უკვე 2 წლის და 4 თვის იყო, ღამეც საფენს საერთოდ არ ასველებდა და ღამითაც გავხადეთ...
სწორედ იმ თვეში, ახალგადაჩვეულზე შეგვეძინა მეორე ბავშვი. კი ვგრძნობდი, რომ ეჭვიანობდა და ვიცოდი კიდეც თეორიულად, რომ ყურადღება დიდისთვის უნდა დამეთმო, მაგრამ პრაქტიკაში არც ისეთი ადვილი განსახორციელებელი აღმოჩნდა. საკმაო ყურადღებას ითხოვს პატარა, ხშირად ჭამს ძუძუს და მუცლის შებერილობამ ხომ გაგვაგიჟა. უკვე 5 თვისაა და ისევ გვაწუხებს. ამის გამო დამეჩაგრა ჩემი დიდი გოგონა. ფაქტობრივად ბებიას ჰყავს მთელი დღე მეორე ოთახში. კი შემოდის ჩემთან, მაგრამ ხან მაგ დროს ან ბავშვს ვაჭმევ ან ვაძინებ და რომ ვთხოვ, ჩუმად იყოს, სწორედ მაშინ იწყებს წივილს!!! და მიღვიძებს...
რა უნდა იცოდეთ შარდის შეუკავებლობაზე და რით ვუშველოთ პატარას?
ამასთან ერთად, დაივიწყა საერთოდ "ფისის" თქმა. ჩვენით თუ დავსვამთ ქოთანზე და მაშინაც შეიძლება ტრუსი პატარაზე უკვე დასველებული ჰქონდეს, ხან მთლად აქვს ჩაფსმული. მე ერთი-ორჯერ მივმართე დასჯის მეთოდს კუთხეში დაყენებით და მეორე ვარიანტი აბაზანაში ჩაკეტვით. მაგრამ ამაზე ისე ტირის, თუ პატარას სძინავს ამ დროს, აღარც ვსჯი და აზრი დაკარგა ამანაც. ჩემს სიტყვას ფასიც არ აქვს და საერთოდაც ამაზე რომ ვესაუბრები, რატომ არ მითხრა? პასუხს ან არ მცემს, ან სხვა თემაზე გადააქვს. იგნორს მიკეთებს და პირიქით შეიძლება იტიროს, სველი არ გამხადოთო. ხან მომირტყია ტაკოზე და მერე შემცოდებია და ბოდიში მომიხდია. თავისუფალ დროსაც ვეფერები და ვეუბნები, რომ მიყვარს. თუმცა ხან იგნორს მიკეთებს ამ ყველაფერზე.მეშინია არ გაცივდეს, თორემ დავტოვებდი.თუმცა მიცდია და არც ის სისველე აწუხებს. ღამითაც ვიღვიძებთ რამოდენიმეჯერ გადასაყენებლად, მაგრამ მაინც ხანდახან გვისველებს ლოგინს.
მინდა აღვნიშნო, რომ ღამითაც მე ვერ ვაძინებ და ბებოს მიჰყავს და ხან არის ისეთი მომენტი, ჩვენთან უნდა და ძალით მიჰყავს დასაძინებლად. არ ესმის ახსნილი და არის ძალიან ჯიუტი. მე კი ვცდილობ ვაკოცო, ძილი ნებისა ვუსურვო. ამით ვცდილობ ძილისთვის შევამზადო და თან მოვეფერო რომ მიხვდეს ძალიან მიყვარს. ხან ჭრის, ხან არა".
მინდა სპეციალისტის დარიგება:
1. როგორ მივუდგე, რომ აღარ ჩაიფსას?
2. სიჯიუტის მართვა და ჩემი მოსმენა.
3. იცის წივილი და იმდენად ცელქია, ჩვენც გვირტყამს და ხან ძალიან მოსდის. თვალებზე იცის თითის დაჭერა ძლიერად და ბავშვთან სულ გვეშინია არ მივიდეს ცალკე. თუმცა უყვარს დაიკო და ეფერება კიდეც... თუ არ წამოუარაა.
ბოდიში, შეიძლება ძალიან არეულად დაგიწერეთ ეს ყველაფერი, უბრალოდ ძალიან მესაჭიროება დახმარება. ვერ ვახერხებთ რომ ფსიქოლოგთან ვიაროთ ამის გამო. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ. გმადლობთ წინასწარ!
პასუხობს ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, ფსიქოთეტაპიისა და კონსულტაციის ცენტრ "დიალოგის" დამფუძნებელი ქეთი მესხიშვილი:
- თქვენი წერილის წითხვისას საკუთარი თავი გამახსენდა და ის პერიოდი როდესაც მეორე შვილი შემეძინა. მახსოვს როგორ გამიჭირდა პირველ დღეებში ყურადღების გადანაწილება; ამიტომ ძალიან კარგად მესმის თქვენი.
პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ ხართ დედა და ამ სიტუაციას ისევ თქვენ თუ შეცვლით. ამისათვის ძალისხმევა უნდა მოიკრიბოთ, გააცნობიეროთ რომ უკვე ორი შვილის დედა ხართ და ორივეს თქვენ სჭირდებით, რადგან დედა ერთია.
რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად?!
1) ჩასველების პროლემის დაბრუბება შესაძლოა იყოს პროტესტი, რომლითაც ის უყურადღებობას აპროტესტებს.
2) ის, რომ თქვენ არ გისმენთ და ჯიუტობს, გარდა ასაკობრივი სირთულისა, შესაძლოა სჭირდება ყურადღების მისაქცევად. ის მაშინ იღებს თქვენს ყურადღებას, როდესაც ჯიუტობს და არ გიჯერებთ.
3) აგრესიას, რომელსაც გამოხატავს, აუცილებლად აქვს კონკრეტული გზავნილი. თუმცა დაუშვებელია ამ ტიპის კომუნიკაციის ჩამოყალიბება ბავშვსა და უფროსებს შორის.
როგორ უნდა მოიქცეთ:
სამივე შემთხვევაში, რომელიც ზემოთაა აღწერილი, წამყვანი ფიგურა უნდა იყოთ თქვენ. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ უფროს შვილს. სთხოვეთ ოჯახის სხვა წევრებს, დაგეხმარონ პატარის მოვლაში. მაშინ, როცა უფროსის ძილის დრო დგება, გააკეთეთ ისე, რომ პატარა ოჯახის რომელიმე სხვა წევრს ჰყავდეს, ხოლო თქვენ დააძინეთ უფროსი ბავშვი. ეს დრო გამოიყენეთ სასაუბროდ; ჰკითხეთ როგორაა, რა უნდა, რა მოსწონს, რა არ მოსწონს. ესაუბრეთ ოჯახის ახალ წევრზე და აუხსენით რას ნიშნავს თქვენთვის მისი მოვლა, რატომ სჭირდება პატარას ამხელა დრო. სთხოვეთ მას დახმარება, რადგან უფროსია და უთხარით, რომ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დიალოგის რეჟიმში აუცილებლად იქნება თქვენს შორის ნამდვილი ემოციური კავშირი და თქვენი უფროსი ბავშვი შეძლებს ნაწლობრივ მაინც იმ ემოციური დეფიციტის შევსებას, რომელიც თქვენგან აქვს. დაალაგეთ შემდეგი დღის გეგმები. აგრძობინეთ, რომ გესმით მისი.
"ყველა შენიშვნაზე აგრესიით პასუხობს, გვირტყამს მუშტებს, წიხლებს" - შეშფოთებული დედის წერილი
ნუ შეგეშინდებათ მისი პატარასთან დატოვების. თუკი სულ იმაზე იფიქრებთ, რომ მას რაიმეს დაუშავებს, ეს მართლაც ასე მოხდება. შეეცადეთ შეცვალოთ დამოკიდებულება და მეტი სიამოვნენა მიიღოთ მათთან ურთიერთობოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა ამ პროცესებში. გახსოვდეთ, პატარებისათვის ემოციური კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უფროს შვილს იმდენი დრო მშობლებისგან აღარ ექნება, რაც დაიკოს დაბადებამდე, მაგრამ დედმამიშვილის გაჩენას დროის დეფიციტი ყოველთვის ახლავს თან. ბავშვებს აქვთ უნარი მიიღონ ეს ახალი მდგომარეობა და ამით ამარცხებენ მათ ეგოცენტრიზმს, რომელის გამოც ჰგონიათ, რომ სამყაროს ცენტრში არიან. ესაა ერთგვარი კრიზისული პერიოდი მათ ცხოვრებაში.
რაც შეეხება დასჯის ძველ მეთოდებს, უმჯობესი იქნება, თუკი დაივიწყებთ მათ არსებობას. თუ გინდათ გქონდეთ რაიმე სახის მეთოდი, მაშინ ეს უმჯობესია გულისხმობდეს ბავშვისათვის იმ ნივთის ან სათამაშოს დროებით ჩამორთმევას, რომელიც მას უყვარს. ან უბრალოდ შეუზღუდეთ დროებით ის, რისგანაც სიამოვნებას იღებს. ესეც უკიდურეს შემთხვევაში.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ესაა დროის გადანაწილება. როდესაც თქვენი უფროსი შვილი თქვენგან ყურადღებას მიიღებს, ის ავტომატურად ბევრად დამჯერი და მშვიდი გახდება. ამის შემდეგ მარტივად შეძლებთ მასთან იმ წესების დამკვირდებას, რომელიც თუნდაც ტუალეტით სარგებლობას შეეხება.
სპეციალისტთან კონსულტაციას რაც შეეხება, სასურველია გამოძებნოთ სულ მცირდე დრო მაინც, ისევ თქვენი და თქვენი შვილების უკეთ ყოფნისათვის.