3 მიზეზი, რატომ ტყუიან ბავშვები + 6 რჩევა, რომ გადააჩვიოთ
3 მიზეზი, რატომ ტყუიან ბავშვები + 6 რჩევა, რომ გადააჩვიოთ
რატომ იტყუება ჩემი შვილი? - ეს კითხვა არაერთ მშობელს გასჩენია. ეს საკითხი აქტუალური 3 წლის ასაკის შემდეგ ხდება. თქვენი ფუნჩულა და საყვარელი ბავშვი კითხვაზე, "შენ გატეხე სათამაშო?", თავდაჯერებულად გაიშვერს თითს სხვისკენ: "მე არა, ბებომ", თუმცა ნამტვრევი ისევ ხელში უჭირავს. არადა ამაში ძალიან უცნაურიც არაფერია - ცოტ-ცოტა ტყუილი ხომ ყველას გვჭირდება. სამსახურში დაგვიანებისას რაიმეთი თავი უნდა ვიმართლოთ, უხერხული სიტუაციების გასამუხტადაც რაღაცებს ვიგონებთ, ზოგჯერ კი ამა თუ იმ მოვლენის ლამაზად "შეფუთვა" და
გაზვიადება გვიწევს. მაშ ბავშვებს რას ვერჩით? საქმე ისაა, რომ ბავშვი "საჭირო" და "არასაჭირო" ტყუილს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ვერც ზღვარს იცავს, ამიტომ მისი ეს მავნე ჩვევა დასაწყისშივე უნდა შევაჩეროთ.

ყველაზე ხშირი მიზეზები
1. მშობლის ეგოიზმი. უფროსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვისთვის თამაში ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ისინი კი ხშირად უხეშად ერევიან ამ პროცესში. თამაშისთვის შეიძლება ათასგვარი "ხარახურა" დასჭირდეს. დედისთვის ეს უსარგებლო ნივთები მხოლოდ ნაგავია და ცდილობს, სახლში არ შეატანინოს ეს ყველაფერი. ბავშვმაც რა ქნას. იძულებულია ჩუმად, სხვა გზით მიაღწიოს თავისას.

2. შექებისა და ყურადღების დეფიციტი. ზოგჯერ მშობლები ბევრს ითხოვენ ბავშვისგან, ის კი ამ მოლოდინებს ვერ ამართლებს. არადა, ძალიან უნდა მშობლების შექება დაიმსახუროს. ამიტომ მოიგონებს,
თითქოს სკოლაში ან ბაღში რაღაც სხვაზე უეკეთ გააკეთა. ყველამ მოუწონა საქციელი და ბევრი ქება დაიმსახურა. თუ ასეთი სიმპტომი თქვენს შვილს შეამჩნიეთ, დაიოკეთ ამბიციები და ბავშვის მიმართ მოთხოვნები შეცვალეთ.
ხშირად ბავშვი ფანტაზიორობს და ამით იქმნის თავის სამყაროს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც არ მოსწონს რეალურ, მის გარშემო არსებულ სამყაროში. იქნებ მეტისმეტად ხშირად ეჩხუბებით, ან ნაკლებ ყურადღებას აქცევთ და ამისათვის ტყუის - თქვენი ყურადღების მისაქცევად.

3. მოსალოდნელი სასჯელის შიში
როცა ხვდება, რომ ამა თუ იმ საქციელისთვის სასჯელი ელის, ბავშვი ფანტაზიორობას იწყებს. ცდილობს, მშობლების რისხვა თავიდან აიცილოს. როცა უფროსისთვის ტელევიზორის, კომპიუტერის, ეზოში ჩსვლის აკრძალვა სერიოზული არაფერია, ბავშვისთვის ეს ნამდვილ ტრაგედიად შეიძლება იქცეს. ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ თავისი საყვარელ საქმიანობას არ ჩამოაშორონ.

როგორ გადავაჩვიოთ ტყუილს?
5-7 წლის ბავშვი უკვე შეგნებულად ცრუობს. ამიტომ ამ ჩვევის აღკვეთა ყოველთვის უფრო ადრეულ ასაკში ჯობს.

1. უამბეთ, რა საშინელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ტყუილმა. მოუყვანეთ მაგალითები, წაუკითხეთ ზღაპრები, სადაც "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".
2. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ყველაფრის მაგალითს მშობლისგან იღებს, ამიტომ თქვენც ყოველთვის მართალი იყავით შვილების წინაშე.
3. ხშირად უამბეთ შვილს საკუთარ შეცდომებსა თუ წარმატებებზე. მოუყევით მნიშვნელოვანი ამბები. შეიძლება ბევრი ვერაფერი გაიგოს, მაგრამ იგრძნობს, რომ რაღაც გაუზიარეთ. ეს განცდა მის ნდობას თქვენს მიმართ უფრო გაზრდის. როცა ნდობა ექნება, ტყუილიც აღარაფერში დასჭირდება.
4. ტყუილებს ძირითადად 3 წლიდან იწყებენ. ამიტომ ეს პერიოდი არ გამოგეპაროთ. თუ ტყუილში გამოიჭერთ, უთხარით, რომ რაც მოუნდება, გთხოვოთ და დედა ყველაფერს შეუსრულებს.
5. ტყუილი საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის შედეგიცაა. თუ ბავშვს რაღაც კომპლექსები აწუხებს, დროულად მიხედეთ მათ.
6. შეიძლება ტყუის იმიტომ, რომ საიდუმლო აქვს და არ უნდა, რომ შეიტყოთ. გულითადი საუბრები ამ პრობლემისთვის საუკეთესო გამოსავალია. ნუ ეცდებით გამოსტყუოთ ეს საიდუმლო, უკეთესია, თუ მის გამხელას "დაიმსახურებთ".
7466
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```