ასკაობრივ განვითარებას თან ახლავს ის სურთულეები...
"მერე რა რომ ბავშვია, პატარაობიდან უნდა ვასწავლოთ ჭკუა"- არაერთი მშობელი ამბობს ასე, როცა პატარების ცელქობას მომენტალურად მოუღებს ბოლოს. ამ ფრაზაში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, მაგრამ მთავარია, სწავლების ხერხები და ფორმები, როგორ ვეუბნებით ბავშვს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. რა არის ცუდი და რა - კარგი. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ყვირილის, ცემის ალტერნატივა, რაც ბავშვთან საუბარს გულისხმობს .
პატარების მშობლები განსაკუთრებულად ემოციურები ხდებიან მაშინ, როცა ბავშვები იწყებენ დამოუკიდებელად სიარულს, თამაშს და სხვადასხვა აქტივობას. ბუნებრივია, ასაკობრივ განვითარებას თავისებური სირთულეები ახლავს - საჭიროა დავიცვათ პატარების უსაფრთხოება, როდესაც ისინი ცდილობენ შეეხონ მათ გარშემო არსებულ საგნებს. ამ დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა. მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება. ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტილინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება. თუ მშობელი ღელავს და აქვს შიშები, ბავშვს რაიმე სახის ზიანი არ მიადგეს, სასურველია და მნიშვნელოვანია თავადაც ჩაერთოს პროცესში. ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. ასწავლოს მას და განუმარტოს რისი თამაში შეიძლება და რისი არა. თუ არ შეიძლება რატომ არ შეიძლება. ეს ინფორმაცია ბავშვს ისე უნდა მივაწოდოთ, რომ დამთრგუნველი და შიშის მომგვრელი არ იყოს მისთვის.
მერე რა, რომ ბავშვია ...
ხშირია ფაქტები, როცა მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვები უფროსებს ემსაგვსებიან ქცევებით. უჩნდებათ სურვილი პატარებს იარონ მაღალ ქუსლებზე. წაისვან ტუჩასაცხი. მოამზადონ საჭმელი, დარეცხონ ჭურჭელი და ა.შ. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან პატარები როლური თამაშებით არიან დაკავებული. როლური თამაშებით კი ასრულებენ სხვადასხვა როლებს. იგი საშუალებას აძლევს ბავშვს დადგეს სხვა ადამიანის პოზიციაზე, გაითვალისწინოს მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი ქცევა. ამ ტიპის თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც. თუ ეს ყველაფერი განსაკუთრებული ღელვის საგანი ხდება თქვენთვის და ატყობთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში ეს ეტაპი დადგა, მას თვალი მიადევნეთ თამაშისას, არ დატოვოთ უყურადღებოდ, შეინახეთ ნივთები, რომლებთან შეხების სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ, მაგ. დანა, ელექტრო მადუღარა და სხ. ასეთ შემთხვევაში სასურველია ვუყიდოთ მათ ისეთი სათამაშობი, რომელთა დახმარებითაც ვთქვათ, მოირგებს სხვადასხვა მისთვის საინტერესო როლებს.