ბავშვის ხმებს თუ გამოეპასუხები, გაცილებით დაჩქარდება მისი ენობრივი განვითარება ბავშვთან ენის მოჩლექვით საუბარი ყველაზე ბუნებრივი რამაა სამყაროში, მაგრამ ის, თუ როგორ ეკონტაქტებიან მშობლები ახალშობილებს, სერიოზულ გრძელვადიან კვალს ტოვებს ბავშვის ჩამოყალიბებაზე.
აიოვასა და ინდიანას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის ხმებს თუ ინტერაქციით გამოეპასუხები, გაცილებით დაჩქარდება მისი ენობრივი განვითარება.
განსხვავებები ბავშვისა და მშობლის საუბარში
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც მშობლები გამართულად ესაუბრებიან, ენობრივ უნარებს მარტივად და მალევე იყალიბებენ. ის, თუ რამდენად გამართულ კომუნიკაციას ამყარებ ახალშობილთან, ექვსი წლის ასაკში მისი ინტელექტის კოეფიციენტზე საგრძნობლად აისახება.
როდის სწავლობენ ბავშვები საუბარს?
საუბრის შესწავლა გონებრივ და ფიზიკურ უნარებს მოითხოვს, ბავშვის ტვინი ობიექტებს სიტყვებს უნდა უსადაგებდეს. ასაკი, როდესაც ბავშვი საუბარს იწყებს, ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა, თუმცა ექვსი თვისა უკვე ხმებს გამოსცემს და სახელზე რეაგირებას ახდენს. 11-დან 14 თვემდე ბავშვები ცდილობენ ნამდვილი სიტყვების წარმოთქმას. 16 თვისთვის გოგონებს 50-სიტყვიანი მარაგი გააჩნიათ, ბიჭებს კი - 30.
როგორ შეაჩვიოთ ბავშვი საუბარს
დაიმახსოვრეთ, ტირილი პირველ თვეებში ახალშობილისთვის ერთადერთი გზაა, რომ შეგატყობინოთ, რაღაც წესრიგში არაა. მათ შეიძლება შიოდეთ, პამპერსის გამოცვლა სჭირდებოდეთ ან უბრალოდ მოფერება უნდოდეთ. ეცადეთ, სახის ემოციური გამომეტყველება ხშირად შეცვალოთ, მის ჩამოყალიბებაში ეს განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
თქვენი ბავშვი იქამდე ამყარებს კომუნიკაციას, სანამ საუბარს დაიწყებდეს, იყავით ყურადღებით და უპასუხეთ ბავშვის ვერბალურ თუ ფიზიკურ გამოხატულებას. რაც უფრო ხშირად იზამთ ამას, მით მეტად გაუჩნდება ახალშობილს უფრო რთული ინტერაქციის ფორმის შესწავლის სურვილი.
ილაპარაკეთ ბევრი! თქვენი ბავშვი გისმენთ, ამიტომ ესაუბრეთ გაუჩერებლად. რაც უფრო მეტი სიტყვა ესმის ბავშვს, მით უკეთესია.
მოუსმინეთ. როდესაც ახალშობილი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს, მთელი ყურადღება დაუთმეთ მას.
დიალოგი. როდესაც ბავშვი დაიწყებს ხმებისა და რითმების გამოცემას, ისე გაეცით პასუხი, თითქოს ზუსტად გაიგეთ, რა იკითხა. წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრულს ესაუბრებით.
წაუკითხეთ წიგნები. სანამ ბავშვი სიტყვების გარჩევას ისწავლის, წიგნის კითხვა რიტუალურ მოვლენად გაუჯდება გონებაში და ხანგრძლივად ჩაენერგება წიგნების სიყვარული.